ახალი ამბები

“მაპი” – ქართული მითი, თუ რეალობა?

11 ოქტომბერი, 2011 • • 2429
“მაპი” – ქართული მითი, თუ რეალობა?
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 57–ე სესიის ფარგლებში აშშ–ს დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე პოზიცია 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის – “მაპის” (MAP) მინიჭებასთან დაკავშირებით.

რამდენად გაიზარდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის – “მაპის” მინიჭების შანსები და უნდა ელოდეს თუ არა ქართული დელეგაცია მსგავს შეთავაზებას 2012 წლისთვის დაგეგმილ ჩიკაგოს სამიტზე?

სამხედრო ექსპერტების შეფასებით,  ევროპა გარკვეულწილად შეაფასებს იმ შეცდომებს, რაც 2008 წლის აპრილში ბუქარესტში საქართველოს მიმართ იქნა დაშვებული, თუმცა ეს არ იძლევა იმის სრულ გარანტიას, რომ საქართველო მოახლოებულ სამიტზე სრულ თანხმობას მიიღებს.

ექსპერტი ნატოს საკითხებში, ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ თეორიული შესაძლებლობა “მაპის” მიღებისა არსებობს, თუმცა გართულდება კონკრეტული კონსესუსის მიღწევა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს საკითხზე.

“2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდგომ საქართველო–ნატოს ურთიერთობებში გარკვეული პროგრესია, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს – “მაპის” მიღებას, ეს, კიდევ ვიმეორებ, კონსესუსის საკითხია,” – აღნიშნავს ჩიტაძე.    

ექსპერტი სამხედრო საკითებში გიორგი თავდგირიძე 2012 წლის ჩიკაგოს სამიტს საქართველოსთვის გარკვეული პოზიტიური შეთავაზებებისა და ორმხრივ ურთიერთობებში ცვლილებების განხორცილების სამიტად მიიჩნევს.  

“ამის თქმის წინაპირობის საფუძველს მაძლევს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის თბილისში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება, რომელიც შესაძლოა,  მოახლოებულ ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის დადებითად  აისახოს (განსხვავებით ბუქარესტის 2008 წლის სამიტისგან, როდესაც საფრანგეთი ჩვენ წინააღმდეგ წავიდა). ეს განცხადება იმას ნიშნავდა, რომ საფრანგეთი საქართველოსთვის “მაპის” მინიჭების წინააღმდეგი არ იქნება. თუმცა, ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა იქნება გერმანიის, ჰოლანდიისა და სხვა წევრი ქვეყნების პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ანუ იმ ქვეყნებისა, რომლებიც 2008 წელს საქართველოსთვის “მაპი”–ს გადაცემის წინააღმდეგი იყვნენ,” –  აღნიშნა თავდგირიძემ.

თბილისში ვიზიტით მყოფმა  საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის მისწრაფებას ნატო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღნიშნა: “საქართველომ თავისუფლად უნდა გამოხატოს საკუთარი მისწრაფება ნატოში გასაწევრიანებლად, თუ მის ხალხს ეს ასე სურს და თუ ალიანსის წევრებიც ამის მომხრენი იქნებიან”.

ექსპერტის შეფასებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების “მოწინაარმდეგეთა ბანაკს” ექნება თავისი არგუმენტები, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისა და კონფლიქტების სახით.

“დღესდღეობით, როგორც ვაკვირდებით, ევროპას საკმაოდ მოუქნელი პოზიცია აქვს კონფლიქტების მოგვარების საკითხში და ამ ეტაპზე ისინი დაკავებულნი არიან ეკონომიკური პრობლემებით. შესაბამისად, რაიმე აქტიური, ხელშესახები, ჩამოყალიბებული ხედვა, როგორ მოგვარდეს კავკასიაში კონფლიქტები, მათ არ აქვთ. ანუ ამ ეტაპზე მათ აწყობთ, რომ კონფლიქტების თემა იყოს დაკონსერვებული. ყოველ შემთხვევაში, ასე სჩანს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე არგუმენტი შეიძლება იყოს, რომ “მაპი” იქნება მუხრუჭი რუსეთისათვის. თუ იმასაც  გავითვალისწინებთ, რომ რუსეთში მოდის სავარაუდოდ აგრესიული ძალა პუტინის სახით, შესაბამისად, რეგიონში ატლანტიკური ალიანსის ფაქტორი შეიძლება  შემაკავებელი იყოს,” – აღნიშნავს თავდგირიძე.

ექსპერტი ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგს, რომელიც საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციას ეხება, მოულოდნელად არ აფასებს.

“ნატო–ში ინტეგრაცია  ყველაზე გაპიარებული თემაა საქართველოში. შესაბამისად, გამოკითხულთა უმრავლესობის (74 პროცენტის) პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოულოდნელი არ არის.  დღეს ქართველების პრობლემა ისაა , რომ მაპს და ნატოს ვუყურებთ, როგორც პანაცეას. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვართ ის ერი და სახელმწიფო, რომელსაც აქვს აქტიური პოლიტიკა. ანუ ჩვენ ვართ რაღაც პასიურ მდგომარეობაში, ვიგერიებთ საფრთხეებს და არ ვცდილობთ, რომ ჩვენი ინტერესები გავატაროთ. თუ ამ თვალსაზრისით შევაფასებთ, მაპი არის დარჩენილი ტერიტორიების უსაფრთხოების შენარჩუნების უსაფრთხოების ფაქტორი. ეს იმას ნიშნავს, რომ არეალი, რომელიც შემოგვრჩა, როგორმე მაინც შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ,” – აღნიშნა ექსპერტმა.

რაც შეეხება ავღანეთში ქართველთა კონტიგენტის რაოდენობის შესაძლო გაზრდას, ექსპერტები სამხედრო საკითხებში თვლიან, რომ ავღანეთში საქართველოს კონტიგენტის რაოდენობა იმდენად დიდია, ახლა მის გაზრდაზე  საუბარი არ იგეგმება.

“სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა ამ ეტაპზე ათასის ფარგლებშია. თუ კიდევ დამატებითი მოკლევადიანი პროექტები დაგვემატა, დაახლოებით 1 100 კაცამდე შეიძლება გაიზარდოს. ქართულ არმიას აქვს რაოდენობის გაზრდის პოტენციალი, მაგრამ ოფიცერთა რაოდენობა ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო დიდი კონტიგენტი ვიყოლიოთ ავღანეთის ოპერაციებში. ცხადია, 1 000 სამხედრო ავღანეთის ოპერაციებში  ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.  ნატო და აშშ მუდმივად ანხორციელებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მონიტორინგს და გამორიცხულია, რომ რაიმე სახის გაზრდაზე იყოს საუბარი,” – აღნიშნავს თავდგირიძე.
ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ნოემბრის დასაწყისში ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის დაგეგმილი ვიზიტი თბილისში გარკვეული შემზადება იქნება საქართველოსთვის მომავალი 2012 წლის ჩიკაგოს სამიტისთვის.

“ამ შეხვედრებზე გადაწყდება ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, გაიზრდება თუ არა ავღანეთში ქართველი სამხედროების კონტიგენტი,” – განაცხადა ჩიტაძემ.

ავღანეთში მისიის დროს დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობაა უკვე ათია და ამ მაჩვენებლით საქართველოს ნატოს მოკავშირე და წევრ ქვეყნებს შორის მე–12 ადგილი უკავია.

მასალების გადაბეჭდვის წესი