საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირი ხვალიდან პერმანენტულ აქციებს გამართავს.
პირველი აქცია ხვალ, 22 სექტემბერს, 15:00 საათზე, თბილისში, “ევრაზიან სთილსის” ცენტრალურ ოფისთან გაიმართება. ამის შემდეგ კი აქციები გაიმართება საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, პარლამენტთან, სახელმწიფო კანცელარიასთან და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებთან.
1 ოქტომბერს, როდესაც პატიმრობიდან გათავისუფლდებიან 18 სექტემბერს ქუთაისში დაკავებული მეტალურგები, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამართავენ აქცია–მსვლელობას ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე. აქცია საქართველოში სოციალური სამართლიანობის, შრომის, გაფიცვისა და ადამიანის სხვა ძირითადი უფლებების განხორციელების კუთხით საქართველოში არსებულ პრობლემებს მიეძღვნება.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირი კატეგორიულად მოითხოვს პარლამენტისგან, განიხილოს ქუთაისელი მეტალურგების გაფიცვასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, მიმართავს პრეზიდენტსა და პროკურატურას, გამოძიებული იქნას ქუთაისში მიმდინარე გაფიცვის მონაწილეების უკანონოდ დასჯა, “იმერეთის გუბერნატორის ხელმძღვანელობით და გამოვლენილ იქნან მათთან ერთად მოქმედი სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც ამ უკანონო ქმედებაში მონაწილეობდენ.”
პროფკავშირებში აცხადებენ, რომ უცხოელი მეგობრების ხელშეწყობით, პარასკევს, 23 სექტემბერს, ისინი 1000–1000 ლარს გადასცემენ დაკავებული ქუთაისელი მეტალურგების ოჯახებს. ამასთანავე, ქარხანა “ჰერკულესის” გაფიცული თანამშრომლების მხარდასაჭერად საქართველოს პროფკაშვირი სოლიდარობის ფონდის შექმნასაც აპირებს.
“ევრაზიან სთილსის” საკუთრებაში არსებული ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა “ჰერკულესის” თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნითა და პროფკაშვირების მხარდაჭერით 13 სექტემბერს გაიფიცნენ. რამდენიმე მათგანმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, თუმცა, 15 სექტემბერს გაფიცულების აქცია პოლიციამ დაშალა და რამდენიმე მეტალურგი დააკავა, რომლებიც მოგვიანებით, ხელწერილების დადების შედეგად გაათავისუფლა.
18 სექტემბერს კი სამი მეტალურგი, რომლებიც გაფიცვაში მონაწილეობდნენ, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლის მიხედვით დააკავა, რაც სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულებს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ათდღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ამავე თემაზე: