ახალი ამბები

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განმარტებით, მათ 4 ჰექტარი მიწა სხვა ტერიტორიაში გაცვალეს

26 აპრილი, 2016 • 4520
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განმარტებით, მათ 4 ჰექტარი მიწა სხვა ტერიტორიაში გაცვალეს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მელიას ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის კუთვნილი 4 ჰექტარი მიწა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გადაეცა:

“საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია დადებითად და ბაღისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბაღის ტერიტორიის საერთო ფართობის უცვლელად, საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშული გადაწყვეტილება ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ხანგრძლივი კონსულტაციის შედეგად იქნა მიღებული.

ფართის კორექტირებით ბოტანიკურ ბაღს სამხრეთ – დასავლეთ ნაწილში აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი ქვა-ღორღოვანი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, შემოუერთდა მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ვაკე – ტერიტორია თაბორის მთაზე.

აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გაშენებულია ხეხილოვან მცენარეთა კოლექცია, მიმდებარე ტერიტორიას ბაღის თემატური განვითარებისათვის დიდი პოტენციალი გააჩნია. გარდა ამისა, შემოერთებული ტერიტორიით ბოტანიკური ბაღი უშუალოდ დაუკავშრდება “კრწანისი-შინდისის” ახალ გზას, რის შედეგადაც ბაღში გაჩნდება ახალი ალტერნატიული შესასვლელი. ასევე, თაბორის მთაზე მოეწყობა ახალი ტურისტული მარშრუტი. რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ქალაქისა და ბოტანიკური ბაღის საუცხოო ხედების დათვალიერება.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფართის კორექტირებით ბოტანიკურმა ბაღმა შემოიერთა მცენარეთა კოლექციის გაზრდისათვის ხელსაყრელი, ნაყოფიერი და საპარკე ნაწილის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც ხელს შეუწყობს ბაღის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურ განხორციელებას.

ვთხოვთ ჩვენს თანამოქალაქეებს საკითხის შეუსწავლელად, ზედაპირული ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნუ გამოიტანენ დასკვნებს, რადგან ამ საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტირებით და თემის ხელოვნური აქტუალიზაციით არ დაზარალდეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ინტერესები და განვითარების პერსპექტივა.

ნებისმიერ მხარეს განცხადების გაკეთებამდე ჩვენთვის რომ მოემართა, ავუხსნიდით, რომ ბოტანიკური ბაღისთვის ეს გაცვლა ძალიან მომგებიანი და სასარგებლოა, რაც ტერიტორიების უბრალო დათვალიერებითაც კი ნათლად ჩანს.

მივმართავთ ყველა მოქალაქეს, თბილისის მოსახლეობას, ვისთვისაც ბოტანიკური ბაღის ბედი სულერთი არ არის- წინასწარი დასკვნების გამოტანამდე ეწვიეთ თბილისის ბოტანიკურ ბაღს, საკუთარი თვალით იხილეთ გაცვლილი ტერიტორიები და თავად დარწმუნდებით, რომ ამ ტერიტორიების გაცვლა ბოტანიკური ბაღის განვითარებისთვის მომგებიანი და ძალიან სასარგებლოა”, – აცხადებენ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ცნობით, “ბიძინა ივანიშილთან დაკავშირებულმა კომპანიამ “ფინსერვის XXI” ბოტანიკური ბაღის კუთვნილი ტერიტორიის 4 ჰექტარი მიიერთა”. მელიას ცნობით, სწორედ ამ კომპანიაზეა რეგისტრირებული ივანიშვილის კუთვნილი ბიზნეს-ცენტრი, რომელსაც ექსპრემიერი კომპანიისაგან ქირაობს.

ნიკა მელიამ დღეს საკრებულოს “ნაციონალ” წევრ ირაკლი აბესაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მეორე ინფორმაციაც გახადა საჯარო, რომელიც ასევე ივანიშილს უკავშირდება:

“შარშან, წლის ბოლოს კრწანისი – შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში მოიჭრა 540 ხე და გაზსადენის მილის გადატანაში მერიამ 700 000 ლარი დახარჯა. აქ თითქოს არაფერი უცნაური არ იქნებოდა, რომ არა აფიორა.

დღეის მდგომარეობით ამ ტერიტორიაზე ( 29 ჰექტარი) ახალი გზა აღარ გავა. 22 აპრილს მერიამ გამოაცხადა აუქციონი, რომელიც 8 დღეში დასრულდება ( 3 მაისი) და აუქციონზე გაიყიდება სწორედ ის ტერიტორია, რომელზეც კრწანისი – შინდისის გზა უნდა გაშენებულიყო – ვინ იქნება მყიდველი, ადვილად პროგნოზირებადია! ეს 29 ჰექტარიც ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მდებარეობს და პრაქტიკულად ესაზღვრება ბოტანიკური ბაღისთვის წართმეულ იმ 4 ჰექტარს!

ამ წუთიდან ჩვენ 2 კატეგორიული მოთხოვნა გვაქვს:

1. ივანიშვილმა დააბრუნოს თბილისის ბოტანიკური ბაღის მიტაცებული ტერიტორია.

2. დღის განმავლობაში ნარმანიამ გააკეთოს საჯარო განცხადება, რის შედეგადაც იგი საზოგადოების წინაშე პირობას დადებს და გააუქმებს უკანონო გადაწყვეტილებებს!

დამატებით დეტალებს ხვალ/ზეგ გაცნობებთ ფბ და მედიასაშუალებებით! მე პირადად არ ვაპირებ შევეგუო ამ თავხედურ და დამცინავ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, ამ საკითხის გარშემო მთელი თბილისი გაერთიანდება!

პ.ს. ახლა უკვე ადვილი გასაგებია, თუ რატომ გაათავისუფლეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი…”, – წერს მელია ფეისბუკით გავრცლეებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი