იზორია: თსუ-ში 2015 წლის შემდეგ ოდეერი მხოლოდ კანცლერის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, 2015 წლის აგვისტოს შემდეგ ე.წ. ოდეერი აღარ არის უნივერსიტეტებში.

ეს განცხადება იზორიამ 29 მარტს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2015 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

“ამ კონკრეტულ პიროვნებაზე, ვისზეც ითქვა, რომ თითქოსდა თსუ-ში ის აგრძელებს როგორც ე.წ. ოდეერი მოღვაწეობას – არასწორია. ის, როგორც ოდეერი, ირიცხებოდა ჩვენს შტატში 2015 წლის აგვისტომდე, მაგრამ 2015 წლის აგვისტოს შემდეგ ის უბრალოდ ასრულებს ფუნქციას, რომელიც დაკავშირებულია- ასრულებდა, ეს უკვე უნივერსიტეტის პრეროგატივაა -კანცლერის თანაშემწის უფლებამოსილებებს. ამიტომ, თუ უშუალოდ უნივერსიტეტმა გადაწყვიტა- ამ შემთხვევაში, კანცლერმა- დაეტოვებინა მეგობრობის თუ სხვა ურთიერთობიდან გამომდინარე, ეს მისი პრეროგატივა იყო. ამ შემთხვევაში, ჩვენი სამსახური, იმ მიზნისთვის, რომ იქ გვყოლოდა სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენელი, ნამდვილად ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ასეთი პიროვნება, ასეთი ფუნქციით, არ ყოფილა 2015 წლის აგვისტოდან არა მხოლოდ თსუ-ში, არამედ სხვა უნივერსიტეტებში. ამის შემდეგ მოჰყვა განცხადებები, ბათუმის უნივერსიტეტში იყო განცხადება გაკეთებული, ასევე, თელავის უნივერსიტეტში. იქ ერთ-ერთი არის თანამშრომელი, მაგრამ მას არავითარი შეხება არ აქვს უნივერსიტეტის საქმიანობასთან. ის არის დოქტორანტი. შესაბამისად, ამ პიროვნების გაიგივება მოხდა იმასთან, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებს ახორციელებს. მერწმუნეთ, სუსსაც ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც დისერტაციებს იცავენ და რომლებსაც აქვთ აკადემიური ამბიციები. შესაბამისად, ბუნებრივია, ყველას აკადემიურ საქმიანობას ვერ გავაიგივებთ ამ ფუნქციების განხორციელებასთან,” – განაცხადა ლევან იზორიამ საკომიტეტო მოსმენაზე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წლის მარტში სტუდენტთა საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უნივერსიტეტში “ოდეერის” ინსტიტუტის გაუქმება იყო.

იზორია “მთელი პასუხისმგებლობით” აცხადებს, რომ 2015 წლის შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ ოდეერი აღარ არსებობს.
“ჩვენ კატეგორიულად უარი ვთქვით, ეს არის მთავრობის გდაწყვეტილება, რომ საგანმანათლებლო ორგანოში ყოფილიყო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, ეს იმას არ ნიშნავს, მე თუ მკითხავთ, ვიტყვი, რომ იქაც არ არსებობს გარკვეული საფრთხეები, რაც სახელმწიუფო უსაფრთხოებას უკავშირდება. პატარა მაგალითს გეტყვით, როდესაც უცხო ქვეყნიდან, მათ შორის, ისეთი ქვეყნიდან, სადაც ძალიან ფეხი მოიკიდა ტერორიზმმა, არიან სტუმრად სტუდენტები. საინტერესოა, რა მიზნით არიან, რა სპეციფიკით, რა განზრახვებით არიან ჩამოსულები. შესაბამისად, როდესაც ვამბობ, რომ საგანმანათლებლო სისტემაში არ უნდა იყოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთლად უსაფრთხო და დაცულია საგანმანათლებლო სისტემა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ავტონომიურობის მაღალი ხარისხი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებას, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იქ არ იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენელი, არ იყოს ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი,”- განაცხადა იზორიამ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი