ახალი ამბები

ქუთაისში ქარხნის მუშები გაიფიცნენ

13 სექტემბერი, 2011 • • 1421
ქუთაისში ქარხნის მუშები გაიფიცნენ

Image 4567
Image 4567

ამ წუთებში ქუთაისში მეტალურგიური ქარხნის “ჰერკულესის” ათეულობით თანამშრომელი უვადო გაფიცვას იწყებს. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვნილი თანამშრომლების დაბრუნებაა.

შპს ”ევრაზიანსთილსსის” მეტალურგიულ ქარხანაში ”ჰერკულესი”, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, დაპირისპირება ქარხნის მუშებსა და ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ქარხანაში საქართველოს დაახლოებით 350 და ინდოეთის 150 მოქალაქე მუშაობს. ქარხანაში დასაქმებული ადგილობრივები ხელმძღვანელობისგან უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და კანონით დადგენილი შეღავათებით სარგებლობას.

ქარხნის მუშები საკუთარი მოთხოვნების რეალიზებას პროფკავშირების საშუალებით ცდილობენ.  მათ პროფკავშირის კომიტეტის შექმნა ქარხანაში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ქარხნის ხელმძღვანელობამ 2011 წლის ზაფხულში ქარხნის რამდენიმე მუშა სამსახურიდან პირობების გაუმჯობესების მოთოვნის შემდეგ დაითხოვა. ”ჰერკულესის” თანამშრომლება პროფესიული კავშირი 2011 წლის 4 აგვისტოს დააარსეს.

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ ”ჰერკულესის” ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლებზე ზეწოლა გაძლიერდა. პროფკავშირის წევრებმა ქარხანაში 2 სექტემბერს ორსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს, რის შემდეგაც, ამავე პროფკავშირის ინფორმაციით, ქარხანამ კიდევ რამდენიმე ადამიანი გაათავისუფლა, სამსახურიდან დათხოვილთა რიცხვმა კი 17-ს მიაღწია.

ქარხნის ადმინისტრაციის, კერძოდ კი, მისი მფლობელის, პაატა ჩხენკელის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულია: 11–კაციანი პროფკავშირული კომიტეტის 7 წევრი – ირაკლი იობიძე, ირაკლი სირბილაძე, გოჩა მელაძე, მამუკა ჯაიანი, დარეჯან რობაქიძე, ემილო გუმბერიძე, მალხაზ გოგიავა; პროფკავშირის სარევიზიო კომისიის სამიდან ორი წევრი – კახაბერ ტურაბელიძე, გოჩა დარჯანია; პოფკავშირის 7 აქტიური წევრი – ზაზა კამლაძე, ამირან ჭოლაძე, დიმიტრი წულაია, გაგა ელიაშვილი, დავით კიზირია, გიორგი შვანგირაძე, გიგა სხირტლაძე, ჯემალ გოგელიძე.

პროფკავშირების წარმომადგენელთა მტკიცებით,  ქარხნის ადმინისტრაცია სამსახურიდან ათავისუფლებს პროფკავშირის ხელმძღვანელებს და ყველაზე აქტიურ წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ, როგორც გამაფრთხილებელი გაფიცვის ორგანიზებაში, ისე პრეს–კონფერენციებსა და სხვა კანონიერ აქტივობებში.

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ”ჰერკულესში” მომუშავე ადამიანებს ქარხანაში არ ურიგდებათ სპეცტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე, საკმარისი რაოდენობის ყურის დამცავი ხმაურის ჩამხშობი. მათივე თქმით, სპეცტანსაცმელი თვეში 2-ჯერ რიგდება, რაც არასაკმარისია, რადგან ის 2-3 დღეში ზიანდება.

მუშები ასევე საუბრობენ სამუშაო იარაღების ნაკლებობაზე, ამწეებისა და ბაგირების გაუმართაობაზე, გასახდელებისა და კარადების საკმარისი რაოდენობის უქონლობაზე. მათივე ინფორმაციით, ქარხანაში არ არის კვების ბლოკი, სადაც განთავსებული იქნება სკამები და მაგიდები. ტუალეტებში ანტისანიტარიაა, აბაზანების რაოდენობა კი საკმარისი არ არის. პროფკავშირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქარხანაში სამედიცინო პუნქტი არ მუშაობს ღამით, როცა ტრავმების მიღების რისკი მაღალია, ასევე არ არის დადგენილი ხელფასის გაცემის კონკრეტული თარიღი, მოუწესრიგებელია ანაზღაურებადი შვებულების გაცემის სისტემა, ქარხსნის ხელმძღვანელობა კი ხელფასს არ უხდის სახელმწიფო რეზერვში რამდენიმე კვირით გაწვეულ თანამშრომლებს.

”ჰერკულესის” თანამშრომელთა დიდი ნაწილი გაფიცვების გაგრძელებას იმ დრომდე აპირებენ, სანამ ქარხნის ხელმძღვანელობასთან სამუშაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებისას შესაბამის შედეგს არ მიაღწევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი