ახალი ამბები

ქარდავა: მაჟორიტარული სისტემა ხელისუფლების უზურპაციის საშუალებას იძლევა

28 აპრილი, 2016 • 1447
ქარდავა: მაჟორიტარული სისტემა ხელისუფლების უზურპაციის საშუალებას იძლევა

დღეს, 28 აპრილს პარლამენტში არასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი გაიმართა.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, “ქართული ოცნება” მაჟორიტარული სისტემით ხელისუფლების უზურპაციას ცდილობს:

“საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს ის მანკიერი სისტემა, რომელიც მას მაჟორიტარების ხარჯზე საშუალებას აძლევს მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია. ხელისუფლება არ არის დარწმუნებული 2016 წლის არჩევნებში საკუთარ გამარჯვებაში და ამ მანკიერი სისტემით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას”.

ქარდავას მტკიცებით, მოქმედი საარჩევნო სისტემა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საფრთხეა:

“ეს იქნება გამოწვევა და საფრთხე ჩვენი სახელმწიფოს ევრო-ატლანტიკური კურსისთვის, ვიზების ლიბერალიზაციისთვის და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ საზოგადოება, უამრავი პოლიტიკური ძალა და არასამთავრობო ორგანიზაცია,  ხელისუფლებას უფლებას არ მივცემთ,  რეალური საარჩევნო რეფორმა დაასამაროს. ”

ამ წუთებში პარლამენტის სხდომაზე საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებულ კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ. დეპუტატებს კანონპროექტს მამუკა კაციტაძე აცნობს.

კანონპროექტის მიხედვით, რომლის ინიცირებას ხელს 200 ათასი მოქალაქე აწერს,   2016 წლის არჩევნებისთვის პარლამენტი დაკომპლექტდება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო-პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი