ახალი ამბები

ფინსერვისი XXI: ტერიტორიის გაცვლით ბოტანიკურ ბაღში ინვესტიცია განხორციელდა

27 აპრილი, 2016 • 1361
ფინსერვისი XXI: ტერიტორიის გაცვლით ბოტანიკურ ბაღში ინვესტიცია განხორციელდა

შპს “ფინსერვისიXXI”, რომელიც ქართველ მილიარდერ და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, თბილისის ბოტანიკურ ბაღთან ტერიტორიის გაცვლის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით გაცვლის ინიციატორი კომპანია “ფინსერვისი ” იყო.

“შპს ფინსერვისი XXI“-მა  მიმართა ქალაქ თბილისის მერიას მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების, ე.წ. „წითელი ხაზების“ კორექტირების თხოვნით, რომლის თანახმად, აღმოიფხვრა ბოტანიკური ბაღის მიწის ნაკვეთთან გადაფარვა და ფართობების უცვლელად განხორციელდა ორივე ნაკვეთის საზღვრების კორექტირება. შედეგად ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო შპს „ფინსერვისი XXI“-ის მიერ მოვლილი, ახალი ხეებით დარგული, სარწყავი სისტემებით განაშენიანებული, ვიზიტორთათვის საფეხმავლო ბილიკებითა და მიმართულებების მაჩვენებელი ნიშნებით მოწყობილი ტერიტორია. თავის მხრივ, ბოტანიკურმა ბაღმა შპს „ფინსერვისი XXI“-ს გადასცა ბოტანიკური ბაღის მიზნებისათვის გამოუსადეგარი, ქვა-ღორღიანი ფერდობი.

შპს „ფინსერვისი XXI“-ს ქმედებით კანონი არათუ დარღვა, პირიქით, განხორციელდა ინვესტიცია ბოტანიკურ ბაღში, ვინაიდან 2007 წლიდან შპს „ფინსერვისი XXI“-მა მერიისგან შეძენილ მიწის ნაკვეთზე განახორციელა რამოდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია. აღნიშნული ფაქტი კარგად არის ცნობილი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის ირაკლი აბესაძესათვის, ვინც იმ დროს მუშაობდა თბილისის მერიაში და რომელიც დღეს მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით აქტიურად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – ნათქვამია “ფინსერვისი XXI”-ის განცხადებაში.

კომპანია “ფინსერვისი XXI” სოლოლაკში მდებარე იმ ბიზნესცენტრის მფლობელია, რომელშიც ამჟამად ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს. ივანიშვილი ბიზნესცენტრს ამ კომპანიისაგან ქირაობს.

ტერიტორია, რომელიც ბარტერის ფარგლებში ფინსერვისს გადაეცა და რომელიც ბაღის ადმინისტრაციის შეფასებით: "აუთვისებელი ქვა-ღორღოვანი განაპირა ფერდობია"

ტერიტორია, რომელიც “ფინსერვისს”  გადაეცა და რომელიც ბაღის ადმინისტრაციის შეფასებით, “აუთვისებელი ქვა-ღორღოვანი განაპირა ფერდობია”. 25 აპრილი, 2016; ფოტო: ნეტგაზეთი/დავით ქოქოშვილი;

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი