ახალი ამბები

ლადო პაპავა სვეტიცხოველში იმყოფება

16 მარტი, 2016 • 1270
ლადო პაპავა სვეტიცხოველში იმყოფება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ლადო პაპავა განათლების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ სვეტიცხოველში წავიდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს უნივერსიტეტის პრესსამსახურმა განუცხადა.

პრესსამსახურის განცხადებით, დღეს, პარტიარქთან ლადო პაპავას შეხვედრისას ილია II-მ მიიღო ინფორმაცია საპროტესტო აქციების შესახებ და სტუდენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, პრესსამსახურის ინფორმაციით, პატრიარქმა სთხოვა ყველა სტუდენტს, დღეს, 6 საათზე სვეტიცხოველში ლოცვაზე მისულიყვნენ და პაპავაც სტუდენტებთან ერთად იყო მიწვეული.

უნივერსიტეტის პრესსამსახური აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, იმყოფებიან თუ არა პაპავასთან ერთად სტუდენტებიც.

პაპავამ შუადღისას განაცხადა, რომ პატრიარქს შეხვდა და უნივერსტეტში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

“შეხვედრა მოეწყო მისი უწმინდესობის თხოვნით, ეს იყო ძალიან თბილი საუბარი. მას აინტერესებდა ჩემგან გაეგო, კონკრეტულად რა ხდება უნივერსიტეტში, როგორ განვითარდა სიტუაცია, დღეს რა მდგომარეობაა. ითქვა, რომ ეს არის მძიმე მარხვის კვირა და რჩევა არის სტუდენტებისათვის, რომ ილოცონ,”- აცხადებს ლადო პაპავა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ურყევი პოზიცია აქვს და გადადგომას არ აპირებს.

დღეს სტუდენტების ორმა ჯგუფმა- აუდიტორია #115-მა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა- თსუ-სთან პარალელურ აქციები გამართა. აუდიტორია #115-ის წევრებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, თვითმმართველობის სისტემის სტრუქტურული რეფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას უნივერსიტეტის ფინანსებზე დაშვების უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ასევე, უნდა გამოიძიონ თსუ-ში მომუშავე ოდეერის საკითხი.

რაც შეეხევა სტუდენტურ თვითმმართველობას, ისინი კვლავ რექტორის, ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი