დღეს, 30 იანვარს, 4 ოქტომბრის საქმეზე პირველად გამოიკითხა სპეცრაზმელი.
იოსებ როსტიაშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს – ამბობს, რომ 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან დაახლოებით ორი საათის შუალედში 3-ჯერ მოხვდა მძიმე საგანი. მე-3 შემთხვევის შემდეგ ფიზიკურად ვეღარ შეძლო ადგილზე დარჩენა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როსტიაშვილის თქმით, 3-დან ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაინახა, ვისი გასროლილი საგანი მოხვდა. ის არ იცნობს არცერთ ბრალდებულს, არცერთი დაუნახავს 4 ოქტომბერს, შემთხვევის ადგილზე. თუმცა კონკრეტული ბრალდებულების შესახებ დასმულ კითხვებზე, მაგალითად, აქვს თუ არა პრეტენზია კონსტანტინე კოკაიას, ან დავით სტურუას მიმართ, როსტიაშვილი ამბობს, რომ “ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს”.
“მე სახეზე ვერავის ვერ ვცნობ და ჩემგან არ იქნება მართალი, რომ ხელი დავადო ისეთ ადმაიანს, რომელსაც ვერ ვცნობ […] ეს იყო ჯგუფი, ძალადობრივი ჯგუფი. ძალადობრივ ჯუფში ვინც იყო, ყველას მიმართ მაქვს [პრეტენზია], რა თქმა უნდა. კონკრტულად ვინ იყო, მე არ ვიცი”, – განაცხადა მან დაკითხვისას.
იოსებ როსტიაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში 5 წელია მუშაობს. ამჟამად ერთ-ერთი განყოფილების უფროსია. როგორც ჰყვება, 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან დაახლოებით 10-15-კაციან ჯგუფს ხელმძღვანელობდა. არც მისი და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი სხვა სპეცრაზმელების ჩაფხუტები დანომრილი არ ყოფილა. მათ აღჭურვილობაზე არ ჰქონიათ არც სხვა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რითაც მათი ერთმანეთისგან გარჩევა შესაძლებელი იქნებოდა. როსტიაშვილი ამბობს, რომ არ იცის, როგორი იყო სხვა დანაყოფების აღჭურვილობა. უფლებადამცველები არაერთი წელია საუბრობენ იმის შესახებ, რომ მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება აქციების მართვის საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან სპეცრაზმელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის დამნაშავის გამოვლენას.
- ჩაფხუტების დანომვრაზე სპეცრაზმელების ნათქვამი ეწინააღმდეგება უწყებების ოფიციალურ განმარტებებს – საია
რას აღიქვამს სპეცრაზმელი შეურაცხყოფად
როსტიაშვილის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციასთან, ჯამში, დაახლოებით 40-50 სპეცრაზმელი იყო. მისი თქმით, ისინი ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, როცა შეკრებილი მოქალაქეები “უკვე ძალადობაზე იყვნენ გადასულები”. როსტიაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეები ესროდნენ სხვადასხვა ნივთს, აზიანებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე ინვენტარს და ეძახდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს.
“გვეუბნებოდნენ, რომ გადავსულიყავით მათ მხარეს. შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. გვეძახდნენ რუსის მონებს, ღორებს და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად ვითმენდით ამ ყველაფერს”, – თქვა მან.
ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ მას ჰკითხა, რატომ მიიღო შეურაცხყოფად მოქალაქეების მოწოდება, “გადასულიყვნენ მათ მხარეს”.
იოსებ როსტიაშვილი: “როდესაც ეს ადამიანები [ვინც მომიწოდებენ] ანგრევენ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ქალაქს, ნამვილად შეურაცხყოფაა”.
ლაშა ცუცქირიძე (ადვოკატი): “ავიღოთ ასეთი მოცემულბა, პირადად მე ვარ იქ, არავის არაფერს არ ვესვრი, არ ვანგრევ არაფერს, უბრალოდ გეუბნებით ამ სიტყვებს. შეურაცხყოფაა ეს?”
იოსებ როსტიაშვილი: “ჩვენ მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს, მათ შორის, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, დაშლილიყვნენ. რადგან თქვენ ისევ იქ დგახართ, ე.ი. მშვიდნობიანი აღარ ხართ”
ლაშა ცუცქირიძე (ადვოკატი): “მე არ ვმოქმედებ, დანაშაულს არ ჩავდივარ, უბრალოდ ვდგავარ. მაინც კანონდამრღვეად აღვიქმები თქვენს თვალში?
იოსებ როსტიაშვილი: უკვე გიპასუხეთ.
დააზიანა თუ არა გაზმა სპეცრაზმელები
იოსებ როსტიაშვილმა თქვა, რომ როცა მესამედ მოხვდა ქვა, ძლიერ ტკივილთან ერთად გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა და სწორედ ამის გამო ვეღარ შეძლო ადგილზე დარჩენა.
“მომხვდა დიდი ზომის ქვა და განვიცადე ძალიან ძლიერი ტკივილი თავის არეში. ვგრძნობდი გულისრევის შეგრძნებას, უკვე ფეხზეც ვეღარ ვიდექი”, – თქვა სპეცრაზმელმა.
ადვოკატი გიორგი ჩხეიძე დაინტერესდა, შეეძლო თუ არა ამ სიმპტომის გამოწვევა გაზს, რომელიც ათონელის რეზიდენციასთან თავად სპეცრაზმელებმა გაუშვეს.
გიორგი ჩხეიძე: “სუნთქვის გაძნელებას თუ განიცდიდით?”
იოსებ როსტიაშვილი: “კი”
გიორგი ჩხეიძე: “უკავშირებთ თუ არა ამას გაზის შესუნთქვას?”
იოსებ როსტიაშვილი: “შეიძლება გაზიც იყო, არ ვიცი.”
გიორგი ჩხეიძე: “შეიძლება თუ არა ის სიმპტომები, რაც დაასახელეთ, უკავშირდებოდეს გაზს და არა ქვის მოხვედრას?”
იოსებ როსტიაშვილი: “ტკივილი აღმენიშნებოდა უშუალოდ ქვის მოხვედრიდან გამომდინარე. ფორმა 100-შიც წერია.”
გატეხილი ჩაფხუტი, რომელიც გამოძიებას არ ამოუღია
იოსებ როსტიაშვილი ამბობს, რომ 3-ჯერ მოხვდა მძიმე საგანი: ერთი დიდი ზომის ქვა, მეორე – შედარებით მცირე ზომის “მომრგვალებული საგანი” და მესამე – ქვის ფილა. ამბობს, რომ სამივე საგანი მას თავის არეში მოხვდა. პირველმა ქვამ ჩაფხუტი გაუტეხა, რომელიც მოიხსნა და სხვა სპეცრაზმელის ჩაფხუტი დაიფარა – იმის, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკვე გარიდებული იყო ტერიტორიიდან. როგორც აღმოჩნდა, გამოძიებას როსტიაშვილისგან არ ამოუღია მისი გატეხილი ჩაფხუტი. შესაბამისად, არც ამ ნივთის დათვალიერება, ან სხვა რაიმე ფორმით შემოწმება არ მომხდარა და მისი დაზიანების შესახებ ინფორმაცია სასამართლოს მხოლოდ როსტიაშვილის ჩვენებიდან აქვს.
შოთა კახიძე (ადვოკატი): “ჩაფხუტმა ვერ დაგიცვათ?”
იოსებ როსტიაშვილი: “ვერა”
შოთა კახიძე (ადვოკატი): “რატომ, უხარისხო ჩაფხუტებია?”
იოსებ როსტიაშვილი: “100%-ით ვერ გვიცავს.”
შოთა კახიძე (ადვოკატი): “ჩაფხუტებს რატომ იკეთებთ, საკუთარი უსაფრთხოების დასაცავდ თუ მეზობლებმა და ნათესავებმა რომ ვერ გიცნოთ, მაგიტომ?”
იოსებ როსტიაშვილო: “ჩაფხუტს ვიკეთებთ იმიტომ, რომ … თავდაცვისთვის”
“თანამებრძოლი” სპეცრაზმელები
საკუთარ დაზიანებებზე საუბრისას როსტიაშვილს პროკურორი ვაჟა თოდუა ჩაეკითხა, ვისთან ერთად იყო იმ მომენტში.
“ჩემი თანამებრძოლები იყვნენ, ჩემი თანამშრომლები. კონკრეტული სახელი დავასახელო? ერთი იყო ვალერი ფეიქრიშვილი …” ,- თქვა როსტიაშვილმა.
გდდ-ის დანაყოფის უფროსის მიერ საკუთარი თანამშრომლების “თანამებრძოლებად” მოხსენიებას ბევრი კითხვა მოჰყვა.
ლაშა ცუცქირიძე (ადვოკატი): “ცუდად არ გამიგოთ, თქვენივე ნათქვამიდან გამომდინარე გეკითხებით, ვის ებრძოდით?”
იოსებ როსტიაშვილი: “არავის არ ვებრძოდით, წესრიგს ვიცავდით”.
ლაშა ცუცქირიძე (ადვოკატი): “თანამებრძოლები რატომ უწოდეთ თანამშრომლებს?”
პირველ ჯერზე როსტიაშვილმა ამ კითხვას თავი აარიდა, თუმცა შემდეგ იგივე კითხვა სხვა ადვოკატებმაც დასვეს. საბოლოოდ, სპეცრაზმელმა განმატა, რატომ მოიხსენია თანამშრომლები თანამებრძოლებად.
იოსე როსტიაშვილ: “იქ კონკეტულად არავის ვებრძოდით, მაგრამ ავხსნი, რატომ ვუწოდე თანამებრძოლები. იმიტომ, რომ ჩემი დანაყოფი დავდივართ საოკუპაციო ხაზზე ყოველდღე და იმიტომ ვუწოდე თანამბრძოლები”.
შოთა კახიძე: აა, იქ იბრძვით? იქ ვის ებრძვით?
პროკურორების პროტესტის შემდეგ მოსამართლემ საუბრის თემა შეცვალა.
კითხვები, რომლებსაც მოწმემ არ უპასუხა
იოსებ როსტიაშვილისთვის დასმული კითხვების დიდი ნაწილი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურორების შუამდგომლობით მოხსნა. ვაჟა თოდუა და როინ ხინთიბიძე ამბობდნენ, რომ ეს კითხვები საქმესთან შემხებლობაში არ იყო.
მაგალითად, ადვოკატმა შოთა კახიძემ სპეცრაზმელს ჰკითხა:
- “დაზიანება, რომელიც მიიღეთ, არის თუ არა იმ აგრესიული გარემოს შედეგი, რომელიც შექმნაში ხშირად ძალოვან უწყებებს ადანაშაულებენ?”
- “თქვენ დაზარალებულის სტატუსით საუბრობთ იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტეს პროკურატურაში. გახსოვთ ის ადამიანები, რომლებიც სახეში დამიზნებით დაასახიჩრეთ?”
- “გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმ ადამიანების წინაშე, ვინც თქვენი, ან თქვენი ქვედანაყოფის სხვა წარმომადგენლების გამო ჯანმრთელობა დაიზიანეს?”
- “გახსოვთ იმ ფიცის შინაარსი, რომელიც შსს-ში მუშაობის დაწყებამდე დადეთ? თვლით თუ არა, რომ ამ ფიცის მიხედვით ადამიანის უფლებების დაცვა გევალებათ? თვლით თუ არა, რომ ჩამოთვლილი აქციების სასტიკად დარბევით [2019 წლის 20 ივნისი, 2023 წლის მარტის და 2024 წლის აპრილის აქციები, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი] თქვენი ფიცი დაარღვიეთ და ამისთვის კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოთ?”
- “როცა უყურებთ კადრებს, სადაც თქვენი კოლეგები ფიზიკურად უსწორდებიან წაქცეულ ან უიარაღო ადამიანებს, გიჩნდებათ თუ არა პროტესტის გრძნობა? გაგჩენიათ თუ არა პროტესტის გრძნობა, როცა ნახეთ, როგორ იძალადეს თქვენმა კოლეგებმა, თანამშრომლებმა ადამიანებზე?”
ადვოკატი განმარტავდა, რომ მას აინტერესებს, რამდენად აქვს ემპათიის უნარი მოწმეს – “საკუთარ ტკივილზე ისაუბრა და მაინტერესებდა, სხვისი ტკივილის გაზიარება შეუძლია თუ არა”.
იოსებ როსტიაშვილმა ამ კითხვებს არ უპასუხა. რაც შეეხება სამართალდამცველების მიერ მოქალაქეთა დაზიანების შემთხვევებს, სპეცრაზმელმა თქვა, რომ მსგავსი რამ არ დაუნახავს და არც გაუგია. გარდა ამისა, ყოველ ჯერზე, როცა ადვოკატები ახსენებდნენ აქციის დაშლას, ან დარბევას, იოსებ როსტიაშვილი მათ მიუთითებდა, რომ ისინი აქციას კი არ არბევენ, არამედ “წესრიგს აღადგენენ”.
ექსპერტები
დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტები, შალვა კინწურაშვილი და ოთარ ხაბურძანია. ამ უკანასკნელმა პრეზიდენტის სასახლის ღობის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა.
“ქალაქი თბილისი, ათონელის ქუჩა #25-ში მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ლითონის ღობის ორნამენტულ სექციებზე არსებული დაზიანებები ტეხის და დეფორმაციის სახით, წარმოდგენილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით და არცერთ მათგანზე ჭრის კვალი არ აღენიშნება”, – წერია დასკვნაში, რომელიც ხაბურძანიამ დაწერა.
პროკურორის კითხვების საპასუხოდ მან თქვა, რომ ღობე დაათვალიერა უშუალოდ ათონელზე, რეზიდენციასთან და შეამოწმა “დამაგრების და შედუღების ადგილები”. მისი თქმით, ექსპერტებმა ღობე დაათვალიერეს როგორც ვიზუალურად, ისე კრიმინალისტიკური ხელსაწყოების გამოყენებით.
კითხვაზე, როგორ დგინდება, დაზიანება ჭრის შედეგია თუ სხვანაირი დაზიანების, ექსპერტმა ასე უპასუხა: “ჭრის კვეთა სხვანაირია – ხაზოვანი, სარკისებური და [ამ შემთხვევაში] იყო მოტეხილი, გატეხილი”.
ადვოკატების კითხვაზე, დასმული იყო თუ არა ექსპერტისთვის კითხვა დაზიანების ხანდაზმულობის შესახებ, ოთარ ხაბურძანიამ უპასუხა, რომ “არა და რომც დაესვათ ეს კითხვა, ვერ დავადგენდი ხანდაზმულობას”.
რაც შეეხება შალვა კინწურაშვილს, მან სასაქონლო ექსპერტიზით დაადგინა დაზიანებული ინფრასტრუქტურის ღირებულება. კონკრეტულად, კინწურაშვილის ინფორმაციით, სასახლეს 8000 ლარის ზიანი მიადგა ღობის დაზიანებით, რომელიც იყო დეფორმირებული და სამაგრებიდან მოშლილი, ხოლო მისი მონტაჟი 1000 ლარი დაჯდა. ფილების შესაკეთებლად, რომლებზეც ღობე იდგა და რომლებიც “მოვარდნილი იყო საყრდენი კედლიდან”, 100 ლარი დაიხარჯა, ხოლო სამი ბოძკინტის შესაკეთებლად (ორი სასახლის წინ, ტროტუარზე და ერთი ეზოში) – 200 ლარი.
კითხვაზე, როგორ დაითვალეს ეს ხარჯები, ექსპერტმა უპასუხა:
“გამომდინარე საბაზრო ფასებიდან, სადაც ხდება ანალოგიური ღობეების საწარმოებში დამზადება. გათვალისწინებული იქნება მათიე ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა და მონტაჟის პროცედურის ღირებულება”.
დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ბრალდებულთა ნაწილი: დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კონსტანტინე კოკაია, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანრი თირქია. ორი კვირის წინ, 16 იანვარს გამართულ სხდომაზე მათ მოითხოვეს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დაკითხვა მისი განცხადების გამო.
“ვითხოვთ, სასამართლოს წინაშე წარდგეს პრემიერი კობახიძე, რომელმაც წინასწარ დააანონსა, რომ იქ დაგხვდებათ სიურპრიზებიო […] მოვითხოვთ, კობახიძე იქნეს გამოკითხული სასამართლოზე და დაასაბუთოს, რა სიურპრიზი გველოდებოდა ჩვენ იქ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი არ ვიცოდით”, – განაცხადა 16 იანვრის სხდომაზე კახაბერ მჟავანაძემ.
ბრალდებულები ამბობენ, რომ ათონელის რეზიდენციის ღობე წინასწარ იყო გადახერხილი, რადგან შექმნილიყო იმიტაცია, თითქოს ის აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პრეზიდენტის სასახლის, როგორც სტრატეგიული ობიექტის “ხელში ჩაგდების მიზნით”. მათი თქმით, ამას ადასტურებს კობახიძის განცხადებაც, რის გამოც ის სასამართლოში უნდა დაკითხულიყო. თუმცა მოსამართლე გელაშვილმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამიტომ, ბრალდებულებმა მომდევნო ორ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს.
ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულები არიან გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი. ორივე მათგანი სხდომას ესწრებოდა, თუმცა არც დარბაზში და არც დასრულების შემდეგ, მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში 64 ადამიანია ბრალდებული. მათი საქმეები სასამართლოში 5 ნაწილად არის გაყოფილი. ბრალდებულთა ნაწილს ორგანზიებულ ჯგუფურ ძალაოდბაში მონაწილებას ედავებიან, ნაწილს სტრატეგიული ობიექტის – პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობას. წარდგენილ ბრალდებებს შორისაა ნაწილს სხვისი ნივთის დაზიანება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ბრალდებულთა უმეტესობას 2 ან რამდენიმე ბრალი აქვს წარდგენილი.
ამავე თემაზე:
