საზოგადოება

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს

13 თებერვალი, 2026 •
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ, პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა.

ჯერ კიდევ 19 დეკემბერს პროკურორმა როინ ხინთიბიძემ გვითხრა, რომ ნებისმიერი ბრალდებულის მიმართ იმსჯელებდნენ საპროცესო შეთანხმების თაობაზე, თუკი კანონმდებლობის შესაბამისად, „ჩადენილ ქმედებას აღიარებდა და მტკიცებულებებს მიიჩნევდა უდავოდ, თავს ცნობდა სრულად დამნაშავედ“ და შესაბამისი მიმართვითა და განცხადებით მიმართავდა პროკურატურას. (იხილეთ მეტი ამ თემაზე ბმულზე: „აღიარონ დანაშაული და ვიმსჯელებთ პატიმრობის შეცვლაზე“ — 4 ოქტომბრის საქმე.)

თუმცა მსგავსი რამ სასამართლოში დღეს პირველად გახმიანდა. 13 თებერვალს 4 ოქტომბრის საქმეებიდან 15-პირიანი პროცესი გაიმართა. ამ საქმეში ბრალდებულები არიან: დავით ჟღენტი, ალექსანდრე გოგოლაძე, კახაბერ მჟავანაძე, ევა შაშიაშვილი, დავით სტურუა, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კონსტანტინე კოკაია, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, ია დარახველიძე, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე და ჯანდრი თირქია.

საპროცესო შეთანხმების თემაზე, რომელიც სხდომის ფარგლებში დეტალურად არ გაშლილა, განსხვავებული პერსპექტივით მსჯელობენ პროკურორი და ადვოკატები.

„არაერთმა ბრალდებულმა მოგვმართა განცხადებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. კონკრეტულ პირობებზე ჩამოყალიბებულები არ ვართ. გავაგრძელებთ მოლაპარაკებას და თუკი შევთანხმდებით, გაფორმდება შეთანხმება. ვინც მოგვმართა, ყველასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება“, — ამბობს პროკურორი როინ ხინთიბიძე, თუმცა არ აკონკრეტებს, რამდენმა ბრალდებულმა მიმართა განცხადებით პროკურატურას და რა პირობებს სთავაზობს მათ უწყება.

ის ადვოკატები, რომლებმაც დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრეს, ამბობენ, რომ მომავალ დღეებში მათი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულებთან დეტალურად იმსჯელებენ და შეჯერებულ პოზიციას გაახმიანებენ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ბრალდებულები თავს მიიჩნევენ უდანაშაულოდ და აქამდე გამოთქმული პოზიციების შესაბამისად, კატეგორიულად გამორიცხავენ ბრალის აღიარებას სასჯელის შემცირების სანაცვლოდ. შესაბამისად, მათ პროკურატურისთვის არ მიუმართავთ. მათი ნათქვამიდან ირკვევა, რომ პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მხოლოდ იმ პირებს არ სთავაზობს, ვინც თავისი ინიციატივით მიმართა უწყებას.

„მხოლოდ ადვოკატის მიმართვა არ არის საფუძველი საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით კონკრეტული პირობების წამოსაჭრელად, მაგრამ ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ მე, როგორც დავით ჟღენტის ადვოკატს, ბრალდების მხარისთვის არ მიმიმართავს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით. ჩვენ არც ბრალს ვაღიარებთ, არც მტკიცებულებებს ვხდით უდავოდ და დავითს არ მიაჩნია, რომ მან რამე დანაშაული ჩაიდინა.

პროცესამდე რამდენიმე წუთით ადრე ბრალდებისგან ცნობილი გახდა კონკრეტული პირობა კონკრეტულ პირებთან [ბრალდებულებთან] მიმართებით. ახლა ამ დეტალებს ვერ დავაზუსტებ, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ დავით ჟღენტის მიმართაც შემოთავაზებულია კონკრეტული პირობა — ერთი წელი რეალური სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა [პატიმრობა ციხეში], რასაც ავტომატურად უნდა მოჰყვეს ერთი წელი დამატებით პირობითი მსჯავრი.

არ დაგვავიწყდეს, დავით ჟღენტი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 48 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული, თვითონ პოლიციამ მიიჩნია, რომ მან ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ასეთ პირობებში ადამიანმა როგორ უნდა მოაწეროს ხელი, რომ მან თითქოს კონკრეტული [სისხლის სამართლის] დანაშაული ჩაიდინა, წარმოუდგენელია“, — ამბობს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.

დღევანდელ სხდომას არ დასწრებია ბრალდებული კონსტანტინე კოკაია.

„საქმეში არ არსებობს არცერთი მოწმე, არცერთი ვიდეომასალა, რომელიც დაადასტურებდა კონსტანტინე კოკაიას რაიმე სახის დანაშაულებრივ ქმედებას. სასამართლომ არცერთ ჯერზე არ შეისწავლა და გაითვალისწინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას. ეს არის პროტესტის საფუძველი მისთვის, რომ არ გამოცხადებულიყო სხდომაზე.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, დაცვის მხარეს პროკურატურისთვის არ მიგვიმართავს, ამას გამორიცხავს თავად კონსტანტინე კოკაია. თუმცა ბრალდების შემოთავაზებაზე ინფორმაციას ბატონ კოტეს მივაწვდი და შემდეგ ბატონი კოტე თავად გააკეთებს განცხადებას“, — ამბობს გიორგი ჩხეიძე, კონსტანტინე კოკაიას ადვოკატი.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხა დაზარალებულად ცნობილი მოწმე პოლიციელი, ლაშა ჯუღელი, რომელიც გუშინ, 12 თებერვალსაც დაკითხეს 10-პირიან სხდომაზე. თუ გუშინ ლაშა ჯუღელმა ხელი დაადო სხდომაზე ერთ-ერთ ბრალდებულს, გური ჟვანიას და აღნიშნა, რომ ის იყო ერთ-ერთი 15 პირიდან, რომელმაც მასზე 4 ოქტომბერს ორბელიანების სასახლესთან იძალადა, დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ წარმოდგენილი ბრალდებულებიდან პრეტენზია არცერთთან აქვს. მისი გუშინდელი ჩვენების დეტალები, რომლის იდენტური ჩვენება მისცა დღესაც, იხილეთ ბმულზე: „მატყუარა პოლიციელები და ვიდეომონტაჟი“ — როგორ აფასებს დაცვა პროკურატურის მტკიცებულებებს.

„მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება და არ გვაქვს მოლოდინი, რომ მტკიცებულებების საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. რაზე დაყრდნობით მივიდნენ იქამდე, რომ ახლა უნდა გააკეთონ შეთავაზება [საპროცესო შეთანხმებაზე], ამის გაანალიზება შეუძლებელია. ესაა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მოტივაციით ნაკარნახევი საქმე. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები არიან უდანაშაულოები და ისჯებიან სამშობლოს სიყვარულისთვის. იმისთვის, რომ ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებდნენ“, — აღნიშნავს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, რომელიც არაერთი პირის ინტერესებს იცავს 4 ოქტომბრის საქმეებში.


4 ოქტომბრის პროტესტი ბარიკადების ერთ მხარეს „მშვიდობიანი რევოლუციის მცდელობად“ შეფასდა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. „ოცნების“ რეჟიმმა კი ის „კონსტიტუციური წესრიგის დამხობის“, პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობისა და  ჯგუფური ძალადობის სისხლის სამართლის საქმედ აქცია. სწორედ ამას ედავებიან 4 ოქტომბრის საქმეებზე 64 ბრალდებულს.

64-პირიანი საქმე, 10, 12, 13, 14, 15-პირიან საქმეებად დაშალეს, 5 მოსამართლეს და 6 პროკურორს გაუნაწილეს — მსოფლიო ბანი, ყოფილი მაღალჩინოსნები და მოქმედი პოლიტიკოსები, რიგითი ადამიანები თითქმის მთელი საქართველოდან, მათ შორის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობებით, ქალები, ემიგრანტები, ყოფილი სამხედროები.

58 ადამიანი პატიმრობაშია. 4 ადამიანი გირაოთია გათავისუფლებული — ექიმი/პროფესორი გოგი ჩახუნაშვილი, კრეატიული დირექტორი ია დარახველიძე, მცირეწლოვანი ბავშვის დედა მარიამ მეყანწიშვილი და კიდევ ერთი ადამიანი, ევა შაშიაშვილი, თავადაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, შშმ შვილზე ერთადერთი მზრუნველი ქალი, რომელიც წინასაახალწლოდ გამოუშვეს საგანგებოდ დანიშნულ სხდომაზე.

ორი ბრალდებული დაკავებული არ არის და მიმალვაშია — გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ერთი მოქალაქე, ანტონ უპერი, რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი