ახალი ამბები

გაფიცვისა და შიმშილობის მეორე დღე ქუთაისში

14 სექტემბერი, 2011 • • 1366
გაფიცვისა და შიმშილობის მეორე დღე ქუთაისში

მეტალურგიული ქარხნის, ”ჰერკულესის” გაფიცულ მუშებს ქუთაისში დღეს დილიდან დილის ცვლის მუშათა ნაწილი ამავე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეურთდა. გაფიცულთა რაოდენობამ 150-ს მიაღწია. იქვე იმყოფებიან პოლიციელები თავიანთი ავტომობილებით, რომლებიც გაფიცულებს უკვე მეორე დღეა თვალყურს ადევნებენ.

”ჰერკულესის” თანამშრომლება უვადო გაფიცვა გუშინ, 13 სექტემბერს დაიწყეს. ორმა გაფიცულმა 13 სექტემბერსვე შიმშილობა გამოაცხადა. მათ კარავი ქარხნის ღობის წინ გაშალეს, თუმცა, რამდენიმე წუთში გამოჩენილმა პოლიციელებმა მოშიმშილეების კარავი მიზეზების განუმარტავად აშალეს და პოლიციის ავტომობილში შეინახეს. მოგვიანებით კარავი მფლობელს დაუბრუნეს. მოშიმშილეებმა გადაწყვიტეს, რომ ქარხნის წინ შიმშილობას კარვის ნაცვლად ავტომობილში გააგრძელებენ.

ერთ-ერთმა მოშიმშილემ, გოჩა დარჯანიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაფიცული მუშები იმყოფებიან, გაფიცვისა და შიმშილობის პირველმა დღემ მშვიდად ჩაიარა და მათთვის ხელი არავის შეუძლია. პოლიცია კი მთელი დღისა და ღამის განმავლობაში შორიდან აკვირდებოდა სიტუაციას და ამჟამადაც იქ იმყოფებიან.

ქარხანა ”ჰერკულესის” ერთ-ერთმა დირექტორმა რომან ლებანიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მეტალურგიული საწარმო ამჟამად მუშაობს, არ გაჩერებულა,  თუმცა, დატვირთვა 100%-იანი არ არის.  საპირისპიროს ამტკიცებენ გაფიცული მუშები. მათი თქმით, ქარხანაში სამ ცვლაში მომუშავეთა დიდი ნაწილი გაფიცულია და ქარხნის გაჩერებაზე ისიც მიუთითებს, რომ საწარმოდან გამონაბოლქვი აღარ ამოდის.

”ჩვენი სურვილია, საწარმომ სრული დატვირთვით იმუშავოს და ამისთვის ყველა პირობას ვაძლევდით და ვაძლევთ თანამშრომლებს, მეგობრობის ხელს ვუწვდით, რომ იმუშაონ. ვეუბნებით, რომ ყველაფერი კეთდება და გაკეთდება სამომავლოდ. თუ ამას ვერ დაინახავენ და არ უნდათ და სხვანაირად მოიქცევიან, ნება მათია,” – განუცხადა რომან ლებანიძემ ნეტგაზეთს.

რომან ლებანიძისვე თქმით, გაფიცული მუშების მიერ წამოყენებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დიდი ნაწილი შესრულებულია, ნაწილის შესრულება კი სამომავლოდ იგეგმება. მისივე თქმით, ”ყველაფრის ერთ დღეში მოგვარება წარმოუდგენელია.” რომან ლებანიძემ ასევე შემოგვთავაზა, რომ ქარხნის დათვალიერების თხოვნით წერილობით მივმართოთ  კომპანიის ხელმძღვანელობას და დადებითი პასუხის შემთხვევაში თავად ვნახოთ, რა პირობებში უწევთ მუშაობა მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს.

ლებანიძის თქმით, ქარხნის გათავისუფლებულმა მუშებმა ჯერ არ იციან, რატომ გაათავისუფლეს და წინასწარ საუბრობენ მიზეზებზე. როგორც ქარხნის ერთ-ერთი დირექტორი ამბობს, დათხოვნილ მუშებს ჯერ არ  მიუღიათ ბრძანება გათავისუფლების შესახებ და, შესაბამისად, მიზეზებზე საუბარი ნაადრევია. ლებანიძე ამბობს, რომ მათი გათავისუფლების ბრძანებები უახლოეს მომაავლში იქნება მზად, თუმცა, როდის, არ იცის.

შპს ”ევრაზიან სთილსის” მეტალურგიულ ქარხანაში ”ჰერკულესი”, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, დაპირისპირება ქარხნის მუშებსა და ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ქარხანაში საქართველოს დაახლოებით 350 და ინდოეთის 150 მოქალაქე მუშაობს. ქარხანაში დასაქმებული ადგილობრივები ხელმძღვანელობისგან უკვე რამდენიმე თვეა, ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და კანონით დადგენილი შეღავათებით სარგებლობას.

ქარხნის მუშები საკუთარი მოთხოვნების რეალიზებას პროფკავშირების საშუალებით ცდილობენ.  მათ პროფკავშირის კომიტეტის შექმნა ქარხანაში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მისმა ხელმძღვანელობამ 2011 წლის ზაფხულში ქარხნის რამდენიმე მუშა სამსახურიდან პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის შემდეგ დაითხოვეს. ”ჰერკულესის” თანამშრომლებმა პროფესიული კავშირი 2011 წლის 4 აგვისტოს დააარსეს.

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ ”ჰერკულესის” ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლებზე ზეწოლა გაძლიერდა. პროფკავშირის წევრებმა ქარხანაში 2 სექტემბერს ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს, რის შემდეგაც, ამავე პროფკავშირის ინფორმაციით, ქარხანამ კიდევ რამდენიმე ადამიანი გაათავისუფლა. სამსახურიდან დათხოვილთა რიცხვმა 17-ს მიაღწია.

ამავე თემაზე:

პოლიციამ გაფიცულებს კარავი დააშლევინა

ქუთაისში გაფიცულმა მუშებმა შიმშილობა დაიწყეს

ქუთაისში ქარხნის მუშები გაიფიცნენ




მასალების გადაბეჭდვის წესი