ახალი ამბებიკომენტარი

სულხან სალაძე: ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაცვლა დაფარული და გაუმჭვირვალე იყო

29 აპრილი, 2016 • 2526
სულხან სალაძე: ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაცვლა დაფარული და გაუმჭვირვალე იყო

საიას იურისტი, სულხან სალაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ დაფარულად მოხდა თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის 4 ჰექტრის გაცვლა სხვა ტერიტორიაში. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება მერიას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვის გარეშე არ უნდა მიეღო.

საქმე ეხება თბილისის ბოტანიკური ბაღის 4 ჰა ტერიტორიას, რომლიც სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის სახლის მფლობელ კომპანია ფინსერვისი XXI-ს  გაუცვალეს და სანაცვლოდ მიიღეს 4 ჰექტარი სხვა ადგილას. ბოტანიკური ბაღი აცხადებს, რომ ეს მათთვის დადებითი ცვლილებაა, ვინაიდან “აუთვისებელი ქვა-ღორღოვანი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, შემოუერთდა მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ვაკე–ტერიტორია თაბორის მთაზე”.

უკვე გაცვლილი ტერიტორიის მიმდებარედ არის გამოცხადებული აუქციონი 30 ჰა ტერიტორიაზე, სადაც სასტუმროს აშენება იგეგმება.

“აუქციონის განაცხადი გამოქვეყნებულია და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ტერიტორია, რომელიც გაიცვალა და რომელიც აუქციონზე არის გამოტანილი, სამომავლოდ ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული,”- ამბობს სულხან სალაძე.

სულხან სალაძემ ნეტგაზეთთან ასევე ისაუბრა იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც, მისი თქმით, ტერიტორიის გაცვლის პროცესს ჰქონდა:

“ეს პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო ბოტანიკური ბაღის შემადგენლობაში არსებული ტერიტორიის გაცვლასთან, იყო აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და დაფარული. გარდა ამისა, საუბარი იმაზე, რომ ბოტანიკურ ბაღთან ხანგრძლივი დისკუსია და მოლაპარაკება მიდიოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, სწორედაც არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი იყო ღია და გამჭვირვალე. ვინაიდან თუკი საზოგადოება არ არის ინფორმირებული მსგავსი ტიპის საკითხებზე, არც ერთ შემთხვევაში, რომელიმე ტიპის უწყებასთან ან კერძო კომპანიასთან მოლაპარაკება არ შეიძლება განვიხილოთ ღიაობის და საჯაროობის მაღალ სტანდარტად.

თბილისის ბოტანიკურ ბაღს 2007 წლის პირველ ოქტომბერს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, არსებობს დანართი და ამ დანართში პირდაპირ არის აღნიშნული თბილისის ბოტანიკური ბაღი. იქ არანაირი დათქმა არ არის, რომ რომელიმე ნაწილს ენიჭება სტატუსი და არა მთლიანად ბოტანიკურ ბაღს. საუბარია ზოგადად ბოტანიკური ბაღისთვის სტატუსის მინიჭებაზე. გარდა ამისა, როცა თბილისის მერია საუბრობს, რომ ადგილი, რომლის დაკორექტირება და გაცვლაც მოხდა, არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, არის მხოლოდ განცხადება, მაგრამ კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნაწილი არ წარმოადგენდა კულტურულ მემკვიდრეობას, ბუნებრივია, მსგავსი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე და სხვა წყაროებში, როდესაც ვსაუბრობთ ბოტანიკურ ბაღზე, ის ტერიტორია, რომელიც დაკორექტირებულია, შესული იყო ბოტანიკური ბაღის შემადგენლობაში.

ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ტერიტორია მართლაც არ წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილს, ეს პირდაპირ არ ნიშნავს, რომ თბილისის თვითმმართველობას შეეძლო, მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო. მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ ძეგლს აქვს ინდივიდუალური და ზოგადი დაცვის ზონები და ამ ზონების არსებობა- არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავად ძეგლი იყოს ის კონკრეტული ტერიტორია- საჭიროს ხდის გადაწყვეტილებების მიღების დროს უშუალო კომუნიკაციას კულტურის სამინისტროსთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. ეს ორი უწყებაა სწორედ საქართველოში პასუხისმგებელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე და თუკი ამით რაიმე ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს,”- ამბობს სულხან სალაძე.

მისივე განცხადებით, მათ უკვე ოფიციალურად მიმართეს კულტურის სამინისტროს, რომ გამოუგზავნონ ბოტანიკური ბაღის პასპორტი, სააღრიცხვო ბარათი და ყველა ის დოკუმენტი, რითად შესაძლებელი გახდება ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვება.

სულხან სალაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე მიიღებენ მას შემდეგ, როდესაც ამ საკითხის ირგვლივ მეტ ინფორმაციას შეაგროვებენ.

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გაცვლასთან დაკავშირებით თბილისის მერიასთან აქცია გამართა ნაციონალურმა მოძრაობამ. ისინი მოითხოვდნენ, რომ ტერიტორია კვლავ ბოტანიკურ ბაღს დაუბრუნდეს. ნიკა მელიას განცხადებით, 3 მაისიდან იგეგმება აქციების განახლება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი