სინდისის პატიმრების კიდევ ერთი პროცესი შედგა 2 მაისს. ამჯერად ზვიად ცეცხლაძე, ირაკლი მიმინოშვილი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი ჩატოვეს მორიგჯერ პატიმრობაში.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან ბრალდებულებს. პროკურორებმაც, ვაჟა თოდუამ და ვახტანგ ცალუღელაშვილმა და მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმაც ლაკონიურად იმსჯელეს, ერთხმად გადაწყვიტეს და თითო აბზაცში მოამთავრეს, რომ არსებობს „ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე“. შესაბამისად, რვავე ბრალდებული პატიმრობაში რჩება.
არავისში იწვევს ეს გაკვირვებას, თუმცა ბრაზს — კი. ბრალდებულების დედები, მამები, დები, ძმები, შვილები, შეყვარებულები, ცოლები, ემოციებს გაჭირვებით თოკავენ. ისიც იმიტომ, რომ მომდევნო პროცესზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, რომელიც ამ დღეს უჩვეულოდ გაღიზიანებული და კონფლიქტზე მომართულია, საყვარელი ადამიანების დანახვის შესაძლებლობა არ წაართვას და დარბაზში შესვლა არ აუკრძალოს.
პროცესის დასაწყისსა და დასასრულს, პროკურორებისა და მოსამართლის ამ ლაკონიურ აბზაცებს შორის ბევრი რამ ხდება და სასამართლო დაახლოებით სამ საათს გრძელდება. ირაკლი მიმინოშვილის დედა, ელენე, გახარებულია — ირაკლი უკვე რამდენიმე დღეა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და მუსიკოს დავით ხომერიკის საკანში გადაიყვანეს. დედა-შვილს შორის უწყვეტი დიალოგი იწყება, უხმო, ტუჩების მოძრაობით, ჩურჩულით, ჟესტებით: ირაკლის დიდი ტელევიზორი აქვს და ცოტა გაციებულია, მაგრამ დედის შეგზავნილ ვიტამინებს სვამს. მის დას, ლიზას გამოცდა აქვს და პროცესზე ვერ მოვიდა. ირაკლი და ელენე ხანდახან ერთმანეთს სათქმელს ვერ აგებინებენ. ირაკლის თვალები მაინც უციმციმებს და დედას კოცნას უგზავნის, ელენე ცრემლებს იწმენდს.

ირაკლი მიმინოშვილი პროცესზე
ზვიადის დედა, ნარგიზი, შვილს თვალს არ აშორებს. მამა, ზურაბი, ხან შვილს უყურებს, ხან ცოლს გამოხედავს, რომელიც ერთი ადამიანის გამოტოვებით ზის და აკონტროლებს, ემოციური მხარდაჭერა ხომ არ სჭირდება, ძალიან ხომ არ ნერვიულობს.

ზვიადი და მისი დედა ნარგიზი
ნიკოლოზ ჯავახიშვილის შეყვარებული, მარია, ნარგიზის გვერდით ზის და კალთაში „სტიჩი“ უზის — ლურჯი პლუშის სათამაშო, კოალასებრი დიდყურა არსება მულტფილმიდან, რომელზეც ის და ნიკოლოზი ხუმრობენ, რომ მათი შვილია.
ბევრი სხვა პროცესისგან განსხვავებით, ბადრაგი არ ცდილობს პატიმრებს ისე ჩამოუდგეს, რომ ოჯახის წევრების დანახვა გაუჭირდეთ. მაგრამ თორნიკე გოშაძესა და დედამისს, მარიზი კობახიძეს ერთმანეთისგან მთელი დარბაზი აშორებთ.

მარიზი და თორნიკე
ადვოკატები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ პროცესების პარალელურად ამ რვა პატიმრის ციხეში ყოფნის აბსურდულობა კიდევ ერთხელ გახადონ თვალსაჩინო. იქნებ, ამ მოსამართლემ მაინც იღოს ყურად მათი ხმა. მაგრამ მოსამართლე პირიქით, უფრო ბრაზდება და ხან ადვოკატებს ეკინკლავება, ხან ბრალდებულებს.

სინდისის პატიმრები
ეს პროცესი გამორჩეულად ემოციურია. ამას ალბათ 19-20 წლის ბრალდებული სტუდენტების მოუსვენრობა და მათი დედების ცრემლებითა და სიყვარულით სავსე თვალები, რეპლიკები განაპირობებს. აკვირდები ამ ადამიანებს და თითქოს, თვალნათლივ ხედავ, როგორც ვერ ეტევიან კანში და როგორ ილტვიან ერთმანეთისკენ. პერიოდულად, შვილის მისამართით დედის ჩურჩულით ნათქვამი „ჩემი სიცოცხლე, ჩემი…“ ძალიან ხმამაღალი ხდება და ფარავს ადვოკატების მიკროფონში მიჯრით ნათქვამ არგუმენტებს — რატომ იმსახურებს მაგალითად 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი ციხის გარეთ დაელოდოს მოსამართლის განაჩენს. თუნდაც შინა პატიმრობაში, თუნდაც სამაჯურით, თუნდაც გირაოს გადახდის ფასად, ნებისმიერ ფასად, გარდა პატიმრობისა.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც ირაკლი მიმინოშვილისა და გიორგი გორგაძის ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ საპროცესო კოდექსში არაერთი ალტერნატივაა, გარდა პატიმრობისა, რითაც სასამართლოს შეუძლია უპასუხოს რისკებს, თუ მას ასეთის მოლოდინი აქვს ბრალდებულებისგან. მეტიც, საპროცესო კოდექსი ამბობს, რომ არ შეიძლება უფრო მძიმე ღონისძიებების გამოყენება, მაგალითად პატიმრობის, სანამ ბრალდება არ დაადასტურებს, რომ მსუბუქი ღონისძიებები ბრალდებულებისგან მომდინარე საფრთხეს ვერ დააზღვევს. თუთბერიძე ცდილობს დაარწმუნოს მოსამართლე, რომ თუ ის უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებას არ შეუცვლის და პატიმრობაში დატოვებს განაჩენის გამოტანამდე, მათთვის თვალებში ჩახედვა გაუჭირდება. მოსამართლე ამაზე ბრაზდება.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი: თქვენ გგონიათ, მე მეშინია?
ადვოკატი შოთა თუთბერიძე: რაზე მეუბნებით, რომელ ნაწილზე?
თ.მ.: თვალებში ჩახედეო და შეშინებაო…
შ.თ.: შიშზე არ მქონდა, უფრო პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე მქონდა აქცენტი. შიში რა შუაშია?
თ.მ.: ანუ პასუხისმგებლობა არ მაქვს გაცნობიერებული, ასე გგონიათ?
შ.თ.: პატივცემულო მოსამართლევ, თუ უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებთ, მინდა ის დისკომფორტი მაინც შეიქმნას, რომ ბრალდებულებს ვერ შეხედოთ თვალებში. ჩახედეთ თვალებში ამ ბავშვებს და უთხარით, გულწრფელად მჯერა, გაიქცევით და ახალ დანაშაულს ჩაიდენთო.
თ.მ.: მითითებთ, რომ დისკომფორტი უნდა შევიგრძნო რამეზე? ბატონო შოთა, შენიშვნას გაძლევთ.
შ.თ.: რასთან დაკავშირებით მაძლევთ შენიშვნას?
თ.მ.: აბა რას ნიშნავს დისკომფორტი და მითითებები? იმედია აღარ განმეორდება.
შ.თ.: მისმენთ, რას გიხსნით? ვერ გავიგე, რა გნებავთ, რატომ მეჩხუბებით?
თ.მ.: არ გეჩხუბებით. შენიშვნას გაძლევთ, არ შეგეშინდეთო, ასეთი დასკვნა გამოვიტანე, დისკომფორტი, თვალებში ჩახედეთო, მითითებებს მაძლევთ. მოსამართლეს ასეთი მითითებები არ უნდა მისცეთ.
შ.თ.: მითითებებს კი არ გაძლევთ, ეს ჩემი სურვილია…
თ.მ.: კარგით, თუ თქვენი სურვილია, გასაგებია.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს არც ადვოკატ კახა კოჟორიძის ტონი მოეწონა, როდესაც ის ვეფხია კასრაძის ინტერესების დასაცავად საუბრობდა.
ადვოკატი კახა კოჟორიძე: იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ასეთი ტიპის საქმეებზე არის შექმნილი ძალიან უსამართლო დამოკიდებულება და ამაში ჩართულები არიან პროკურატურა, სასამართლო..
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი: შენიშვნას გაძლევთ. ისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რასაც ახლა ვიხილავთ, აღკვეთის ღონისძიებაზე, შეფასებები, ეს არის ალბათ შეფასებები, გააკეთეთ შეფასების კუთხით.
კ.კ.: თქვენ მგონი არ მისმენთ.
თ.მ.: გისმენთ ძალიან კარგად. ამაზეც შენიშვნას გაძლევთ, რომ მე, მოსამართლეს, მეუბნებით, არ მისმენო.
კ.კ.: არ ვიღებ მაგ შენიშვნას.
თ.მ.: ესეც პრობლემაა, რომ არ იღებთ. იმედია, 85-ე მუხლის გამოყენება და სხვა ზომების მიღება არ დამჭირდება. მანამდეც გისმენდით და ახლაც გისმენთ. […]
კ.კ.: სხვა რამე გაიგეთ.
თ.მ.: არ გავიგე სხვა რამე, რაც თქვით, ისე გავიგე.
ზუსტად რვაჯერ შეაწყვეტინა სიტყვა მოსამართლემ პატიმარ ვეფხია კასრაძეს. პირველად მაშინ, როდესაც ვეფხია კასრაძემ ბიძინა ივანიშვილი ახსენა. კიდევ მაშინ, როდესაც ანდრო ჭიჭინაძე ახსენა, როგორც მსახიობი და კოლეგა, მერე ნანუკა ჟორჟოლიანი, როგორც ადამიანი, რომელიც რეჟიმის ტყვეთა ოჯახებს ეხმარება.
„თქვენ არ გაინტერესებთ საერთოდ, ვინა ვარ და რა პიროვნება ვარ? იმდენი მაინც დავიმსახურე ამ ქვეყანაში, რომ მომისმინოთ. წინა მოსამართლემაც არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნები, მაგრამ პატივისცემა დამრჩა იმ ადამიანის მიმართ და იცით, რატომ? მისმენდა. მთელი გულისყურით მისმენდა. აინტერესებდა, როგორ პიროვნებასთან ჰქონდა საქმე“, — მიმართა ვეფხია კასრაძემ მოსამართლეს და ასევე პატრიარქს მოუწოდა, რომ თავისი წარმომადგენლები სასამართლო პროცესებზე დასასწრებად გამოგზავნოს.
მოსამართლე უკმაყოფილოა ინსაფ ალიევითა და მისი თარჯიმნითაც. ხან თარჯიმანი, რომელიც ინსაფს პროცესის მიმდინარეობას უთარგმნის, მოსამართლის აზრით ბევრს და ხმამაღლა ლაპარაკობს, ხან ინსაფი უქნევს დარბაზში ხელს ვიღაცას ზედმეტად ენერგიულად.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, აქციებზე დაკავებულთა საქმეების განმხილველი მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი ე.წ. სასამართლოს კლანთანაა დაკავშირებული. მათივე ინფორმაციით, ის “კლანის” ერთ-ერთ ლიდერად მოაზრებული, არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებული ლევან მურუსიძის ცოლის, ლელა ჭანიას ახლო მეგობარია (“სტუდია მონიტორის” გამოძიების მიხედვით, ჭანია და მურუსიძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში არიან). თავად მჭედლიშვილი ლიეტუვის მიერაა სანქცირებული. მურუსიძე და კლანის სხვა წევრებად მოაზრებული მოსამართლეები უარყოფენ სასამართლოში არაფორმალური გავლენის არსებობას.
გარდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებით დაკავებული 8 პირისა, თამარ მჭედლიშვილი განიხილავს რეჟიმის რამდენიმე სხვა ტყვის საქმესაც. მათ შორის, თედო აბრამოვის საქმეს, ნიკა კაციას საქმეს.
მჭედლიშვილი ახალბედა მოსამართლეა. ის 2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ: