საკოონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეებს ამიერიდან შეუძლიათ საპროტესტო აქციები გამართონ ადმინისტრაციულ შენობებტან 20 მეტრის რადიუსში, თუმცა კვლავ უკანონობაა ადმინისტრაციულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე წარწერების გაკეთება და ხატვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის, საიას და რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანების სარჩელი, რომელიც ეხებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2009 წლის ივლისში მიღებულ ცვლილებებს რამოდენიმე კანონში, მათ შორის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებით დღევანდელ დღემდე აკრძალული იყო შეკრება საჯარო დაწესებულებიდან 20 მეტრის რადიუსში.
18 აპრილის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რაც კრძალავდა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას ზოგიერთი დაწესებულებისა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს, შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში.
აღნიშნული კანონის გამო 2009 წლის 23 ნოემბერს დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი დააკავეს. საკოსნტიტუციო სასამართლოში სარჩელი მათი სახელითაც იყო შეტანილი.
ამ კანონის დამრღვევებისთვის კანონით გათვალისწინებული იყო 1000 ლარით დაჯარიმება.
თუმცა, როგორც იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს, ცაგურიასა და ჯიშკარიანის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო, რადგან მოსამართლემ დადგენილებაში ჩაწერა, რომ ისინი 25 მ რადიუსით მართავდნენ აქციას, რაც თავისთავად არ იყო კანონდარღვევა.
ამავდროულად, საკონსიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია ნორმები, რომლებიც ტრანსპორტის სავალი ნაწილის თვითნებურ/თვითმიზნურ გადაკეტვას კრძალავენ. მას ქუჩის გადაკეტვა მიზანშეწონილად მიიჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შეკრებაში მონაწილეთა რაოდენობით არის გამოწვეული.
„საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის პოზიცია იყო, რომ ქუჩის გადაკეტვის მიზანშეწონილობა დაფუძნებოდა არა აქციის მონაწილეთა რაოდენობას, არამედ– თუ რა დროის მანძილზე იქნებოდა ქუჩა გადაკეტილი. ჩვენი ეს მოთხოვნა ეყრდნობოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებს. ეს პოზიცია არ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლომ“,–ამბობს გიორგი გოცირიძე, საიას იურისტი.
სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია დასახლებულ პუნქტებში ავტომანქანებით ისეთი ჯგუფური მოძრაობის შეზღუდვა, რა დროსაც გამიზნულად ხდება გზის სავალი ნაწილის სრულად დაკავება, მისი ბლოკირება.
კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია სასამართლომ კანონის ნორმა, რომელიც კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის მსვლელობისას კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობისაკენ მოწოდებებს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონთან ერთობლიობაში უნდა იქნას წაკითხული, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს დასაშვებად, როდესაც მოწოდება მიზნად ისახავს ძალადობრივი ქმედების განხორციელებას და, ამასთანავე, საფრთხე რეალურია. გარდა ამისა, შეკრება შეიძლება შეწყდეს, როდესაც კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებები მასობრივ ხასიათს ატარებს,-ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საიას არგუმენტი კანონის აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით ეხებოდა მყისიერი საფრთხის შემცველობას.
„საქმე ის არის, რომ შეიძლება გაიმართოს, დავუშვათ, 5– კაციანი მიტინგი, სადაც მომიტინგეებმა შესაძლებელია განაცხადონ, დავამხოთ სააკაშვილი. მაგრამ სინამდვილეში აღნიშნული საფრთხე არარეალურია. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ აქციის დაშლა მხოლოდ რეალური საფრთხის შემთხვევაში ყოფილიყო შესაძლებელი“,–ამბობს გიორგი გოცირიძე.
თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კანონი განიხილა „სიტყვის და გამოხატვის შესახებ“ კანონთან ერთობლიობაში, საია აცხადებს, რომ მათ ნორმის სასურველი ინტერპრეტაცია მიიღეს.
სასამართლომ ჩათვალა, რომ კანონთან შესაბამისია ნორმა, რომელიც კრძალავს სხვადასხვა სახის ნახატებისა და წარწერების შესრულებას ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე. ასევე კონსტიტუციურად მიიჩნია სასამართლომ კანონის ნორმა, რომელიც კრძალავს მოსამართლის საცხოვრებელი ადგილიდან შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებას.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია”, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა, დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” 2010 წელს შევიდა.