ახალი ამბები

TI: ხელისუფლება არ ასრულებს EU-ს პირობებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად

29 თებერვალი, 2024 • 612
TI: ხელისუფლება არ ასრულებს EU-ს პირობებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) განცხადებით, ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის პირობებს, რომლებიც საჭიროა, ერთი მხრივ,  თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად, ხოლო, მეორე მხრივ, წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების სტადიაზე გადასასვლელად.

TI-ის განცხადებით, ამის ნათელი მაგალითია თებერვალში პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები, რომლებიც მთლიანად უგულებელყოფს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, წინააღმდეგობაშია ევროკომისიის 9 დათქმასთან.

„მივესალმებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს ამ ცვლილებებს და ვიმედოვნებთ, რომ მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის უკან დაბრუნებულ კანონპროექტში სრულად იქნება ასახული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მმართველ უმრავლესობას კი მოვუწოდებთ, რეალური საარჩევნო რეფორმის ჩატარების ეს შანსი ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან, რათა ქვეყანამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეძლოს და არ დაბრკოლდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით,  ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საარჩევნო კანონმდებლობის და პრაქტიკის კომპლექსური და ღრმა რეფორმაა საჭირო, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ევროკომისიის მოთხოვნები და ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაცია.

ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია ამ მიმართულების რაც შეიძლება სწრაფად გადაიდგას ნაბიჯები.

გარდა ამისა, TI კრიტიკულად აფასებს 26 თებერვალს  „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ დარეგისტრირებულ საკანონმდებლო ინიციატივას. კანონპროექტი ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრის მიერ პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო პარტიის დარჩენილი ქონების სახელმწიფო ხაზინისთვის გადაცემას იმ შემთხვევაში, თუ პარტია ბიუროს 2 წლის განმავლობაში არ წარუდგენს ფინანსურ დეკლარაციას.

„პარტიის გაუქმების შესახებ ინიციატივა მიგვაჩნია არაკონსტიტუციურად, რადგან პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია და მხოლოდ ამომწურავად განსაზღვრული საფუძვლებით“, – აცხადებენ TI-ში.


2023 წლის 15 დეკემბერს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო იმ დათქმით, რომ ქვეყანა შეასრულებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 მოთხოვნას.

ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ საარჩევნო გარემოსთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი და სრულად უნდა იქნეს შესრულებული ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი