საზოგადოება

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია რემისიის დროს [ფოტორეპორტაჟი]

17 მარტი, 2011 • 2813
ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია რემისიის დროს [ფოტორეპორტაჟი]

“ხატვა აქ დავიწყე. მანამდე არასდროს ამიღია ხელში ფანქარი, ასე გადმოვცემ ჩემს ფიქრებს და მეგობრებსაც ვუზიარებ. ყველა, ვინც აქაა, ერთი ოჯახივით ვართ. საერთო პრობლემით ვცხოვრობთ და ერთმანეთს ვეხმარებით. ურთიერთობა ამ კედლებს გარეთაც გრძელდება. გუშინ ერთ-ერთი ჩვენგანის დაბადების დღე იყო და შევიკრიბეთ. ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს, ფეხბურთს ვთამაშობთ, კინოს ვუყურებთ“,-გვიყვება ერთ–ერთი პაციენტი, რომელიც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში 2006 წლიდან დადის.

ცენტრი „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის“ პროექტია და 1998 წელს „კორდეიდის“ მხარდაჭერით გაიხსნა, ხოლო 2005 წლიდან ცენტრის დაფინანსება შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ აიღო საკუთარ თავზე. დაწესებულების მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირს გარესამყაროსთან ინტეგრაციაში დაეხმაროს.

“ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გამოსულ ადამიანს, როგორც წესი, დაკარგული ჰყავს მეგობრები, უჭირს სამუშაოს პოვნა, ვერაა სოციალურად აქტიური. შედეგად კი საკუთარ თავში იკეტება, თვითშეფასების დონე უვარდება, ჩვენ კი მას რეაბილიტაციის პროცესში ვეხმარებით“,-აცხადებს საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის თავმჯდომარე, ფსიქიატრი მანანა შარაშიძე.

მანანა შარაშიძე
მანანა შარაშიძე

შარაშიძე ამბობს, რომ გარიყულობის პრობლემას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

„ავადმყოფობასთან დაკავშირებული სირცხვილის გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში მძაფრია. რეგიონებში ფსიქიატრებს ეხვეწებიან შებინდებისას მოვიდნენ, რათა მეზობლებმა არ დაინახონ და არ თქვან – ამ ოჯახში გიჟიაო. პაციენტებზე მოქმედებენ ფსიქიატრებიც, როცა მათ უიმედო თვალით უყურებენ. ადამიანის ფსიქიკა ძალიან დიდი რესურსის მატარებელია. ასე რომ, დასკვნა –  ადამიანი გაგიჟდა და იქ ყველაფერი დამთავრდა, არასწორია. ფსიქიკურ აშლილობას იწვევს სამი ფაქტორი – ბიოლოგიური, სოციალური და ფსიქოლოგიური და თუ მკურნალობა ამის გათვალისწინებთ წარიმართება, პაციენტების 80 პროცენტი განკურნებადია. როცა მკურნალს პაციენტის გამოჯანსაღების არ სჯერა, ამას ისინი ხვდებიან. შედეგად კი ხდება თვითსტიგმატიზაცია“, – აცხადებს შარაშიძე.

ფსიქიატრის თქმით, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში რემისიის მდგომარეობაში მყოფი პაციენტები დადიან: „ეს არის დროებითი გაჯანსაღება, ჯანმრთელობასთან მიახლოებული სტადია, რომლის დროსაც ადამიანს შეუძლია იყოს სოციალურად აქტიური.“

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს დღეში 45-50 პაციენტი სტუმრობს, 10–დან 17:00 საათამდე. თითოეული პაციენტი ცენტრს 15 ლარი უჯდება.

“ ვწერთ პროექტებს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და გრანტებს ვიძიებთ. ვმონაწილეობთ ტენდერებში, რომლებსაც  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ატარებს,“ – აცხადებს შარაშიძე.

პაციენტებს აქვთ ფსიქოთერაპიის ოთახი, სადაც ერთმანეთს საკუთარ პრობლემებზე ესაუბრებიან, კინომოყვარულთა კლუბი, დასვენების ოთახი, სადაც შეუძლიათ განმარტოვდნენ…

“მთელი დღის განმავლობაში აქტიურები ვართ: ხეზე ვჭრით, ვჭედავთ, მინანქარზეც ვმუშაობთ… ქალები თექით და ქსოვით არიან დაკავებულები“, – ამბობენ ცენტრის ბენეფიციარები.

“ხელოვნებითი თერაპია აქ მყოფი პაციენტებისთვის სავალდებულო კურსია. თავდაპირველად დავალება თავისუფალია. ამ დროს  ნამუშევრებში ვლინდება მათი პრობლემები, ყველაფერი, რაც აწუხებთ, ფაქტობრივად, თავიანთ ფსიქოლოგიურ პორტრეტს ხატავენ“,-ამბობს ხელოვნებათთერაპევტი ნუნუ დუჩიძე.

ნუნუ დუჩიძე
ნუნუ დუჩიძე

მანანა შარაშიძის თქმით, ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრის მთავარი პლუსი მკურნალობის განსხვავებული მიდგომაა: “საბჭოთა დროს ჩამოყალიბდა მიდგომა – ფსიქიატრი არის ყველაფრის მცოდნე მამა, რომელსაც პატარა შვილი (პაციენტი) უნდა დაემორჩილოს. ჩვენი ურთიერთობა კი თანასწორუფლებიანია: ჩვენ პაციენტებს ცოდნას, გამოცდილებას ვუზიარებთ და ვთავაზობთ…“

სწორედ ამ მეთოდისკენაა მიმართული ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დაწყებული რეფორმა. 9 თებერვალს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ ხელშეკრულება გააფორმა ფონდთან “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“, რომლის ფარგლებშიც მოხდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე პერსონალის გადამზადება. “ეს სწორი კურსით მიმართული რეფორმაა, რადგან ექიმი პაციენტს მხოლოდ წამალს არ უნდა აძლევდეს, იგი ფსიქოლოგიური დახმარების უნარსაც უნდა ფლობდეს“, – ამბობს შარაშიძე.

გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილია  ქრონიკული პაციენტებისთვის შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების აშენებაც მათი ხანგრძლივი მკურნალობისთვის.

რეფორმის შედეგად ზოგადი პროფილის კლინიკებში ფსიქიატრიული განყოფილებები გაიხსენება. “ფსიქიატრიულ დაწესებულებებიდან გამოსულ ადამიანს სხვა თვალით უყურებენ, რაც მათ გარიყვას უწყობს ხელს. ღუდუშაურის კლინიკიდან გამოსული პაციენტისკენ ხელს ვეღარ გაიშვერენ, შესაბამისად, მათაც უფრო გაუიოლდებათ საზოგადოებასთან ინტეგრაცია“, – ამტკიცებს მანანა შარაშიძე.

ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრის პაციენტებს ჩაკეტილობის დასაძლევად საზოგადოებასთან აქტიური ურთიერთობა სჭირდებათ.  “ჟურნალისტებს ვპატიჟებ და ხვეწნის შემდეგ მოდიან. ამ თემისადმი ყურადღება ნაკლებია“ – წუხს შარაშიძე. ყოველი წლის 10 ოქტომბერს (ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს) ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრის პაციენტების ნამუშევრების გამოფენა ეწყობა, სტუმრებს კი თავად მასპინძლობენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღენიშნება ფსიქიკური პრობლემა. მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანზე მეტს აღენიშნება ფსიქიკური აშლილობა. საქართველოში ოფიციალურად აღრიცხულია დაახლოებით 100 000 ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანი, ხოლო ფსიქიატრიულ სტაციონარებში მკურნალობს დაახლოებით 1200 პაციენტი. ”რეალურად მათი რიცხვი ბევრად მეტია, მაგრამ სტიგმის, იარლიყის მიწებების გამო მოსახლეობის ნაწილი არ მიმართავს მკურნალობას, ამიტომაც ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერ ხერხება”, – ამბობს მანანა შარაშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი