საზოგადოება

19’000 ლარი თსუ-ის თვითმმართველობის ტრენინგისათვის და სტუდენტების პროტესტი

20 იანვარი, 2016 • 2249
19’000 ლარი თსუ-ის თვითმმართველობის ტრენინგისათვის და სტუდენტების პროტესტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 19 000 ლარი იხარჯება სტუდენტური თვითმმართველობის წევრების ტრენინგ-კურსისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ თსუ-ის საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი საღარეიშვილი, ადასტურებს.

6-დღიანი ტრენინგ-კურსი ბაკურიანში თებერვლის შუა რიცხვებში იმართება და მას სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ესწრებიან. როგორც საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, უნივერსიტეტის ბიუჯეტში გამოყოფილია კონკრეტული მუხლი, რომელიც სპორტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს აფინანსებს.

“ამ მუხლის ფარგლებში შემოვიდა წერილი, სადაც სტუდენტები ითხოვდნენ ბაკურიანში ტრენინგს. რამდენადაც მახსოვს, სტრატეგიული მენეჯმენტისა და პროექტების მართვის თემაზე. აქტუალური თემა იყო და ამასთან დაკავშირებით იყვნენ მივლინებული ეს სტუდენტები და იქ ჩაუტარდათ ტრენინგი. ეს ტრენინგი  ბოლო სამი წელია ტარდება. თითოეულზე 19 000 ლარი დაიხარჯა და 90 სტუდენტი ესწრებოდა,” – ამბობს საღარეიშვილი.

ამ ფაქტმა სტუდენტების ერთი ჯგუფის პროტესტი გამოიწვია. მათი თქმით არარელევანტურია 19 000 ლარი იხარჯებოდეს სტუდენტური თვითმმართველობის ტრენინგისათვის, მაშინ, როცა უნივერსიტეტში არაერთი პრობლემაა- დაწყებული ქართულ ენაზე სასწავლო მასალის არარსებობით, დამთავრებული უნივერისტეტის გაურემონტებელი კორპუსებით.

სტუდენტების მიერ ადმინისტრაციიდან გამოთხოვილ დოკუმენტში, სადაც აღწერილია სტუდენტური თვითმმართველობის წარდგინებით განხორციელებული ღონისძიებების ხარჯები 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, არაფერი წერია თებერვალში ბაკურიანში ჩატარებული ტრენინგის შესახებ, მაშინ, როცა 2014 წლის ხარჯებში აღნიშნულია ეს ფაქტი. ირაკლი საღარეიშვილის თქმით, შესაძლოა, ადმინისტრაციას უბრალოდ გამორჩენოდა ეს ღონისძიება.

სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ თვითმმართველობის წევრები, მათ შორის თვითმმართველობის თავმჯდომარეც, მუდმივად აპელირებდნენ იმ ფაქტზე, რომ ბაკურიანის ტრენინგი წინა მოწვევის თვითმმართველობის დროს იყო და ამით ისინი პასუხისმგებლობას იხსნიდნენ ამ თემაზე.

“მაშინ, როცა თვითმმართველობის თავჯდომარე, მოადგილე და სხვა წარმომადგენლები ბაკურიანის 19 000-ლარიან ტრენინგზე პასუხისმგებლობას მთლიანად იცილებდნენ თავიდან და მას ვლადიმერ პაპავასა და წინა მოწვევის თვითმმართველობას აკისრებდნენ, ვიგებთ, რომ ისინი უბრალოდ გვატყუებენ,” – ამბობს თსუ-ის სტუდენტი ნათია ქარჩილაძე.

2015 წლის 22 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეთერში გასულ გადაცემა “რეალურ სივრცეში” თვითმმართველობის წარმომადგენელმა, გიორგი კაკაურიძემ, 19 000-ლარიან ტრენინგთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს 2014 წლის თებერვალში, წინა მოწვევის თვითმმართველობის დროს იყო და ამიტომ პასუხისმგებლობას არ იღებს.

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ, შალვა საბაურმა, ნეტგაზეთთან საუბრისას დაადასტურა, რომ 2015 წლის თებერვალში ბაკურიანში გაიმართა ტრენინგი.

შალვა საბაურის თქმით, ტრენინგს ესწრებოდა 120 სტუდენტი.

“სტუდენტურ თვითმმართველობას აკისრია წარმომადგენლობითი ორგანოს როლი და ეს სტუდენტები წლიდან წლამდე მუშაობენ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. გამოდის, რომ ის თანხა, რომელსაც იხდიან, არანაირად არ უბრუნდებათ უკან. ეს სტუდენტები ვერ მიიღებენ მონაწილეობას კონფერენციებში, სადაც, ვთქვათ, შეიძლება გაიმარჯვონ და მოიგონ 200 ლარი. ეს არის ერთგვარი მადლობა უნივერსიტეტის მხრიდან,” – განაცხადა შალვა საბაურმა.

საბაური ამბობს, რომ ეს ტრენინგი ბაკურიანის ნაცვლად თბილისში რომ ჩატარებულიყო, ხარჯთაღრიცხვაში დიდი განსხვავება არ იქნებოდა.

“ასეთი ტრენინგები უნივერსიტეტშიც ტარდება, მაგრამ ამ კონკრეტული ღონისძიების არსი ის იყო, რომ ერთ სივრცეში იყვნენ ადამიანები გარკვეული დროის განმავლობაში  და უფრო პროდუქტიული იყოს ეს ტრენინგები,” – ამბობს შალვა საბაური.

2015 წლის 20-22 ოქტომბერს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ პირველი კორპუსის წინ აქციების ციკლი გაიმართა. სხვა მოთხოვნებთან ერთად, მათი მთავარი მოთხოვნა რექტორის, ვლადიმერ პაპავას, გადაყენება და ადმინისტრაციის რებრენდინგი იყო. აქციების ფონზე რექტორი სტუდენტური თვითმმართველობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ სტუდენტების ჯგუფს შეხვდა, სადაც 19 000-ლარიან ტრენინგს “ხარვეზი” უწოდა და სტუდენტებს დაპირდა, რომ დააწესებდა მაქსიმალურ ზღვარს თვითმმართველობის პროექტების დაფინანსებისთვის. თსუ-ის საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი საღარეიშვილი, ამ ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ რექტორი მას ამ თემასთან დაკავშირებით ესაუბრა.

“ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული 2016 წლისათვის და წამოწეული იქნება ის პრიორიტეტები, რაც უნივერსიტეტს მიაჩნია მიზანშეწონილად,”- ამბობს საღარეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი