საზოგადოება

რას ფიქრობენ რეგიონებში სოციალური პროტესტების მონაწილეები ახალ რეპრესიულ კანონპროექტებზე

16 ოქტომბერი, 2025 •
რას ფიქრობენ რეგიონებში სოციალური პროტესტების მონაწილეები ახალ რეპრესიულ კანონპროექტებზე

“შეიძლება ამ დღეებში გამოგვიცხადონ, რომ სუნთქვა იკრძალება” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ ცვლილებათა პაკეტს თაზო რუხაია – აქტივისტი, რომელიც 2 წელზე მეტია ჩართულია საპროტესტო მოძრაობაში “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად”.

რუხაია ამბობს, რომ ეს არის ხუმრობა, რომელიც ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ, “იმიტომ, რომ დაახლოებით იმავე შინაარსის კანონებს იღებენ ამ შემთხვევაში”.

აქტივისტი საუბრობს “ქართული ოცნების” დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც შეკრებასა და მანიფესტაციებთან დაკავშირებით კანონმდებლობა ისევ მკაცრდება. მაგალითად, რის გამოც (გზის გადაკეტვა პროტესტისას), წინა ცვლილებების შემდეგ, დემონსტრანტებს 5000 ლარებით აჯარიმებდნენ, ახლა დააპატიმრებენ ადმინისტრაციული წესით 60 დღემდე ვადით, განმეორების შემთხვევებში კი – სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მისცემენ.

“თითქოს პროტესტი არ არის აკრძალული, მაგრამ ვერანაირი ფორმით ვეღარ გააპროტესტებ” ,- ასე აფასებს ცვლილებებს ტარიელ მიქაცაძე, ჭიათურელი მაღაროელი, რომელიც, თანამოაზრეებთან ერთად, თვეებია, შრომითი უფლებების დასაცავად იბრძვის თავის ქალაქში.

ახალი რეპრესიული კანონმდებლობის დაანონსებისთანავე საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების სამიზნე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროევროპული აქციებია. ეს არის მე-4 ეტაპი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ცვლილებებისა, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტმა ბოლო ათი თვის განმავლობაში – სწორედ პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე მიიღო.

თუმცა, ცხადია, რომ დამტკიცების შემდეგ რეპრესიული კანონები არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ აქციებზე, არამედ ყველანაირ, მათ შორის, სოციალური შინაარსის პროტესტზე გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ნეტგაზეთი ესაუბრა ბოლო პერიოდის ორი სოციალური მოძრაობის მონაწილეს, რომლებიც თავიანთ პროტესტს დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციების პარალელურად, რეგიონებში გამოხატავენ.

ბალდის კანიონის მცველი თაზო რუხაიაც და მაღაროელთა შრომითი უფლებებისთვის მებრძოლი ტარიელ მიქაცაძეც ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნების” რეპრესიული კანონების სამიზნეები თავადაც არიან. უფრო მეტიც, ისინი თითოეულ მოქალაქეს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ “პრობლემა ყველასთან მივა”.

ტარიელ მიქაცაძე

“პროტესტი ისეთი რაღაცაა, შეიძლება არასდროს არ დასჭირდეს ადამიანს, მაგრამ შეიძლება ხვალ მოგიწიოს ქუჩაში გამოსვლა. თუკი ვინმეს უსამართლობის განცდა უჩნდება, ვერ მიდის სასამართლოში, ვერ მიდის მთავრობასთან და გამოდის ქუჩაში”, – ამბობს ტარიელ მიქაცაძე.

მისი თქმით, ადრე ფიქრობდა, რომ რეპრესიული კანონები, რომლებიც აქამდე მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, მას, როგორც რეგიონში მცხოვრებ მშრომელს, ნაკლებად შეეხებოდა. თუმცა გამოცდილებამ საპირისპირო აჩვენა.

“უკვე 231-ე დღეა, რაც ჩვენ საპროტესტო აქცია გვაქვს. არ ვართ 300 და 500 ადამიანი, მაგრამ პროტესტში ვართ, ისევ კარვებია და ისევ ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის. გვქონდა განხილვა მაგ ახალ კანონთან დაკავშირებით და მაგალითები მოვიყვანეთ – ადრე რა კანონებიც მიიღეს, ვიძახდით, რომ ჩვენ ეს არ გვეხება და რა შუაში ვართ. ერთ მშვენიერ თუ უბედურ დღესაც მოგვადგა და შეგვეხო.

აქამდე მთავრობა სრულ გულგრილობას და უყურადღებობას იჩენდა ამ პროტესტების მიმართ. თითქოს არც ვარსებობდით და ვერც გვამჩნევდნენ. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე, ვაწუხებდით და ამიტომ იღებენ ახლა ასეთ კანონებს, ჩემი აზრით. ეს გვაიძულებს, რომ ან ყველანი უნდა აღმოვჩნდეთ ციხეში, ან ყველამ უნდა დავანებოთ თავი და წავიდეთ სახლში – ერთეულების და ერთი ჯგუფის ინტერესი უნდა გატარდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მარადიულად იქნება ალბათ “ქართული ოცნება”, რადგან არ ეყოლება არცერთი მოწინააღმდეგე.

მე მართლა ვერ ვხედავ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. თუმცა, რაღაც გასაკეთებელია ყველასი – სოციალურ პროტესტის მონაწილეებისაც, თბილისის უფრო მეტად პოლიტიკური პროტესტისაც … გვაჩვენა მაგალითმა, რომ არც ჩვენ ვართ აპოლიტიკურები, რადგან პირდაპირ დაგვარტყა სახელმწიფომ და “ქართულმა ოცნებამ”. პირდაპირ მისი დაკვეთით და მისი მხარდაჭერით დაიჭირეს ოთხი პატიმარი და სწორედ მათი დავალებით არიან ისინი ჯერ კიდევ ციხეში.

ამიტომ, როგორც ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ დავშალოთ კარვები და წავიდეთ სახლში – უკვე 231 დღეა ვართ ქუჩაში. ასევე ფიქრობენ, ალბათ, თბილისის პროტესტის მონაწილეებიც, ის უსამართლოდ დაკავებული ადამიანებიც, ვინც უსამართლოდ სხედან ციხეში, პოლიტპატიმრები. ალბათ, ის დაგვრჩენია, რომ ერთად უნდა გავიაროთ გარკვეული საკითხები და რაღაც შეთანხმებამდე მივიდეთ”, – ამბობს მიქაცაძე.

თაზო რუხაია იმ პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეცაა, რომელიც უკვე 323 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. თუმცა მისი უწყვეტი პროტესტი მშობლიური ბალდის კანიონის დასაცავად 726 დღის წინ დაიწყო. ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების სამიზნე სწორედ თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციებია. თუმცა ფიქრობს, რომ რეპრესიული კანონები რეგიონებში არსებულ სოციალურ პროტესტებს უფრო დააზიანებს.

“მთავარი პროტესტი, რაც გვაქვს რუსთაველზე, იმაზე არის ძირითადად ეს კანონი მორგებული. მაგ პროტესტის ფონზე ჩვენი პროტესტი ნაკლებად ჩანს ხოლმე, სამწუხაროდ. მაგრამ, სამაგიეროდ, შედეგები, რაც კანონის გამკაცრებას მოჰყვება, ჩვენთვის შეიძლება იყოს ბევრად უფრო რთული, ვიდრე თბილისში. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პროტესტი არის ჩვენთან ბალდაში, არის ჭიათურაში მაღაროელებთან, ზოდში, ხევში, საირმეში … ძალიან ბევრი კერა არის პროტესტის.

მე თბილისის პროტესტის მონაწილეც ვარ. ბალდა  ჩემი სახლია და 24/7-ზე აქ ვარ საპროტესტო კარავში. შედარება რომ გავაკეთო, თბილისში არის მეტი დაუმორჩილებლობა და ჩვენთან, ბალდაში ეს ცოტა განსხვავებულად ხდება.

ბალდაში ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ კანონის ჩარჩოდან არ გავდიოდით და ამის მიხედვით ვაპროტესტებდით. ჩვენი მთავარი იარაღი, რითაც ვახერხებდით უკანონო მშენებლობის შეჩერებას, იყო გზის გადაკეტვა. გზის გადაკეტვა იმ რაოდენობის ხალხის მიერ, რომელიც ისევ და ისევ კანონის ჩარჩოში ჯდებოდა. ეს იყო ჩვენი გამოხატვის თავისუფლება. მაგრამ ხვალ ჩვენ სასამართლო გვაქვს, სადაც დასკვნითი სხდომა იმართება დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინააღმდეგ. თუ ეს სასამართლო არ გამოიტანს სწორ და სამართლიან განაჩენს, ჩვენ ხომ ისევ ის წინააღმდეგობა გვრჩება ერთადერთ გამოსავლად, რომ გადავირჩინოთ თავი, გადავარჩინოთ ის პროტესტი, სადაც 726 დღეა ვართ ჩართული?! ისევ მოგვიწევს გზის გადაკეტვა, ისევ მოგვიწევს ფიზიკური ძალით შეჩერება იმ უკანონო სამუშაოების, რომელიც დაიწყო დაცული ტერიტორიების კონტრაქტორმა კომპანიამ.

ამით იმის თქმა მინდა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ კანონის ჩარჩოებზე და გზას ვკეტავთ ამის მიხედვით, მაშინ კანონი იმასაც ამბობს, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რისი იმედიც ჩვენ არ გვაქვს. შესაბამისად, ზოგჯერ შეიძლება მოგვიწიოს ისეთი წინააღმდეგობის გაწევა, როცა ჩვენ შეიძლება გავცდეთ იმ კანონის ჩარჩოებს, რომელიც უკვე დააანონსეს”, – ამბობს რუხაია.

თაზო რუხაია

ცვლილებების მიხედვით, იმგვარ შეკრებაში მონაწილეობისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, უნდა შეწყდეს, პირველივე შემთხვევაში 60 დღემდე ვადით დააპატიმრებენ. გამეორების შემთხვევაში, დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა 1 წლამდე პატიმრობის რისკით, ხოლო მესამე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში პატიმრობის ვადა 2 წლამდეა განსაზღვრული.

თაზო რუხაიას ვკითხეთ, რამდენად პროპორციულად მიაჩნია ამგვარი სანქციები. ის ამბობს, რომ არაპროპორციული და არასამართლიანია სახელმწიფოს მიდგომა რაიმე საკითხით უკმაყოფილო ან კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ. ამიტომ, მისი თქმით, გასაკვირი არაა, რომ ეს ცვლილებებიც არაპროპორციულ მიდგომას ითვალისწინებს.

“პროპორციულობაზე რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, ცხადია ისედაც, რომ ყველანაირად ვიმყოფებით არაპროპორციულ, არასამართლიან გარემოში. ეს იქნება არსებული სიტუაცია თუ ამ კანონის შემდეგ რა სიტუაციასაც მივიღებთ.

სახელმწიფო არ ასამართლებს იმავე სტანდარტით იმ ადამიანებს, რომლებიც მათთან არიან დაკავშირებული. ორმაგი და ათმაგი სიმკაცრით გვასამართლებს ჩვენ. თუნდაც ჭიათურაში რაც მოხდა, როცა ადგილობრივი ბიჭები პროვოკაციის მსხვერპლნი გახდნენ და წლობით ციხე ემუქრებათ. ეგ არის – ჩვენ ვცხოვრობთ ორმაგ სტანდარტში. პროპორციებზე აქ საუბარი ზედმეტი არის”, – ამბობს თაზო რუხაია.

მაღაროელთა პროტესტის ლიდერები – მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი, ასევე შუქრუთელთა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი, გიორგი ნეფარიძე 2024 წლის 29 აპრილს დააკავეს. პროკურატურა მათ შუქრუთის მაღაროს დირექტორისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6 წლამდე პატიმრობა ელით.

ტარიელ მიქაცაძე თანამებრძოლების დაკავებას პროტესტის ჩახშობის მცდელობას უკავშირებს. მისი თქმით, პროტესტის რამდენიმე აქტიური მონაწილის დაკავებით სხვების დაშინება უნდოდათ. როგორც მიქაცაძე ამბობს, ეს გარკვეულწილად გამოუვიდათ კიდეც. მიქაცაძე ვარაუდობს, რომ ახალი კანონმდებლობა, რაც პატიმრობის რისკებს ზრდის, ადამიანებს კიდევ უფრო მეტად შეაშინებს.

“ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ოთხი ისეთი ადამიანი დააკავეს და ჩასვეს უსამართლოდ ციხეში, ვინც ორგანიზატორობდა, სიტყვით გამოდიოდა, რუპორში საუბრობდა, რაღაცებს ვგეგმავდით ერთად. ამ ოთხი ადამიანის დაკავებამ ათასობით ადამიანი გააქცია ქუჩიდან. წავიდა. უბრალოდ შეეშინდათ, რადგან თვითონ პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ამ ოთხ ადამიანს კიდევ მიემატება ბევრი. იმ ბევრში ყველამ თავისი თავი წარმოიდგინა და ყველას უნდოდა, რომ ეშველა თავისი თავისთვის. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, იქნება დაშინება. თუ დააკავებენ რამდენიმე ორგანიზატორს, ჩემი აზრით და ამ გამოცდილებით, ძალიან ბევრი ქუჩიდან გაიქცევა, წავა.

მაგალითებს ვიღებ თუნდაც თბილისის ქციებიდან. ცხრა თვის შემდეგ რომ გამოუშვეს ორი პატიმარი, ახობაძე და აბრამოვი. წარმოიდგინეთ, ცხრა თვე ხომ მოჰპარეს ამ ადამიანებს?! ხომ წაართვეს?! ხომ გამოთიშეს საპროტესტო აქციიდან?! ხომ გაანეიტრალეს ცხრა თვის განმავლობაში?! თუ კიდევ გაიმეორებს და გამოვა ქუჩაში, მომდევნო ცხრა თვეს დააკავებენ. რას აგებს ახლა ამით მთავრობა? არაფერს არ აგებს, აბსოლუტურად, ხომ? ნახავს ორგანიზატორს, მიუგზავნის იქ რიგით პოლიციელს პროვოკაციულად, დააკავებს. მერე მტკიცებულების ძიებაში გავა თვეები და გაჩერდება პროტესტიც.

ცეცხლივით რომ დუღს, მაშინ არის ყველაზე მარტივი და ყველაზე კარგი ამ პროტესტის მართვა და წარმატების მიღწევა, თორემ ორი თვის მერე და სამი თვის მერე, დაშინებული ხალხი სახლში რომ წავა, რიგითი მოქალაქეები, მე არ მიმაჩნია, რომ პროტესტს ეფექტი ექნება. აი, ჩვენი შემთხვევა ავიღოთ – ვდგავართ და ველოდებით იმას, რომ რაღაც ისევ აენთება, ისევ გამოფხიზლდება ხალხი და მოითხოვს იმას, რაც ეკუთვნის. მაგრამ ამასობაში მთავრობამ შემოგვაშველა აგერ კანონი, რომ აღარ გვექნება ამის შანსი, თურმე. ძალიან ცუდია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან დასაფიქრებელია ყველას მხრიდან, ვინც კი ერთი დღე მაინც მდგარა ქუჩაში და გაუპროტესტებია უსამართლობა. მთელი საქართველოს მასშტაბით ყველამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით”, – ამბობს ტარიელ მიქაცაძე.

ტარიელ მიქაცაძე წლებია მაღაროელთა შრომითი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად იბრძვის. ის შეუერთდა არაერთ სხვა სოციალურ პროტესტს. მათ შორის, რიონის ხეობის მცველებს, შუქრუთელებს და ა.შ. ფიქრობს, რომ ერთმანეთის სოლიდარობითა და მხარდაჭერითაა შესაძლებელი ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკასთან გამკლავება და მიზნის მიღწევა. თუმცა საკუთარი გამოცდილებით ამბობს, რომ სხვადასხვა მიზეზით ქუჩაში გამოსული ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის კონტროლსაც ცდილობენ ისინი, ვის ხელშიც მეტი ძალაუფლებაა.

“თავს არ ვიქებ, მაგრამ ჭიათურაში თითქმის ყველა მიცნობს. 28 დღე და ღამე ვიშიმშილე და ჩემზე მეტი კიდევ ბიჭებმა იშიმშილეს. არ გამოუხატიათ არც სოლიდარობის, არც გვერდით დგომა, არც პროტესტის გრძნობა – რატომ იკლავენ ეს ადამიანები თავს ასე შიმშილობით?! არ ვიცი, შორიდან რას გრძნობდნენ და რას ფიქრობდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე არ მიგრძვნია. თითქოს ადამიანები არიან საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი და ვიდრე მათ თვალებთან და ყურებთან  არ მივა ის პრობლემა, ვიდრე პირადად არ შეეხება, მანამდე ვერ გრძნობს.

მეც ასე ვფიქრობდი, გამოვცადე და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ყველასთან მივა. აუცილებლად. იმ ადამიანების პრობლემები, ვინც არიან დღეს დაკავებულები, შეიძლება ნებისმიერთან მივიდეს, ნებისმიერი აღმოჩნდეს იმათ ადგილზე. ამის გამორიცხვა შეუძლებელია. არ უნდა გამორიცხოს, რომ ხვალ მას არ დააკავებენ ნებისმიერი შეთითხნილი ბრალდებით.

თუმცა ისიც არის, რომ ჭიათურის შემთხვევაში მე სადღაც გულში მჯერა, რომ ყველამ იცის, რეალურად რა ხდება, უბრალოდ ვერ ერევიან ბანკის პრობლემებს, ვერ ერევიან ოჯახის ფინანსურ პრობლემებს, რომელიც აიძულებს, რომ სახლში დარჩეს და ქუჩაში არ გამოვიდეს. პარალელურად კიდევ, ჭიათურის შემთხვევაში, კომპანიის ხელმძღვანელები და დირექტორები ეუბნებიან, რომ თქვენ თუ გახვალთ ქუჩაში, თქვენ თუ იმათ სოლიდარობას გამოუცხადებთ, სამსახურში ვეღარ დაბრუნდებით. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა ქალაქებშიც მსგავსი სიტუაციაა. სხვა რომ არაფერი, არსებობს ბანკები, სადაც თითქმის ყველას აქვს სესხი და ამ სესხების გამო ხალხი ყველაფერზე წამსვლელია, ემიგრაციაშიც მიდიან და ყველა უფლებას იზღუდავენ. ამიტომ გვჭირდება, ალბათ, ცნობიერების ამაღლება. კარგი იქნება, რომ ნებისმიერმა, დასაქმებული იქნება თუ უმუშევარი, იცოდეს, რისი უფლება გააჩნია, რომ ვერ დააშანტაჟოს გარე პირმა, თუნდაც მთავრობის წარმომადგენელმა”, – ამბობს მიქაცაძე.

თაზო რუხაია ფიქრობს, რომ რეპრესიული პოლიტიკის მიზანია როგორც ადამიანების დაშინება, ისე ანგარიშსწორება კონკრეტული აქტივისტების მიმართ.

“კონკრეტული ადამიანების დასჯა გამოიწვევს შემოგარენში ბევრი ადამიანის შეშინებას. იქნება პირადი ანგარიშსწორებაც იმ ადამიანების მიმართ, ვინც, მაგალითად, მარიამ ლაშხს დაუძახებს მონას. ორივეს მაქსიმალურად გამოიყენებს სახელმწიფო.

ვიცით, რომ ციხეებში ადგილები ივსება, მაგრამ აი, გუშინწინ ყაველაშვილმა 70 ადამიანი შეიწყალა, რომელიც საპატიმროში იყო, ზოგი- რა დანაშაულით, ზოგი- რა დანაშაულით. რა თქმა უნდა, მათ აწყობთ, რომ ეს ხალხი გარეთ იყოს. იმიტომ, რომ კრიმინალი ხდება ქუჩაში ყოველდღიურად, დღისით-მზისით იქნება თუ ღამით იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. გამოდიან დამნაშავეები და მათ ადგილს ანაცვლებენ ჩემნაირი ადამიანები, თბილისის პროტესტზე ვინც დგანან, ან დაკავებულები არიან, ისეთი ადამიანები. უბრალო ხალხი. ისინი, ვინც უსამართლობის შეგრძნებამ გამოიყვანა ქუჩაში”, – ამბობს რუხაია.

დასასრულს, ტარიელ მიქაცაძე კვლავ ერთმანეთის მხარდაჭერაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ ის მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ახმიანებდნენ პროტესტში ჩართული მოქალაქეების ხმას, დღეს ისევე არიან რეპრესიების ობიექტები, როგორც თავად ამ პროტესტების მონაწილეები.

“დიდად სამწუხარო ამბავი ის არის, რომ ვინც მართალ სიტყვას აჟღერებდა, სულ ყველას ან ყადაღა დაადეს, ან შეუზღუდეს ფინანსური მდგომარეობა. ყველანი არიან ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში. ენთუზიაზმით და თავისი ხარჯებით ბოლო ამოსუნთქვამდე, ბოლო კაპიკამდე იბრძვიან სიმართლისთვის. მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ დავძლევთ ამ პრობლემებს, ჩვენ გავუძლებთ ამ ტკივილს და ისინი [“ქართული ოცნება”], ბოლოს და ბოლოს, თავის ბოღმაში ჩაიხრჩობიან, რომ ვერ მიაღწიეს იმის საწადელს, რაც უნდოდათ საქართველოსთვის გაეკეთებინათ”, – ამბობს მიქაცაძე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების შემზღუდავი კანონები – უკვე მიღებულიც და ახლახან დაანონსებულიც – მხოლოდ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი