თბილისის მერია ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 30 ჰა მიწას სასტუმროს ასაშენებლად აუქციონზე ყიდის.
აუქციონის პირობების თანახმად, საწყისი ფასი 6 მილიონ 233 ათასი ლარია. გამარჯვებული კომპანია იქნება ვალდებული, რომ სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში ააშენოს სულ მცირე 80-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20000 კვ.მ.
აუქციონის პირობების მიხედვით, სასტუმრო კომპლექსისთვის არანაკლებ 50 სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს.
აუქციონის გამარჯვებული ვალდებული იქნება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.
აუქციონი 22 აპრილსაა გამოცხადებული და 3 მაისს დასრულდება. მერიის ინფორმაციით, ტერიტორიას აქვს სარეკრეაციო ზონა 2 -ის სტატუსი.
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ მერია არ აპირებს ამ აუქციობის გაუქმებას. ის სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს საჭიროებას ასე განმარტავს:
” როდესაც ხდება ინფრასტრუქტურული განვითარება, ახალი გზის განვითარება მოიცავს თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარებას. რადგან ეს მხარე თბილისში არის ჯერ კიდევ აუთვისებელი და გზის გაყვანა იძლევა ახალ შესაძლებლობებს, რატომაც არა?! – გზის მიმდებარე ტერიტორიებზე, ისევე როგორც თბილისთან დამაკავშირებელ გზებზე, არსებობს მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები, იგივე რესტორნები. რატომ არ შეიძლება ამ გზაზეც არსებობდეს მსგავსი რამე, თუ ეს იქნება თბილისელებისა და სტუმრებისთვის საინტერესო? ეს არის ბოტანიკური ბაღისგან საკმაოდ მოშორებული ტერიტორია. მერია არ აპირებს აუქციონის გაუქმებას”.
დღეს, 27 აპრილს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა კითხვით მიმართეს უმრავლესობის წევრებს, რატომ შეცვალეს ამ ტერიტორიაზე თავდაპირველად განსაზღვრული შემოვლითი გზის მშენებლობა და მის ნაცვლად რატომ აშენებენ სასტუმროს?