ახალი ამბები

მაღაროელებმა შიმშილობა შეწყვიტეს, სანაცვლოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ელიან

21 მაისი, 2025 •
მაღაროელებმა შიმშილობა შეწყვიტეს, სანაცვლოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ელიან

ჭიათურაში მოშიმშილე ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა შეწყვიტა.

ისინი იმედოვნებენ, რომ ეს დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას წაადგება, რადგან ასეთი გზავნილი მიიღეს „სანდო ადამიანისგან“.

„დეტალებში ვერ შევალთ, მაგრამ გადავდგით ნაბიჯი უკან და შეწყვეტილია შიმშილობა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენთან მოვიდა სანდო პიროვნება, რომელმაც გვითხრა რომ ჩვენი შიმშილობის შეწყვეტა შეეწევა დაკავებული ბიჭების პროცესს და ისინი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან“, — აცხადებს ვიდეო მიმართვაში ირაკლი ჯიქიძე.

ოთხი მაღაროელი — მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს, რის გამოც მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ მაღაროელებს 4-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მათი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.


2025 წლის იანვარში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ ანაზღაურებაზე გადაიყვანა. თუმცა მაღაროელები ამ ხელფასსაც ვერ იღებენ — 60%-იან ანაზღაურებას, რისი გადახდის ვალდებულებაც კომპანიას დაეკისრა მუშაობის პროცესის შეჩერების შემდეგ. მაღაროელების ინფორმაციით, საქმე ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000-ზე მეტი ჭიათურაში მუშაობს.

28 თებერვლიდან ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება.

7 მარტს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა და ღია კარიერული წესით მანგანუმს მოიპოვებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების განცხადებით მიმართა.

23 აპრილს „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, CMC-ის განცხადებით, ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა, რომელსაც რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს. კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის ხედვაზე დამორჩილება.

პროტესტში ჩართული მაღაროელები „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ“ (CMC) სამსახურიდან გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი