საზოგადოება

როგორ დასაჯეს “მამაშვილურ გასაუბრებაზე” დაბარებული არქიმანდრიტი ილია საეპარქიო კომისიის გავლით

13 ნოემბერი, 2025 •
როგორ დასაჯეს “მამაშვილურ გასაუბრებაზე” დაბარებული არქიმანდრიტი ილია საეპარქიო კომისიის გავლით

5 ნოემბერს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედება შეუჩერდა. ბრძანებას ხელს აწერს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

ილია თოლორაიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების რეკომენდაცია საეპისკოპოსო კომისიამ იმ სხდომაზე გასცა, რომელსაც თავად არქიმანდრიტი არ ესწრებოდა.

მისი თანამოაზრის, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის შეფასებით, ეს პროცესუალური დარღვევაა. გარდა ამისა, არქიმანდრიტები არ ეთანხმებიან იმ არგუმენტებსაც, რის საფუძველზეც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

რა ხდება?

საპატრიარქოში დაბარების შესახებ ინფორმაცია არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ 4 ნოემბერს გაავრცელა. მისი თქმით, დაურეკა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა და უთხრა, რომ მასთან გასაუბრება სურთ მოსაყდრე შიო მუჯირსა და მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს.

არქიმანდრიტი ილია თოლორაია

არქიმანდრიტი ილია თოლორაია

როგორც მოგვიანებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, ეს იყო მამაშვილური საუბარი, რათა არქიმანდრიტ თოლორაიას მოესმინა მღვდელმსახურების შეგონება.

ილია თოლორაია ამბობს, რომ 5 ნოემბერს, შიო მუჯირთან და თეოდორე ჭუაძესთან სასაუბროდ მისულს, ადგილზე დახვდა მიქაელ ბოტკოველიც. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მოისმინა მათი პოზიცია, უნდოდა საკუთარი აზრის დაფიქსირებაც, რისი შესაძლებლობაც არ მიეცა, რადგან კაბინეტში “შემოვარდა ჯაღმაიძე”, რომელმაც ხელი ჰკრა და მის პროვოცირებას ცდილობდა.

“მე პირველად დამირეკა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. მითხრა, გასაუბრებაზე გიბარებენო მეუფე შიო [მუჯირი] და მეუფე თეოდორეო [ჭუაძე]. რომ მივედი, იქ არ იყო გასაუბრება. იქ ორი მეუფე არ იჯდა, იქ უკვე ბოტკოველიც იჯდა, მესამე […] რომ მითხრა, მეუფე შიო და მეუფე თეოდორეო, ბოტკოველი რატომ იჯდა იქ? ეს უკვე ერთი ტყუილი. რაზეც დამიბარა, მე იქ ის სურათი არ დამხვდა.

მეორე, ჯერ მეუფეს მოვუსმინე და მე რომ დავიწყე საუბარი, თუ რა ვიგულისხმე […] ამ საუბრის დროს ეს კითხვები რომ დავუსვი მეუფე შიოს, შემოვარდა ჯაღმაიძე [დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი], თავზე დამადგა – ადექი და გადიო. რომ წამოვდექი, ვუთხარი, რა ტონით მესაუბრები-მეთქი და ამ დროს იყო, რომ მოვბრუნდი, ზურგზე ხელი მკრა, დამარტყა, იმიტომ, რომ უნდოდა ჩემი გამოწვევა, რომ მე იქ ხელი დამერტყა”, – ამბობს ილია თოლორაია “ფორმულასთან” საუბრისას.

ანდრია ჯაღმაიძე და მიქაელ ბოტკოველი ამ ფაქტს უარყოფენ. პატრიარქის მდივნის ვერსიით, ილია თოლორაიამ მღვდელმთავრებთან საუბრისას “ხმას მოუმატა” და ასე ცდილობდა მისი პოზიციის დაფიქსირებას. ბოტკოველის თქმით, მათ ამის საშუალება არ მისცეს და მოსთხოვეს, დაეტოვებინა კაბინეტი.

საპატრიარქოდან გამოსულმა ილია თოლორაიამ მისი პოზიცია ჟურნალისტებთან გააჟღერა. ამავე დღეს საპატრიარქომ მისთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ ბრძანება გაავრცელა.

ამის შემდეგ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა, რომ არქიმანდრიტი ილია თოლორაია მოატყუეს და “იმ კომისიის სახელით, რომელიც არ იყო შეკრებილი, გამოუტანეს განაჩენი”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არქიმანდრიტი დაიბარეს “გასაუბრების” მიზნით და სანქცია დააკისრეს საეპარქიო კომისიის შუამდგომლობის საკითხით.

ერთი კვირის შემდეგ, 12 ნოემბერს, საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა ეპარქიული კომისიის დასკვნა, სადაც წერია, რომ არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ არ გამოხატა სინანული “მამობრივი დარიგებისა და ძმური შეგონების” შემდეგ და “განაგრძო თავისი პოზიციის გამართლება”. ამიტომ “იქვე შედგა კომისიის სხდომა”, სადაც მისთვის მღვდელმოქმედების შეჩერება გადაწყვიტეს და შესაბამისი შუამდგომლობით მიმართეს პატრიარქს, რომელმაც იმავე დღეს მოაწერა ხელი ბრძანებას. კომისიის თავმჯდომარედ მითითებულია თავად შიო მუჯირი – ის, ვისი შეურაცხყოფის ბრალდებითაც შეუჩერეს მღვდელმოქმედება ილია თოლორაიას.

12 ნოემბერსვე საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც დეკანოზები, მიქაელ ბოტკოველი და ანდრია ჯაღმაიძე ამბის საკუთარ ვერსიას ჰყვებიან. ვიდეოში ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ რადგან “მამაშვილური საუბრისას” ილია თოლორაიამ სინანული არ გამოხატა და საპატრიარქოდან გასვლის შემდეგ “უფრო უარესი განცხადებები” გააკეთა, “კომისიაზე დაბარებას აზრი აღარ ჰქონდა”.

“საპატრიარქოში იმ დროს კომისიის წევრები იყვნენ და მის გარეშე მიღებულ იქნა დასკვნა”, – ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი კი განმარტავს, რომ კომისიის შეკრებას აქვს თავისი წესი – ის უნდა დაინიშნოს წინასწარ, დაიბარონ ის სასულიერო პირი, ვის საქმესაც განიხილავენ, არ შეიძლება ბრალმდებელი ამავე დროს იყოს კომისიის წევრი და ა.შ.

“კომისიის წევრები როცა ერთად არიან სადმე, მაშინ კი არ არის კომისია, არამედ მაშინ, როცა ის წინასწარ ჩაინიშნება. თქვენ რესტორანში ერთად რომ მოხვდეთ, იმასაც კომისიას დაარქმევთ. ჰოი, საოცრება, საზღვარი არა აქვს თქვენს უვიცობას. და მაინც, ორივე შემთხვევაში პატრიარქი მოატყუეთ: პირველი, არშემდგარ კომისიაზე რომ მოაწერინეთ ხელი, მეორე – კომისიაზე არდაბარებული მღვდლის დასჯაზე რომ მოაწერინეთ ხელი. ცრუთა სიცრუე”, – წერს დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში.

არქიმანდრიტი ილია თოლორაია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმასაც, ნამდვილად პატრიარქმა მოაწერა თუ არა ხელი მისთვის მღვდელმოქმედების შეჩერების ბრძანებას.

“ხელმოწერა არ ვიცი, რამდენად არის, ბეჭედია დასმული, ფაქსიმილიე. უშუალოდ კალმით, პატრიარქის ხელმოწერა არ არის”, – ამბობს არქიმანდრიტი.

რას ედავებიან არქიმანდრიტ ილია თოლორაიას

საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში წერია, რომ ილია თოლორაიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების საფუძველი გახდა “ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფა და ზოგადად, ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებები”.

თოლორაიას თქმით, საპატრიარქოში დაიბარეს მას შემდეგ, რაც პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯირს ეგზარქოსი უწოდა.

“დღესაც ვიმეორებ, რომ მე ეპისკოპოსისთვის არ მიმიყენებია შეურაცხყოფა, ეგზარქოსი ნიშნავს მმართველს და მე რომ ვთქვი ეგზარქოსი, ვთქვი იმ გააზრებით, რომ მეუფე ვერ დავინახე საქართველოს მხარეს, მე დავინახე ის რუსეთის მხარეს: როცა ქართველებს, ახალგაზრდებს, რუსთაველზე სცემდნენ, ასისხლიანებდნენ, არაფერი არ თქვა ამაზე, ანწუხელიძეზე არაფერი არ უთქვამს, სვეტიცხოვლის ამბიონიდან მაღალღირსოთი მიმართავს ხელისუფლებას, რომელიც ხალხის ცემის და ხალხის დასისხლიანების დავალებებს იძლეოდა, მამა დოროთეზე გოთვერანს რომ ამბობს, ისეთი კაცი, სამხარაძე [“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე] მასთან ერთად ტრაპეზს მიირთმევს და ამ ყველაფერში მე ვერ დავინახე მეუფე საქართველოს მხარეს”, – განაცხადა არქიმანდრიტმა დღეს, 13 ნოემბერს.

“ჩვენ ჩვენი თავები არ დაგვინიშნავს ამ პოზიციაზე და ჩვენ არ ვართ თვითმარქვიები, პატრიარქის ბრძანებით ვართ დანიშნული ამ პოზიციაზე. პრაქტიკულად, გამოდის, რომ პატრიარქსაც შეურაცხყოფას ვაყენებთ, რადგანაც პატრიარქია ეკლესიის მეთაური. ანუ, საკითხი მეუფე შიოს მოსაყდრედ დანიშვნის შესახებ იყო სადღაციდან ნაკარნახევი?! ეს, რა თქმა უნდა, არის უაღრესად მძიმე შეურაცხყოფა როგორც მღვდელმთავრებისთვის, ისე თვით ეკლესიის მეთაურისთვისაც. რა უნდა აეხსნა მამა ილიას ამასთან დაკავშირებით, რანაირად უნდა გაემართლებინა თავისი პოზიცია?!”, – ამბობს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი გუშინ, 12 ნოემბერს, საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

არქიმანდრიტ ილია თოლორაიამდე ეპარქიულმა კომისიამ დასკვნა დაწერა მის თანამოაზრე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე. 29 ოქტომბერს ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღოლობიდან გაათავისუფლეს და მღვდელმსახურად განაწესეს  ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში.

ილია თოლორაია ამბობს, რომ როგორც მის, ისე დოროთე ყურაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები “იყო პირდაპირ რუსეთიდან დავალება”.

“მამა დოროთეც დასაჯეს – ტაძარი ჩამოართვეს, ჩემთანაც იგივე – მღვდელმსახურება შემიჩერეს. მთელი საქართველო, ყველა ხედავს, რომ ეს იყო პირდაპირ რუსეთიდან დავალება. იმიტომ, რომ რუსეთს ამხელდა მამაო. ეს ყველაფერი აქედან დაიწყო და მერე მიაბეს სხვა რაღაცები. ესენი ხომ ვერ იტყვიან პირდაპირ, რომ რუსეთი რომ ამხილა, იმის გამო ვსჯითო?!”, – ამბობს არქიმანდრიტი.

ილია თოლორაია ითხოვს პატრიარქთან შეხვედრას. ის ამბობს, რომ მიტროპოლიტი შიო მუჯირს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს და სხვებს პატრიარქთან ცალმხრივი ინფორმაცია მიაქვთ, მისთვის საპატრიარქოს კარი ჩაკეტილი აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი