4 ოქტომბრის ერთ-ერთ საქმეზე, სადაც 13 ბრალდებულია და მოსამართლე თამარ მახარობლიძე განიხილავს, დღეს, 25 თებერვალს, დაზარალებული მოწმე, გდდ-ის თანამშრომელი, განყოფილების უფროსი იოსებ როსტიაშვილი დაიკითხა.
ამ საქმის ბრალდებულები არიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი.
იოსებ როსტიაშვილისთვის ეს არის 4 ოქტომბრის მიმდინარე საქმეებზე მესამე ჩვენება სასამართლოში. სავარაუდოდ, მას კიდევ ორჯერ მოუწევს ჩვენების მიცემა, რადგანაც, მოგეხსნებათ, 4 ოქტომბრის საქმე და 64 ბრალდებული 5 საქმედ არის დაყოფილი და გადანაწილებული.
იოსებ როსტიაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში 2021 წლიდან მუშაობს. უკანასკნელი 2 წელია, განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებს. ადვოკატების კითხვების პასუხად ირკვევა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე, როდესაც მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს გდდ არბევდა, პარლამენტთან „სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა“.
4 ოქტომბრის აქციაზე, როგორც როსტიაშვილი ჰყვება და აქამდეც უკვე ორჯერ მოჰყვა, მას თავის არეში არაერთხელ [სამჯერ] მოხვდა ფილა და ქვა. გაუტყდა ჩაფხუტი და მიიღო მსუბუქი ტვინის შერყევა — ჰქონდა სისუსტე, თავბრუსხვევა, ღებინების შეგრძნება, გაუჭირდა მოძრაობა. გადაიყვანეს კლინიკაში და სამსახურში 2 კვირის შემდეგ დაბრუნდა.
საგულისხმო დიალოგები მოწმესა და დაცვის მხარეს შორის:
ადვოკატი ბორის ჩელე ყურუა (გიორგი კირვალიძის ადვოკატი): რატომ დაიწყეს თქვენ მიმართ აგრესიის გამოხატვა?
მოწმე იოსებ როსტიაშვილი: რა ვიცი, ჰკითხეთ.
ადვოკატი ყურუა: თქვენ როგორ ფიქრობთ, იქნებ ხელს უშლიდით?
მოწმე როსტიაშვილი: დიახ, ვუშლიდით ხელს, რომ ანგრევდნენ ქვეყანას. აზიანებდნენ ქალაქის ქონებას.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის ჩაკითხვის პასუხად, გდდ-ის თანამშრომელმა მოწმე როსტიაშვილმა დააზუსტა, რომ არა ქვეყნის დანგრევას, არამედ ქალაქის ქონების დაზიანებას „აბრალებდა“ აქციის მონაწილეებს. მისმა ამ ნათქვამმა ბრალდებულებს, როგორც თავად ამბობენ, თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინა. არაა მათთვის დამაჯერებელი ისიც, რომ ქალაქის ქონების [ნაგვის ურნები, ღობე] დაზიანებას გულისხმობდა მოწმე როსტიაშვილი. მით უმეტეს, ამასობაში ისიც დააზუსტა იოსებ როსტიაშვილმა, რომ როგორც გდდი-ს თანამშრომელი, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე დემონსტრანტების უმოწყალო დარბევებისას ისიც „იყო სხვადასხვა აქციაზე“.
ბრალდებული კახაბერ კვაჭანტირაძე: მე შეურაცხყოფილი ვარ მისი ნათქვამით. გაბრაზებული ადამიანები რომ გამოსულები არიან აქციაზე… ადამიანები უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის თუ ნაგვის ურნა? როდესაც თქვენი კოლეგები თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს, აზიანებენ მათ ჯანმრთელობას, მათ მიმართ თუ გაგაჩნიათ პროტესტი?! რა არის უფრო ძვირფასი? ნაგვის ურნა თუ თავისუფლებისთვის მებრძოლი თუნდაც ერთი დემონსტრანტი?!
[კითხვის ბევრჯერ არიდების, განმარტების, ადვოკატების მხრიდან დასაბუთების შემდეგ, რომ ამ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვანია, მოწმე ბოლოს და ბოლოს პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეა მნიშვნელოვანი“.]
ბრალდებული მანუჩარ მიქელაძე: ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რომ ეს ადამიანები მართლები არიან? რომ ხელისუფლება ანგრევს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს? და ჩვენ მართლა გაბრაზებული და სიმართლისთვის მებრძოლი ხალხი ვართ? თუ მოქალაქეების ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, რა რეაქცია გქონდათ, როცა მოქალაქეებს ლეწავდნენ რუსთაველზე?
მანუჩარ მიქელაძის კითხვები უპასუხოდ დარჩა. უპასუხოდ დარჩა ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის ისეთი კითხვებიც, როგორიცაა:
- უკვე დაკავებულ, განეიტრალებულ დემონსტრანტებს რომ სასტიკად უსწორდებოდნენ გდდ-ის წარმომადგენლები, ეს თუ გინახავთ?
- თქვენი რომელიმე თანამშრომელი თუ იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემული იმ უკანონო ქმედებების გამო, რასაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჰქონდა ადგილი?
- გდდ-ის თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულები, სახის ძვლებს რომ უმტვრევდნენ დემონსტრანტებს… ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იყო თქვენ მიმართ აგრესიის მიზეზი აქციაზე?
- ხომ არ გსმენიათ, თქვენი ყოფილი უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი, ე,წ „ხარება“, კამერების წინ რომ ურტყამდა დემონსტრანტებს, თუ იყო დაბარებული საგამოძიებო ორგანოებში?
იოსებ როსტიაშვილს არ დაუნახავს, ვინ ესროლა მას ქვები და ვინ მიაყენა დაზიანება. ის 4 ოქტომბრის საქმეში ვერცერთ ბრალდებულს ვერ ადებს ხელს.
როსტიაშვილმა, როდესაც ჩვენება მისცა 4 ოქტომბრის 15-პირიან საქმეში, ისაუბრა აქციის მონაწილეების მხრიდან გდდ-ის წარმომადგენლებისა და სამართალდამცველების მიმართ შეურაცხმყოფელ მიმართვებზე. მაშინ მან განმარტა, რომ მისთვის შეურაცხმყოფელი იყო მოქალაქეთა მიმართვა, სამართალდამცველები მათ მხარეს გადასულიყვნენ.
„როდესაც ეს ადამიანები [ვინც მომიწოდებდნენ] ანგრევენ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ქალაქს, ნამდვილად შეურაცხყოფაა“, — აღნიშნა მაშინ მოწმე როსტიაშვილმა.
მისი გატეხილი ჩაფხუტი გამოძიებას არ ამოუღია. მოწმის თქმით, ის უბრალოდ დაიკარგა და ჩამოწერეს.
იოსებ როსტიაშვილი მხოლოდ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დარბევებისას არ იმყოფებოდა რუსთაველზე. ღია წყაროებში მის გვარ-სახელზე იძებნება „ოცნების“ ხელისუფლებისადმი ლოიალურ პლატფორმებზე განთავსებული ამბავი, როგორ აიღო სპეცრაზმელმა, ანუ იოსებ როსტიაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ძირს დავარდნილი საქართველოს დროშა, აკოცა და შეინახა. ამისთვის კი შემდეგ შსს-მ „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა მედალიონით.
4 ოქტომბრის პროტესტი ბარიკადების ერთ მხარეს „მშვიდობიანი რევოლუციის მცდელობად“ შეფასდა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. „ოცნების“ რეჟიმმა კი ის „კონსტიტუციური წესრიგის დამხობის“, პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის სისხლის სამართლის საქმედ აქცია. სწორედ ამას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეებზე 64 ბრალდებულს.
64-პირიანი საქმე, 10, 12, 13, 14, 15-პირიან საქმეებად დაშალეს, 5 მოსამართლეს და 6 პროკურორს გაუნაწილეს — მსოფლიო ბანი, ყოფილი მაღალჩინოსნები და მოქმედი პოლიტიკოსები, რიგითი ადამიანები თითქმის მთელი საქართველოდან, მათ შორის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობებით, ქალები, ემიგრანტები, ყოფილი სამხედროები.
58 ადამიანი პატიმრობაშია. 4 ადამიანი გირაოთია გათავისუფლებული — ექიმი/პროფესორი გოგი ჩახუნაშვილი, კრეატიული დირექტორი ია დარახველიძე, მცირეწლოვანი ბავშვის დედა მარიამ მეყანწიშვილი და კიდევ ერთი ადამიანი, ევა შაშიაშვილი, თავადაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, შშმ შვილზე ერთადერთი მზრუნველი ქალი, რომელიც წინასაახალწლოდ გამოუშვეს საგანგებოდ დანიშნულ სხდომაზე.
ორი ბრალდებული დაკავებული არ არის და მიმალვაშია — გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ერთი მოქალაქე, ანტონ უპერი, რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა.
ასევე დაგაინტერესებთ:
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს








