თბილისის საქალაქო სასამართლომ თედო აბრამოვი უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. მისი თქმით, გამამტყუნებელი განაჩენისთვის უნდა არსებობდეს მტკიცებულების სტანდარტი და პოლიციელების ჩვენებების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება არ შეიძლება. გადაწყვეტილების დასაბუთებისას მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პოლიციელებს არ უზრუნიათ შეექმნათ ნეიტრალური მტკიცებულებები აბრამოვის პირადი ჩხრეკის დროს – არ გადაიღიათ ვიდეო და არ შეუთავაზებიათ ნეიტრალური პირისთვის ჩხრეკაზე მოწმის სახით დასწრება. მართალია, პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე ცდილობდა დაერმწუნებინა მოსამართლე, რომ აბრამოვი პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა, რის გამოც ვერ შეძლეს ნაიტრალური მტკიცებულებების შექმნა, მაგრამ მჭედლიშვილის დასაბუთებაში ნათვამია, რომ პოლიციელებს ამის გაკეთება შეეძლოთ და არ გააკეთეს.
პროკურატურამ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
თედო აბრამოვმა თქვა, რომ გამამართლებელი განაჩენის იმედი გიორგი ახობაძის გათავისუფლების შემდეგ მიეცა.
მან სინდისის პატიმრებს მიმართა:
„მეგობრებო, შემართება და ენერგია არცერთს გაკლიათ. სასწაული ბიჭები ხართ. თქვენ მანახეთ გვერდში დგომა, მეგობრობა, ნამდვილი ბრძოლის უნარი. ჩვენი გაუტეხლობით, ძალით, თავდაჯერებით ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად და დავამრცხებთ ამ ბინძურ სისტემას. არავინ ვაპირებთ დანებებას, ერთით მეტი ვიქნებით და ისე გაგრძელდება, სანამ ყველა არ ვიქნებით გარეთ და არ გავაგრძელებთ საქმეს, რომელიც დავიწყეთ“, — განაცხადა აბრამოვმა.

22 წლის თედო აბრამოვმა თითქმის 9 თვე გაატარა ციხეში.
ის 7 დეკემბერს საკუთარ სახლთან დააკავეს. სახელმწიფო ბრალდება თედო აბრამოვს 4,4 გრამი კლუბური ნარკოტიკის, მდმა-ს ფლობას ედავება, რაც, პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის განმარტებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში აბრამოვს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. ის დაკავების დროს პოლიციელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს.
თავის დასკვნით სიტყვაში აბრამოვმა თქვა, რომ ნარკოტიკებთან შეხება არასდროს ჰქონია და მტკიცებულებები გარეშე, თვეების განმავლობაში მოსწყვიტეს საყვარელ ადამიანებს და ციხეში გამოკეტეს.
„ვიზრდებოდი ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან შემაყვარეს ბავშვობაში მშობლებმა. ჩემს სიტუაციაში ისჯებოდე იმის გამო, რომ შენი ქვეყანა გიყვარს, სირცხვილია და ლაფის დასხმა, სხვა არაფერი. მე მწამს, ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდება. მე, ადამიანი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება თუ არა, რაღაც პერიოდი მაინც ვიყავი დაკავებული სპორტით — თავის ქებას არ დავიწყებ, მაგრამ კეთილი საქმეებით… შეხება არასოდეს მქონია ნარკოტიკულ ნივთიერებებთან და ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამ ყველაფრის“, — განაცხადა აბრამოვმა.
რატომ არ არის ნეიტრალური მტკიცებულებები თედო აბრამოვის საქმეში
