ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას აკვირდება

14 მარტი, 2016 • 1491
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას აკვირდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე აქციას დააკვირდება და მონიტორინგს გაუწევს.

მათივე ცნობით,  გიორგი მარგველაშვილის მრჩევლებმა, კახა კოჟორიძემ და სოფიო შამანიდმა დღეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა და დაპირისპირებული სტუდენტების ორივე ჯგუფს დიალოგისკენ მოუწოდეს. როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდება.

“ჩვენი დღევანდელი აქ მოსვლის მთავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ხელი შეგვეწყო დიალოგისთვის და ის გარემო, რომელიც შეიძლება რაღაც გარკვეულ რისკებს ქმნიდეს გარკვეული დაპირისპირებების, დიალოგის რეჟიმში გადაიზარდოს. ასევე დამატებით ვიტყვი იმას, რომ უნივერსიტეტში, კიდევ ერთხელ, ცხადია, იქნება აზრთა სხვადასხვაობები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სტუდენტების ორივე ჯგუფს აქვს მთელი რიგი საერთო საკითხები. მაგალითად ის, რომ მიუღებელია ოდეერის ინსტიტუტის არსებობა უნივერსიტეტში, ეს მათი საერთო პოზიციაა, ამიტომ კარგი იქნება, თუ ისინი შეეცდებიან მონახონ არა ის საკითხები, რაც ერთმანეთისაგნ განასხვავებებს, არამედ ის საკითხები, რომლებიც ერთმანეთის მსგავსი პოზიციის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს“ – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

სოფიო შამანიდის განცხადებით კი, ის რჩება აქციაზე და პროცესს დააკვირდება.

თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში მიმდინარეობს ორი საპროტესტო აქცია, რომლებიც 12:00-ზე დაიწყო. სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115-ის წევრებსა და  სტუდენტურ თვითმმართველობას სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ. მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი