ახალი ამბები

ბოტანიკურთან მდებარე 30 ჰა მიწის ნაკვეთს აუქციონამდე ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი შეუცვალეს

27 აპრილი, 2016 • 2401
ბოტანიკურთან მდებარე 30 ჰა მიწის ნაკვეთს აუქციონამდე ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი შეუცვალეს

ბოტანიკურ ბაღთან მდებარე 30 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის გასაყიდად გამოტანამდე, თბილისის მერიის თხოვნით, საკრებულომ ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი შეუცვალა, თუმცა მერიას საკრებულოსთვის არ განუმარტავს, რომ ამ ადგილას სასტუმრო აშენდებოდა.

თბილისის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზონის შეცვლის მოთხოვნით 2016 წლის 16 მარტსაც მიმართა და 17-შიც, ხოლო საკრებულომ ზონის შეცვლის მოთხოვნას 18 მარტს დაუჭირა მხარი.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ მერიისგან საკრებულოში შეტანილ დოკუმენტში ეწერა, რომ ზონის შეცვლა საჭირო იყო იქ გამავალი გზისთვის, თუმცა ნახსენები არ ყოფილა, რომ ზონის შეცვლა სასტუმროს მშენებლობისათვის იყო საჭირო.

“მე არ მინდა გამოვიყენო განმარტება უნიჭო, უხეირო ტყუილზე, რომელსაც იგივე ვირეშმაკობა ჰქვია. ბოდიშს ვიხდი. მაგრამ საბოდიშოც არაფერია. როდესაც 16 მარტს შემოსულ დოკუმენტში მოდის სხვა ჟღერადობის, 17-ში კიდევ სხვა, ხოლო 18-ში განხილულ საკითხსა და საკრებულოს სხდომაზე შემოტანილს შორის არის განსხვავება”, – განაცხადა საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ.

“პირველი, მინდა გაგახსენოთ, რომ საკრებულოს ფუნქციებში შედიოდა სააუქციონო ნუსხის დამტკიცება. კანონით თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოართვა საკრებულოს ეს უფლება. თქვენ ჩამოგართვათ, მეგობრებო, კოლეგებო, ზოგო ძვირფასო და ზოგო არაძვირფასო, მაგრამ მაინც კოლეგებო, და თქვენ ეს უფლება აღარა გაქვთ. დროულად შეიძლებოდა კიდევ ამაში ჩახედვა, აქ რომ შემოსულიყო ეს ნუსხა”, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” სევდია უგრეხელიძემ.

დოკუმენტში, რომელიც მერიამ გააგზავნა საკრებულოში, შეეხებოდა “დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანას.

“კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის მიზნით დაზუსტდეს კონტური სარეკრეაციო ლანდშაფტურ ზონასა, სატრანსპორტო ზონა 1-სა და სარეკრეაციო ზონა 2-ს შორის. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა იცვლება სატარანსპორტო ზონა 1-ით და სარეკრეაციო ზონა 2-ით, წერია დადგენილებაში.

2016 წლის მარტამდე აღნიშნულ 30 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სტატუსის მქონე მიწაზე მშენებლობა დაუშვებელია. ამას ადგენს “მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ მთავრობის დადგენილება.

თუმცა სარეკრეაციო ზონა 2-ის, იგივე რზ2-ის, შემთხვევაში, შესაძლლებელია, რომ აშენდეს ზოოპარკი, კაფე, რესტორანი, ავტოსადგომი და სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების ნაგებობა. რზ2-ისთვის გამოყოფილია კ1- 0.2 კოეფიციენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველ 1000 კვადრატულ მეტრზე მშენებლობის ფართობი არ უნდა იყოს 200 მეტრზე მეტი.

იურისტი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წევრი, ერეკლე ურუშაძე ამბობს, რომ კანონით დაშვებული სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე მერიამ მშენებელს ინდივიდუალურად უნდა შეუთანხმოს პროექტი. მისი განმარტებით, ზონალური შეთანხმება უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ პირობებს.

“თითოეულ ზონაში არის ჩამონათვალი, რაც შეიძლება აშენდეს ჩვეულებრივი სამშენებლო ნებართვით და არის დამატებით მეორე სია ყოველი ზონისათვის შენობების, რომელიც გამონაკლისის სახით შეიძლება აშენდეს და ამისთვის საჭიროა სპეციალური ზონალური შეთანხმება. რზ2 ზონაში სასტუმრო გამონაკლისის სახით შეიძლება აშენდეს და ამ გამონაკლისს კანონის ენაზე ჰქვია სპეციალური ზონალური შეთანხმება”, – განმარტავს ერეკლე ურუშაძე.

თბილისის მერია ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 30 ჰა მიწას სასტუმროს ასაშენებლად აუქციონზე ყიდის.

აუქციონის პირობების თანახმად, საწყისი ფასი  6 მილიონ 233 ათასი ლარია. გამარჯვებული კომპანია იქნება ვალდებული, რომ სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში ააშენოს სულ მცირე 80-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20000  კვ.მ.

აუქციონის პირობების მიხედვით, სასტუმრო კომპლექსისთვის არანაკლებ 50 სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს.

ამ ტერიტორიაზე გაივლის შემოვლით გზაც,, რომელიც შინდისსა და კრწანისს ერთმანეთთან დააკავშირებს. თბილისის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, ეს გზა პანორამა-თბილისის გამო უნდა აშენდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი