ახალი ამბები

შევქმნით საკუთარ ბანკს – ,,იმედის ბანკს“ – „იმედი“

27 თებერვალი, 2026 •
შევქმნით საკუთარ ბანკს –  ,,იმედის ბანკს“ – „იმედი“

დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული „იმედი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საკუთარ „იმედის ბანკს“ შექმნიან.

როგორც „იმედი“ აცხადებს, ბანკი მათი ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლების, „ტელეკომპანიის „ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით“ შეიქმნება.

„იმედის“ განცხადებით, რამდენიმე ბანკმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად, გამოთქვა მზადყოფნა, საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას, თუმცა არ სურთ, ისინი ამის გამო დარტყმის ქვეშ დააყენონ.

„ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ამ ნდობის წყალობით, ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში. მიუხედავად ჩვენ მიმართ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა, ჩვენს მაყურებელს გვინდა ვუთხრათ, რომ „იმედს“ არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება.

არასდროს გვქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და დააფიქსირეს, რომ „იმედს“ მათი ფინანსური მხარდაჭერა კვლავაც ექნება. მათ შორის, რამდენიმე ბანკმა, შესაძლო სირთულეების მიუხედავად, გამოთქვა მზადყოფნა, საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას.

ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული მათი ბიზნესსაქმიანობისთვის მოსალოდნელი რისკები (იქნება ეს ანტიპიარი, ფინანსური პრობლემები თუ სხვა), რაც დამატებით სპირალში შეგვიყვანს – ნამდვილად არ გვსურს, დარტყმის ქვეშ დავაყენოთ რომელიმე მათგანი და მათზე ნადირობა გამოაცხადონ ძალებმა, რომელთა უშუალო ჩართულობით, 2007 წლიდან მოყოლებული, უკვე მეორედ თავს დაესხნენ თავისუფალ მედიას და სიტყვის თავისუფლებას.

„ტელეიმედი“ დაბადებულია გამარჯვებისთვის. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში, გაასმაგებული ენერგიით განვაგრძობთ საზოგადოების ინფორმირებას. ამავე დროს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველვყოფთ აბსოლუტურად ყველა თანაშრომლის, სხვათა შორის უკვე გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.

გარდა ამისა, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“, – ნათქვამია „იმედის“ განცხადებაში.


24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) სამთავრობო ტელეკომპანიები “იმედი” და POSTV დაასანქცირა.

როგორც UK-ის მთავრობის ვებგვერდზეა განმარტებული, ეს ტელეკომპანიები დაასანქცირეს რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით.

დაწესებული სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, ტრასტული მომსახურების აკრძალვას, დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.

გაერთიანებული სამეფოს დასაბუთება “იმედთან” და POSTV-სთან დაკავშირებით ისაა, რომ „ისინი თავისი აუდიტორიისთვის, რომელიც ძირითადად საქართველოში იმყოფება, განზრახ ავრცელებენ და ავრცელებდნენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, ისინი რეგულარულად ავრცელებენ შინაარსს (კონტენტს), თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი