ახალი ამბები

თსუ-ს სტუდენტებმა დავით ბერძენიშვილთან საუბარის გაგრძელებაზე უარი თქვეს

11 მარტი, 2016 • 2059
თსუ-ს სტუდენტებმა დავით ბერძენიშვილთან საუბარის გაგრძელებაზე უარი თქვეს

დაიწყოს გამოძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობის შესახებ, მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება, შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან, მოხდეს თვითმმართველობის ფუნქციის და ადმინისტრაციული უფლებების მინიმალიზაცია – ამ მოთხოვნებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გრძელდება.

დღეს, 11 მარტს, თსუ-ში სტუდენტებთან რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მივიდა და სოლიდარობა გამოუცხადა. სტუდენტებმა სოლიდარობისთვის მადლობა უთხრეს, თუმცა საუბარის გაგრძელება არ ისურვეს, რადგან მათი თქმით, პროცესის პოლიტიზირება არ სურთ. შეხვედრა, სტუდენტების თქმით, დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ გიორგი კოხოძის თქმით, დავით ბერძენიშვილთან საუბარზე უარი თქვეს იმიტომ, რომ არ სურდათ, მას პოლიტიკური ქულები დაეწერა სტუდენტების ხარჯზე: “სოლიდარობისთვის მადლობა გადავუხადეთ და ვუთხარით, რომ საუბრის გაგრძელება აღარ გვსურდა”.

თსუ-ს კიდევ ერთი სტუდენტის, ბაჩანა ჯოჯუას თქმით, მათ არ სურთ პარტიული იარლიყი მიეკეროს აქციას და ამიტომ ბერძენიშვილს შესთავაზეს, რომ თუ მხარდაჭერა უნდა, გამოიყენოს სადეპუტატო მანდატი და საკანონმდებლო ორგანოში ისაუბროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და “ოდეერების” პრობლემებზე.

რამდენიმე წუთის წინ უნივერსიტეტში სტუდენტებთან დავით ბერძენიშვილი მოვიდა. მან საუბარი ისურვა სტუდენტებთან, თუმცა, სტუდ…

Posted by Otto Kobakhidze on Thursday, March 10, 2016

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით ბერძენიშვილის გამოჩენამ გააღიზიანა თსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელი, ირმა რუხაძე. სტუდენტებთან შეხვედრისას რუხაძესა და ბერძენიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

“თქვენ სტუდენტებმა მოგიწვიეს აქ? რა სოლიდარობაზეა ლაპარაკი? ჩვენ არ გვინდა, რომ ეს აქცია პოლიტიკური დატვირთვით წარიმართოს. ამაშია საქმე, მეტი არაფერი,” – უთხრა ბერძენიშვილს ირმა რუხაძემ.

დავით ბერძენიშვილმა სტუდენტებს უთხრა, რომ მათთან პოლიტიკური ქულების დასაწერად არ მისულა.

“მე მოვედი აქ, რომ სოლიდარობა გამოგიცხადოთ. აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ მჭირდება პოლიტიკური ქულები. თქვენი ტოლა რომ ვიტავი, აქ, ამ უნივერსიტეტის ღირსებას ვიცავდი. აქედან წამიყვანეს და დამაპატიმრეს საბჭოთა პერიოდში. ასე რომ, ერთმანეთს ნუ შევეჯიბრებით,” – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა სტუდენტებთან საუბრისას.

სტუდენტების განცხადებას, რომ აქციის პოლიტიზირება არ სურთ, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა:

თურმე უშიშროების და ოდეერის ჩარევა უნივერსიტეტის საქმიანობაში არაა პოლიტიზირება, არც ისაა პოლიტიზირება, როცა ამ არაკომპე…

Posted by David Zurabishvili on Friday, March 11, 2016

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე დღეა სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. 10 მარტს სტუდენტების პროტესტის გამო ჩაიშალა უნივერსიტეტის სენატის სხდომა, რომელზეც კანცლერი უნდა აერჩია.

სტუდენტები აპროტესტებენ კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის დასახელებას, რადგანაც მათი თქმით, ის იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო, რომელიც მათი აზრით ზეწოლას ახორციელებდა სტუდენტებზე. გარდა ამისა, სტუდენტები აცხადებენ, რომ გაფრინაშვილი უნივერსიტეტის ე.წ. ოდეერის მეგობარია.

ე.წ. “ოდეერების ინსტიტუტთან” დაკავშირებით გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება სტუდენტების ერთ-ერთი მოთხოვნაა. თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა ლადო პაპავამ ჯერ სტუდენტებტან და შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერის” ინსტიტუტი არსებობს, თუმცა სპეციალური უსაფრთხოების სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო.

კანცლერობის კანდიდატურის გაპროტესტებამდე სტუდენტებმა უნივერსიტეტთან აქცია უნივერსიტეტის თვითმმართველობის წინააღმდეგ გამართეს. ისინი აპროტესტებდნენ თვითმმართველობის მიერ ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგში 25 ათასი ლარის დახარჯვას.

სტუდენტები, რომლებიც მეორე დღეა აქციას მართავენ, ამბობენ რომ თვითთმართველობა მხარს უჭერს გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას კანცლერის პოსტზე.


შენიშვნა: ამ ახალი ამბის თავდაპირველი სათაური იყო, რომ “თსუ-ს სტუდენტებმა დავით ბერძენიშვილთან საუბარზე უარი თქვეს”, რაც მოგვიანებით დაზუსტდა, რადგანაც “ნეტგაზეთმა” რომელიც არ ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას, მოგვიანებით დააზუსტა, რომ დეპუტატსა და სტუდენტებს შორის საუბარი გაიმართა, თუმცა სტუდენტებმა საუბრის გაგრძელება აღარ ისურვეს. თავდაპირველ ინფორმაციაში ასევე არ იყო მოცემული, რომ დეპუტატის გამოჩენამ გააღიზიანა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი