ახალი ამბები

გედევან ფოფხაძე: პროპორციულ საარჩევნო სისტემას კატეგორიულად არ ვუჭერ მხარს

22 აპრილი, 2016 • 1333
გედევან ფოფხაძე: პროპორციულ საარჩევნო სისტემას კატეგორიულად არ ვუჭერ მხარს

“კატეგორიულად არ ვუჭერ მხარს პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მხარს ვუჭერ მაჟორიტარულს,” – ეს განცხადება  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა სხდომაზე გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

გედევან ფოფხაძის თქმით, ამომრჩევლისთვის ორ ადამიანს შორის არჩევა უკეთესია, ვიდრე ორ პარტიას შორის:

“როდესაც ადამიანი ირჩევს ორ პიროვნებას შორის, ეს გაცილებით უკეთესი არჩევანია მისთვის, ვიდრე როდესაც ორ პარტიას შორის ირჩევს. მე არ გამოვდივარ ჩემი პასიური საარჩევნო ხმის ინტერესიდან, არამედ აქტიური საარჩევნი ხმის ინტერესიდან.   მე, როგორც ამომრჩეველს, მირჩევნია ავირჩიო ორ ადამიანს შორის. ეს ჩემი პრინციპული პოზიცია არის, ყოველთვის ასეთი იყო,” – განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, გუნდისგან განსხვავებული აზრის მიუხედავად, კომპრომისზე წავა და საარჩევნო სისტემის თაობაზე მომზადებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს მხარს დაუჭერს:

“ჩემი პოზიცია უკან წავიღე და ვთქვი, რომ ამ ვარიანტს ხმას მივცემ. ჩემთვის ეს ვარიანტი არის კომპრომისი. მიუხედავად ჩემი სიმპათია-ანტიპათიისა სხვადასხვა საარჩევნო სისტემის მიმართ, მგონია, რომ კომპრომისების ვალდებულება ყველას გვაქვს, როცა გუნდის წევრი ვართ. ”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები განიხილავენ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის  თანახმად, საქართველოს პარლამენტი შედგება 4 წლის ვადით არჩეული 150 პარლამენტის წევრისგან. პარლამენტის წევრები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, პროპორციული საარჩევნო სისტემით,  მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით.

ამასთან, საარჩევნო ბარიერი 4 პროცენტამდე მცირდება, კერძოდ –  პარლამენტის წევრთა მანდატები შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებიც მიიღებენ ყველა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ხმების 4%-ს მაინც. ყოველ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს  შორის პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მათ მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების პროპორციულად ორგანული კანონით დადგენილი წესით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი