4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მოკრივე გიორგი კირვალიძემ საპროცესოს გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ დამტკიცების შემდეგ საპროცესოზე უარის თქმის პროცედურას კოდექსი არ ცნობს. თუმცა ამბობს, რომ კირვალიძის საკითხზე იმსჯელებენ.

გიორგი კირვალიძემ, ისევე როგორც 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა სხვა 30-ზე მეტმა პირმა, თავად მიმართა პროკურატურას საპროცესოს შეთანხმების თხოვნით. ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ, დღეს, 24 ივნისის სხდომაზე, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დაამტკიცა პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის მიღწეული შეთანხმებები.

კირვალიძის გარდა დღევანდელ სხდომაზე კიდევ 11 ბრალდებულის საპროცესო დაამტკიცეს. ესენი არიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი და კობა ეპიტაშვილი.

შეთანხმების პირობების მიხედვით, ისინი 1 წელს გაატარებენ ციხეში და 3 წელი პირობითი ექნებათ. სხდომაზე მოსამართლე თამარ მახარობლიძემ თითოეულ მათგანს ჰკითხა, შეთანხმებას საკუთარი ნებით აფორმებდნენ თუ არა და თანახმა იყვნენ თუ არა აღნიშნულ პირობებზე. თავდაპირველად მას ყველა დაეთანხმა.

პროცედურული ნაწილის შემდეგ, როცა შეთანხმება უკვე დამტკიცებული იყო, მოსამართლემ საჯაროდ გამოაცხადა შედეგი: თქვა, რომ დაკავებულები აღიარებდნენ მათთვის წარდგენილ ბრალს, რის სანაცვლოდაც უფორმდებოდათ საპროცესო. სწორედ ამ დროს წამოდგა ფეხზე გიორგი კირვალიძე და განაცხადა, რომ არაფერს აღიარებს.

სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა როინ ხინთიბიძე განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ცნობს შეთანხმების დამტკიცების შემდეგ მასზე უარის თქმის შესაძლებლობას. თუმცა მხარეებს 15-დღიანი ვადა აქვთ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. ხინთიბიძემ განაცხადა, რომ პროკურატურა იმსჯელებს საკითხთან დაკავშირებით.

“გიორგი კირვალიძემ პროცესის მიმდინარეობისას აღიარა დანაშაულო. განაცხადა, რომ თავს ცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. განცხადებით მოგვმართა და დაადასტურა, რომ თავს ცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაემტკიცებინა და გამოეტანა განაჩენი მის მიმართ. თუმცა, განაჩენის გამოტანის შემდეგ, ის გახდა აგრესიული და თქვა, რომ უკან მიჰქონდა აღიარება. თუმცა ასეთი რაღაც არ არსებობს საპროცესო კოდექსში – განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესოზე უარს ვერ იტყვი.

[…] ვიმსჯელებთ ამ ყველაფერზე. ასეთი რაღაც არ მომხდარა. არასდროს არავის არ უთქვამს უარი საპროცესოზე მას შემდეგ, რაც დამტკიცდა […] 15 დღის ვადაში შესაძლებელია მხარემ გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება, თუ ბრალდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა”, – განაცხადა პროკურორმა.

გიორგი კირვალიძეს, ისევე როგორც დანარჩენ 11 მსჯავრდებულს, ბრალი წარდგენილი ჰქონდათ ორი მუხლით:

  1. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
  2. სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (19-222 მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით).

ამავე მუხლებით ჰქონდა ბრალი წარდგენილი კიდევ ერთ დაკავებულს, მანუჩარ მიქელაძეს. თუმცა საპროცესო შეთანხმებაზე თავიდანვე უარი თქვა.

“ბატონო მოსამართლევ, დღეს აქ რაც ხდება, ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის სამარცხვინო, სატირალი და სასაცილო ერთდროულად. რატომ? ქვეყნისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ხალხი ვისჯებით და ე.წ. ხელისუფლების მიერ დადებულ პროვოკაციებში ეძებს პროკურატურა ჩვენს დანაშაულს”, – ასე მიმართა მანუჩარ მიქალაძემ მოსამართლე მახარობლიძეს, რომელმაც მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე: