საზოგადოება

სად მიდიან აშშ-ისა და UK-ის მიერ სანქცირებული ფიგურები

6 ივნისი, 2025 •
სად მიდიან აშშ-ისა და UK-ის მიერ სანქცირებული ფიგურები

ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი თანამდებობის პირი გადადგა, ან სხვა პოზიციაზე დაინიშნა. საზოგადოებაში გაჩნდა ვარაუდი, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს, მნიშვნელოვან პოლიტიკურ თანამდებობებს სანქცირებული პირები ჩამოაშოროს.

“ნეტგაზეთმა” განიხილა ყველაზე მძლავრი სანქციების, კერძოდ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული მოხელეების სამსახურებრივი ცვლილებები.

აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებიდან 12-ის ვინაობაა საჯარო, ბრიტანეთის მიერ სანქცირებულებიდან კი – ცხრის. ორივე ქვეყნის მიერ დასანქცირებული პირებიდან ოთხი მათგანის სახელია ცნობილი –  ზვიად ხარაზიშვილი [ხარება], მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე  და ვახტანგ გომელაური.

ამ უკანასკნელმა ერთი კვირის წინ, 28 მაისს თანამდებობა დატოვა და, როგორც თავად განაცხადა, აპირებს მეტი დრო დაუთმოს ოჯახს. რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირაა ვრცელდება, თუმცა ჯერჯერობით არ დასტურდება. გომელაურის გადადგომის შემდეგ, გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერილი აქვთ ხარაზიშვილს და მის ორივე მოადგილეს – ლაგაზაურსა და კეზევაძეს და მათი სისტემიდან წასვლა მხოლოდ დროის ამბავია. რამდენიმე დღის შემდეგ, 31 მაისს, პოლიციის დღეს, ჟურნალისტის კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ თანამდებობა დატოვოს, ხარაზიშვილმა უპასუხა, რომ “ყველაფერი შესაძლებელია”. თუ ხარაზიშვილი თანამდებობას დატოვებს, სავარაუდოა, რომ მიჰყვებიან მისი მოადგილეებიც – მირზა კეზევაძე და მილერი ლაგაზაური.

მათ გარდა, დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა შემდეგი თანამდებობის პირები: შალვა ბედოიძე, კოკა კაციტაძე, გიორგი გაბიტაშვილი, ალექსანდრე დარახველიძე და სულხან თამაზაშვილი.

შალვა ბედოიძე ბოლო 2021 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. მათ შორის, ბოლო პერიოდში იყო პირველი მოადგილე. მიმდინარე წლის აპრილში  თანამდებობა დატოვა და როლანდ მესხმა ჩაანაცვლა.

კოკა კაციტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა მისი შექმნის დღიდან – 2022 წლიდან. მიმდინარე წლის მაისში “ქართულ ოცნებამ” მისი უწყების გაუქმების შესახებ განაცხადა. ამ უწყების ფუნქციებს პროკურატურა შეითავსებს. ჯერჯერობით კოკა კაციტაძე სხვა თანამდებობაზე არ დაუნიშნავთ.

გიორგი გაბიტაშვილს გენერალურ პროკურორად ერთი სრული წელიც კი არ უმუშავია. 4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მას უწყებიდან უშვებენ და აუდიტის სამსახურს ჩააბარებენ.

ალექსანდრე დარახველიძე ჯერჯერობით ინარჩუნებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას, რომელზეც 4 წლის წინ, 2021 წლის მარტში დაინიშნა.

რაც შეეხება სულხან თამაზაშვილს, ის ერთადერთია, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრიტანული სანქციების შემდეგ დააწინაურეს. სხვადასხვა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნეს. ერთი თვის შემდეგ გახდა “ქართული ოცნების” განახლებული პოლიტსაბჭოს წევრი.

გომელაურის, ხარაზიშვილის, ლაგაზაურისა და კეზევაძის გარდა, აშშ-ს დასანქცირებული ჰყავს საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე. მათ შორისაა, თავად ბიძინა ივანიშვილი – “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე. გარდა ამისა, აშშ-ს დასანქცირებული ჰყავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ყოფილი და მოქმედი მოსამართლეები – მიხელ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. აშშ-ის სანქციები შეეხო პრორუსული ძალადობრივი მოძრაობის, ალტ-ინფოს ლიდერებს, ზურაბ მახარაძესა და კონსტანტინე მორგოშიას.

აშშ-ისა და ბრიტანეთის გარდა, “ქართული ცნების” მაღალჩინოსნები, ასევე, სასამართლოს, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დასანქცირებული ჰყავს ესტონეთს, ლიეტუვასა და ლატვიას.

შევაჯამოთ რიცხვებში

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, ჯამში, დასანქცირებული ჰყავს 9 პოლიტიკური თანამდებობის პირი:
ვახტანგ გომელაური, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, შალვა ბედოიძე, კოკა კაციტაძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი გაბიტაშვილი, სულხან თამაზაშვილი (ამათგან, გომელაური, ხარაზიშვილი, ლაგაზაური და კეზევაძე ორივე ქვეყნის მიერაა სანქცირებული)

  • მათგან სამი – კაციტაძე, ბედოიძე და გომელაური ამ ეტაპზე სახლში წავიდნენ
  • კიდევ სამი – ხარაზიშვილი, ლაგაზაური და კეზევაძე – სავარაუდოდ მალე ოფიციალურად დაადასტურებენ თანამდებობის დატოვებას;
  • ერთი – ალექსანდრე დარახველიძე რჩება თანამდებობაზე,
  • ერთი – გიორგი გაბიტაშვილი, შეიძლება ითქვას, რომ დააქვეითეს, ის გენერალური პროკურორი იყო და აუდიტის სამსახური ჩააბარეს,
  • ერთი – სულხან თამაზაშვილი დააწინაურეს. თამაზაშვილი იყო თბილისის პოლიციის უფროსი და გახდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი