საზოგადოება

პრობლემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს

6 აპრილი, 2011 • • 2741
პრობლემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს

NDI-ს კვლების მიხედვით, გამოკითხული საზოგადოების 73% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. მათი აზრით, მთავარი პრობლემებია–  დასაქმება, ფასების ზრდა და ტერიტორიული მთლიანობა.

გასული წლის კვლევასთან შედარებით, 12%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ მათი ოჯახის მდგომარეობა ამჟამად უარესია, ვიდრე –ადრე. მაგალითად, თუ 2008 წელს მოსახლეობის 25 % ამბობდა, რომ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა, 2011 წელს ეს რიცხვი 37%–მდე გაიზარდა.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში პოლიტიკური გარემოს კველვის შედეგები დღეს, 6 აპრილს, გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ კვლევა მეექვსედ ჩაატარა.

ერთ–ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც კვლევის მიხედვით იკვეთება, ფასების ზრდასთან დაკავშირებული პრობლემებია.

თუ შარშან (2010 წლის ივლისი) გამოკითხულთა 18 პროცენტისთვის ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, წელს  მათი რიცხვი 39%–მდე გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვან პრობლემათა სამეულში, წლევანდელი მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა დასახელებული, გასული წლის ივლისთან შედარებით ეს პრობლემა პროცენტულად ნაკლებ ადამიანს აწუხებს. 2010 წელს  ტერიტორიული მთლიანობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მიაჩნდა გამოკითხულთა 45%–ს, წელს ამ ადამიანთა რიცხვმა 38%–მდე იკლო

სიღარიბის, როგორც პრობლემის  მაჩვენებელი სამი პროცენტით  არის გაზრდილი.

შემცირებულია საქართველოს ნატოში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა 16–დან 10%–მდე.

კითხვაზე, რამდენად განიხილავენ საქართველოში პოლიტიკოსები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ჭარბობს პასუხები– სათანადოდ და ნაკლებად.

სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა, სიღარიბე, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება– ეს ის საკითხებია, რომლებზეც გამოკითხულთა დიდი პროცენტი ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები ნაკლებად განიხილავენ.

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკოსები სათანადოდ ხშირად საუბრობენ ადამიანთა უფლებებზე, სამართლიან არჩევნებზე, სიტყვის თავისუფლებაზე, სასამართლო სისტემაზე, კორუფციაზე, ევროკავშირში გაწევრიანებასა და მედიის დამოუკიდებლობაზე.

დღეს წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, 21%-ით მეტია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ პრობლემად დასაქმება მიაჩნია. მაგალითად, თუ 2010 წელს 59% ფიქრობდა, რომ დასაქმება მთავარი პრობლემაა, დღეს მათი რაოდენობა 81%–ია.

სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტების შემცირების პრობლემაზე 33% საუბრობს, 18%-ით მეტი, ვიდრე გასულ გასული წლის აპრილში.

2008 წელთან შედარებით, გაუარესებულ საკითხთა შორის დომინანტურია  სასოფლო– სამეურნეო პროდუქტების წარმოება და ტრანსპორტისა და კომუნალური გადასახადების ღირებულება.

ნაგვის გატანა, გზები და გაზმომარაგება გაუმჯობესებულ საკითხთა შორისაა.

როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? ამ კითხვაზე შესაბამისი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი ცვალებადია 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე. მაგალითად, თუ 2009 წლის დეკემბერში გამოკითულთა 11% ფიქრობდა, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, დღეს ამგვარად 17 % ფიქრობს.

საინტერესოა, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ამავე კითხვაზე პასუხის– ”საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება”– პროცენტული მაჩვენებელი. 2009 წელს– 39%, 2010 წელს 42% ირჩევდა ამგვარ პასუხს, დღეს კი– მხოლოდ 18%.

დღეს ორჯერ უფრო მეტი ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. თუ 2010 წელს 15% ფიქრობდა, რომ საქართველო არ იცვლება, დღეს ასე 37% ფიქრობს.

გაზრდილია  ამავე კითხვაზე პასუხის– ”ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება” რაოდენობაც 4-დან(2009წ) 11%-მდე.

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 39% დადებითად პასუხობს, 44% კი– უარყოფითად, პასუხი კითხვაზე არ აქვს 17%-ს.

გამოკითხულთა პასუხების მიხედვით, დემოკრატიის დეფინიცია ამ თანმიმდევრობით ლაგდება: სიტყვის/მედიის თავისუფლება, თავისუფლება, თანასწორობა კანონის წინაშე/სამართიანობა, ადამიანის უფლებათა დაცვა და სხვა

კითვაზე, რომელი პოლიტიკური პლატფორმა იქნებოდა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – პასუხებს შორის ლიდერობს განათლების რეფორმა. თუ გასულ წელს მხოლოდ 25% საუბრობდა განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე, წელს მაჩვენებელი 42%-მდე გაიზარდა. საგადასახო რეფორმის მნიშვნელობაზე 33% საუბრობს, საარჩევნო რეფორმაზე– 31%.

ენდიაის კვლევაში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოების დამოკიდებულებებიც არის ასახული. ერთ-ერთი მიმდინარე მოვლენა ელექტროენერგიის და სურსათის ვაუჩერებია, რომლებიც მთავრობამ ოჯახებს დაურიგა.

ელექტროენერგიის ვაუჩერების შემთხვევაში, 47% მთლიანად ემხრობა მთავრობის გადაწყვეტილებას, 17% ემხრობა, 18 ნეიტრალურია, 9 % კი სრულად ეწინააღმდეგება მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

პროცენტული მაჩვენებლები თითქმის ანალოგიურად გადანაწილდა სასურსათო ვაუჩერებთან დაკავშირებითაც.

საგარეო ურთიერთობები და საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ქვეყნის საგარეო კურსთან ენდიაის კვლევის ერთ–ერთი ნაწილია.

გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 56% სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ეს პროცენტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი 2010 წლის ივლისთან შედარებით, როცა მხოლოდ 28% უჭერდა სრულად მხარს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას.

კითხვაზე, თუ როდის გახდება საქართველო ნატოს სრულუფლებიანი ელჩი, 34%  2013 წლის შემდეგ პერიოდს ასახელებს თარიღად, პასუხი კითხვაზე არ აქვს 51%-ს.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა თქვენთვის საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთთან,  პასუხები ასე გადანაწილდა: 12% -სავსებით მისაღები, 26%– ნაკლებად მისაღები, 21%– ნაწილობრივ მიუღებელი, 28% –სრულად მიუღებელი, 12%– არ ვიცი.

გამოკითხულთა 71% ფიქრობს, რომ საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა.

წყარო, რომლის საშუალებითაც საზოგადოება ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ იგებს, კველვის მიხედვით, ტელევიზიაა. 89%-სთვის ინფორმაციის მიღების პირველი წყარო ტელევიზიაა, მხოლოდ 4%-სთვის –ინტერნეტი. ტელევიზიისა და ინტერნეტის შემდეგ ინფორმაციის მიღების წყაროდ  ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებლით დასახელებულია გაზეთები და ჟურნალები.

მასალების გადაბეჭდვის წესი