ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უზრუნველყოფს დეზინფორმაციის გავრცელების გამო დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პროსახელისუფლებო ტელევიზიების უფლებების დაცვას. კობახიძე ამბობს, რომ თითოეული ჟურნალისტის – ამ შემთხვევაში “იმედისა” და POSTV-ის” თანამშრომლების – უფლებების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა.
“ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არის პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ არავის შევალახვინებთ ამ ძირითად უფლებას. დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, მედის თავისუფლების ძირითადი უფლება, ასევე, თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც ტელეკომპანია იმედში, ისე ტელეკომპანია POSTV-ში. ამაზე ვიღებთ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას. არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა და პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ იმისათვის, რომ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით, საზოგადოებას მიწოდონ ინფორმაცია. მედიის თავისუფლებაზე ქვეყანაში თავიდან ბოლომდე ხელისუფლება აგებს პასუხს”, – განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, ის ამბობს, რომ “ბუნებრივია” და “უნდა გაგრძელონ” სანქცირებულ ტელევიზიებთან თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებმა.
24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სანქციების სია გაფართოვდა და მას შეუერთდა ქართული პროსახელისუფლებო ტელეკომპანიები – “იმედი” და “POSTV”. როგორც UK-ის მთავრობის ვებგვერდზეა განმარტებული, ეს ტელეკომპანიები დაასანქცირეს რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით. უფრო ზუსტად, ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ორივე ტელევიზია “განზრახ ავრცელებს და ავრცელებდა შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ”.
ამავე თემაზე:
