საზოგადოება

ოთხმა წევრმა რეესტრს მიმართა და მოითხოვა “იმედის” სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლა

25 თებერვალი, 2026 •
ოთხმა წევრმა რეესტრს მიმართა და მოითხოვა “იმედის” სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლა

დღეს, 25 თებერვალს დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებიდან მეორე დღეს, ირაკლი რუხაძემ და „ტელეიმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრებმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებებით მიმართეს.

საჯარო რეესტრის ვებგვერდის თანახმად, 25 თებერვალს სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ მიმართეს:  ირაკლი რუხაძემ (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე), გიორგი ბახტაძემგიორგი კალანდარიშვილმა (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) და დავით შონიამ. სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ მაკა ლომიძე რჩება, რომელიც ამავდროულად „იმედის“ დირექტორია.

საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაში ისინი თავიანთი განაცხადების დაკმაყოფილებას დაჩქარებული წესით, მიმართვის დღესვე ითხოვენ და ამისათვის 414-414 ლარები გადაიხადეს. რეესტრს მათი ეს მოთხოვნა ჯერ არ დაუკმაყოფილებია.

როგორც მათ განცხადებებშია აღნიშნული, სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მიზეზი „ტელეიმედის“ მფლობელის ცვლილებაა და მათ ამ გადაწყვეტილების შესახებ „ტელეიმედის“ დირექტორს 6 თებერვალს წერილობით აცნობეს. თუმცა სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებით საჯარო რეესტრს 25 თებერვალს მიმართეს, დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიის დასანქცირებიდან მეორე დღეს.

ირაკლი რუხაძემ სამთავრობო მედიის მფლობელობიდან გასვლის შესახებ განცხადება 6 თებერვალს გაავრცელა. ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამ ტელეკომპანიას წლების განმავლობაში ფლობდა.

ტელეკომპანია „იმედი“, რომელსაც 2025 წლის მონაცემებით, სახელმწიფოს წინაშე დაახლოებით 17 მილიონ ლარამდე დავალიანება ჰქონდა, 1000 ლარად გაიყიდა.

„ტელეიმედის“ ახალი მფლობელები „პრაიმ მედია გლობალი“, „იმედის“ მოქმედი დირექტორი მაკა ლომიძე და მისი მოადგილეები არიან. შპს „პრაიმ მედია გლობალის“ 100%-იანი წილის მფლობელი ილია მიქელაიშვილია. რუხაძემ მათ შუამავალი კომპანია (შპს ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი) დაუთმო, რომლის საშუალებითაც ის იმედის 100%-ს ფლობდა.

ილია მიქელაიშვილს 2025 წელს სურდა საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრობა, თუმცა ის კომისიის წევრად არ აირჩიეს. ბიოგრაფიის მიხედვით, ილია მიქელაიშვილი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ჩათვლით იყო GWP-ს ოპერაციების დაგეგმარების სამსახურის უფროსი.2015 წლის ნოემბრიდან 2021 წლამდე იყო თბილისის მერიის საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების უფროსი. ილია მიქელაიშვილი ასევე ფიგურირებს 2025 წლის 5 სექტემბერს, თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის წინ გამართული საპროტესტო აქციისას მომხდარ ინციდენტში.

გარიგება, რომელიც ფორმალურად მედიაბიზნესის ჩვეულებრივ ტრანზაქციად წარმოჩნდა, რეალურად სარედაქციო პოლიტიკის წინასწარ განსაზღვრის პირობას შეიცავს და კრძალავს „იმედის“ ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის და მასთან დაკავშირებული პირებისა და კომპანიების კრიტიკას.

„ტელეიმედის“ მფლობელის ცვლილებიდან 18 დღის შემდეგ, 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) სამთავრობო ტელეკომპანიები “იმედი” და POSTV დაასანქცირა.

როგორც UK-ის მთავრობის ვებგვერდზეა განმარტებული ეს ტელეკომპანიები დაასანქცირეს რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით.

დაწესებული სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, ტრასტული მომსახურების აკრძალვას, დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.

გაერთიანებული სამეფოს დასაბუთება “იმედთან” და POSTV-სთან დაკავშირებით ისაა, რომ „ისინი თავისი აუდიტორიისთვის, რომელიც ძირითადად საქართველოში იმყოფება, განზრახ ავრცელებენ და ავრცელებდნენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, ისინი რეგულარულად ავრცელებენ შინაარსს (კონტენტს), თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი