ახალი ამბები

რატომ ვერ გაფორმდა ორპარტიული მემორანდუმი “რესპუბლიკელებსა” და “ქართულ ოცნებას” შორის

2 აპრილი, 2016 • 1698
რატომ ვერ გაფორმდა ორპარტიული მემორანდუმი “რესპუბლიკელებსა” და “ქართულ ოცნებას” შორის

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, თუ რატომ ვერ გაფორმდა ორპარტიული შეთანხმება “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკურ” პარტიას შორის:

” ჩვენ მოველაპარაკეთ პრემიერ-მინისტრს, რომ ვქმნით ორპარტიულ ალიანსს, ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს. გამოვიდა კახი კალაძე[ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი], რომელიც იქ არ ყოფილა და თქვა [რესპუბლიკელები] ტყუიან, ეგეთი მოლაპარაკება არ ყოფილაო. ახლა, ან ჩვენ ვტყუით, ან კახი კალაძე, ან პრემიერ-მინისტრი. ხომ ვიცით, ვინც მოიტყუა, არა?”

დეპუტატის თქმით, რესპუბლიკური პარტია და პრემიერ-მინისტრი მზად იყვნენ მემორანდუმის გასაფორმებლად, თუმცა “ქართული ოცნებას” არ ჰქონდა მზაობა:

”  ჩვენ მივედით სალაპარაკოდ, თუ მზად ხართ, ეს გვინდა, თუ არ ხართ, არ გვინდა. ისინი არ აპირებენ ამას [ხელშეკრულების გაფორმებას], მაშინ ჩვენ რატომ დავკარგოთ დრო ახლა და დავიწყოთ ერთობლივი [საარჩევნო] შტაბების შექმნა და მერე ამ შტაბების ნგრევა და გამოსვლა, იმიტომ, რომ ნათელი იყო, [რესპუბლიკელები] უნდა გამოვსულიყავით. მით უმეტეს, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვინდოდა სხვებს მიეთითებინათ, თუ სად უნდა ვიყოთ. “

ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტი © ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 30.03.2016

ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს პარლამენტი © ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 30.03.2016

 

“რესპუბლიკური” პარტია რჩება საპარლამენტო უმრავლესობაში, თუმცა ამ უკანასკნელის ყველა ინიციატივის უპირობო მხარდამჭერი არ იქნება. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ საკითხებზე, რომლებიც არ მოეწონებათ, ალტერნატიულ საკანონმდებლო ინიციატივებს მოამზადებენ:

“პარლამენტი მუშაობს, მაგრამ მუშაობს სხვა რეჟიმში. ადრე პარლამენტში ჩვენ დავუჯერებდით უმრავლესობის ლიდერს რაღაცაზე, ის იტყოდა, ასეა საჭირო და ჩვენ ვიტყოდით – კარგი და არ ვიხმაურებდით, თუ ძალიან პრინციპული საკითხი არ იყო. ახლა ასე არ არის. ბატონმა ზვიადმა[კვაჭანტირაძე] რომ გვითხრას, ასე გვინდა, ჩვენ ვეტყვით, რომ ვიმსჯელეთ და გვინდა ისე, ჩვენს ალტერნატივას წარმოვადგენთ, უკვე გვაქვს რამდენიმე ალტერნატივა.”

“ჩვენი მინისტრები არ ჩაერევიან [პარტიულ] პროპაგანდაში, თუ ჩაერევიან – ეს ნიშნავს, რომ პარტიამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და დავატოვებინებთ პოსტებს, ან მანამდე პრემიერი იტყვის, ასეთი მინისტრი რად მინდა, არ მემორჩილება და სხვა,”- აღნიშნავს ლევან ბერძენიშვილი.

რესპუბლიკურმა პარტიამ 3 მარტს კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გააფორმებენ ორპარტიულ შეთანხმებას.

31 მარტს რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი 2016 წლის არჩვენებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა მანამდე მთავრობაში თანამდებობის დატოვებას არ აპირებენ. არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს პარტია “ქართული ოცნებაც.”

მასალების გადაბეჭდვის წესი