ახალი ამბები

“სოლიდარობა მუშებს!” [video]

16 სექტემბერი, 2011 • 1200
“სოლიდარობა მუშებს!” [video]

– თუ არ შეცვლით შრომის კოდექსს, არ ვნახავთ “ქეთო და კოტეს”!

– აცალეთ პატიოსან მუშებს მუშაობა!

– სოლიდარობა მუშებს!

ამ შინაარსის პლაკატებით გამოეხმაურნენ ქუთაისის მერიის წინ შეკრებილი ახალგაზრდები ქარხანა “ჰერკულესის” გაფიცული მუშების გუშინდელი დაკავების ფაქტს. სოლიდარობის აქციის ამ ფორმით გამართვა დღეს სოციალური ქსელების მეშვეობით დაიგეგმა.

“ჰერკულესის” გაფიცული მუშები გუშინ ღამით ქუთაისის პოლიციამ დააკავა. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქუთაისის ფილიალის ხელმღვანელის თქმით, მუშების დაკავების თაობაზე პოლიციაში გუშინ არანაირი დოკუმენტი არ შედგენილა, თუმცა ისინი პოლიციას რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდა გადაყვანილი განყოფილებაში.

ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი გაფიცვის ერთ–ერთი ლიდერის გოჩა დარჯანიას მიმართ გაფორმდა, რომელსაც სამი წლის ვადით ჩამოართვეს მართვის უფლება. ქარხნის წინ მოშიმშილე მუშები სწორედ დარჯანიას კუთვნილ ავტომანაქანაში ათევდნენ ღამეს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათ კარვის გაშლის უფლება შეუზღუდა.

საია–ს წარმომადგენლების თქმით, ოფიციალურად დარჯანიას სამართალდამცავებისთვის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის თქმის გამო ჩამოერთვა მართვის უფლება, რასაც ორგანიზაციის იურისტები უახლოეს დღეებში გაასაჩივრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი