საზოგადოება

“ჩავუდოთ, ჩავუდოთო კიოდით” – ნიკა კაცია მოწმე პოლიციელს, რომელიც ირწმუნება, რომ დაკავებულს ჯიბეში ნარკოტიკი უპოვა

24 აპრილი, 2025 •
“ჩავუდოთ, ჩავუდოთო კიოდით” – ნიკა კაცია მოწმე პოლიციელს, რომელიც ირწმუნება, რომ დაკავებულს ჯიბეში ნარკოტიკი უპოვა

24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კაციას საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა ლაშა ხარხელაური. ის ერთ-ერთია იმ პოლიციელებს შორის, რომლებმაც კაცია გაჩხრიკეს, შემდეგ კი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

ხარხელაური ამტკიცებს, რომ სწორედ მან ამოუღო კაციას ქურთუკის ჯიბიდან ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავებული კი ამბობს, რომ პოლიციელებმა ნარკოტიკი “ჩაუდეს”. უფრო ზუსტად, როგორც მან ერთ-ერთ წინა სხდომაზე თქვა, “გაუფორმეს”, რადგან მისი ჩხრეკისას არანაირი ნივთიერება არ ამოუღიათ. კაცია ამბობს, რომ დაკავებისას პოლიციელებმა მისი იღლიიდან და პირის ღრუდან იძულებით აიღეს ბიოლოგიური მასალა და დაიტანეს იმ ნივთზე, რომელიც თითქოს მისი ჯიბიდან ამოიღეს.

ლაშა ხარხელაურმა მოკლედ მოჰყვა კაციას ჩხრეკის და დაკავების საფუძვლები, შემდეგ კი ფაქტობრივად არცერთ კითხვას პასუხი არ გასცა: “არ ვიცი”, “არ მახსოვს”, “მსგავსი რამე არ ყოფილა” – ის კაციასა და მისი ადვოკატის, ნინო ლომინაძის თითქმის ყველა კითხვას ამ და მსგავსი ფრაზებით პასუხობდა.

ხარხელაურმა მოჰყვა, რომ 7 დეკემბერს, საღამოს საათებში, თანამშრომელთან ერთად იყო დიდ დიღომში “რაღაც ოპერატიულ საქმიანობაზე”. ამ დროს მის თანამშრომელს დაურეკეს განყოფილებიდან [ხარხელაური ამბობს, რომ არ ახსოვს, ვინ დარეკა] და უთხრეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული იყო გამოძიება ნიკა კაციას წინააღმდეგ და საჭირო იყო მისი ჩხრეკა. ისინი წავიდნენ გლდანისკენ, სადაც კაცია ეგულებოდათ. ადგილზე მივიდა საქმის გამომძიებელი მირზა ჯაფარიძეც. საბოლოოდ, კაცია ქუჩაში გააჩერეს ორი მანქანით, ოთხმა პოლიციელმა. ხარხელაური ამტკიცებს, რომ თავის წარდგენისა და საქმის ვითარების გაცნობის შემდეგ, კაციამ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მისი მანქანაში ჩასმა მოუწიათ.

“წინააღმდეგობის გაწევა რომ დაიწყო, მე და ჩემმა თანამშრომელმა პროპორციული ძალა გამოვიყენეთ – მოვკიდეთ ხელი, ჩავსვით ოპერატიულ მანქანაში, უკანა სავარძელზე. გამომძიებელი დაჯდა წინ და ისე დავიწყეთ პირადი ჩხრეკის ჩატარება. ავტომანქანაში უფრო მოსახერხებელი იყო პირადი ჩხრეკა.

როდესაც დავიწყეთ პირადი ჩხრეკის ჩატარება, ღელავდა და წინააღმდეგობას გვიწევდა. რა თქმა უნდა, ეს პროპორციული ძალა ისევ იქნა გამოყენებული. დაზიანებით არავინ არ დაზიანებულა. პირადი ჩხრეკისას ემოსა ქურთუკი, შარვალი და სვიტრი, როგორც მახსოვს, მოწითალო ფერის.

პირადი ჩხრეკისას ჩემ მიერ ამოღებულ იქნა ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან მცირე ზომის პოლიეთილენის შესაკრავიან პარკში მოთავსებული ნივთიერება, ფხვნილი იყო და რაღაც ქვებიც იყო, რომელიც მოთავსდა შესაბამის პაკეტში. დაილუქა. ასევე, ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, ყურსასმენი, სიგარეტი, სანთებელა”, – თქვა პოლიციელმა სასამართლო სხდომაზე.

დაცვის მხარის მიერ მოწმე პოლიციელისთვის კითხვების დასმაში აქტიურად ერთვებოდა საქმის პროკურორი, ნუგზარ ჭიტაძე. მან არაერთი კითხვის მოხსნა სთხოვა მოსამართლეს იმ საფუძვლით, თითქოს მასზე პასუხი პოლიციელს უკვე გაცემული ჰქონდა. კაცია და მისი ადვოკატი კი ამბობდნენ, რომ უნდოდათ დამატებითი დეტალების დაზუსტება.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რამდენჯერმე დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა კითხვის მოხსნის შესახებ. ის ხშირად მოუწოდებდა კაციას, გადასულიყო შემდეგი კითხვის დასმაზე იმ შემთხვევაშიც, თუ მოწმის პასუხი მისთვის საკმარისად გასაგები არ იყო.

პროკურორი ჭიტაძე ესტონეთის, ხოლო მოსამართლე მჭედლიშვილი ლიეტუვის მიერ სანქცირებულ იმ პირთა შორის არიან, “რომლებიც პასუხისმგებელი არიან სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეების დევნაზე”.

ბრალდებული ნიკა კაცია და ადვოკატი ნინო ლომინაძე (ფოტო: მინდია გაბაძე)

ნუგზარ ჭიტაძემ ნიკა კაციას დარბაზიდან გაძევებაც კი მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ პერიოდულად შეურაცხყოფას აყენებდა მოწმე პოლიციელს. პროკურორმა ბრალდებულის გაძევება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ნიკა კაციამ მოწმეს ჰკითხა, ახსოვდა თუ არა, როგორ ამბობდნენ ის და მისი კოლეგა – “ჩავუდოთ, ჩავუდოთ [ნარკოტიკი]”. ლაშა ხარხელაურმა თქვა, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს და ამ კითხვას შეურაცხყოფად იღებს.

“რაც ითქვა, ეს რატომ არის შეურაცხყოფა? მე ვიხსენებ, რაც მოხდა […] ვიმეორებ იმ სიტყვებს, რომლებიც იქ ითქვა. მე თქვენ გთხოვეთ, თუ მომცემთ საშუალებას პროცესებზე, რომ ეს ბილწი სიტყვები არ გამოვიყენო-მეთქი, რომლის გამეორება საერთოდ არ მსიამოვნებს. ისევე, როგორც ქვემოთ ბადრაგები “პიდარასტი, პიდარასტი მოვიდაო”, რომ იძახიან, არ მსიამოვნებს ასეთი რაღაცები, მაგრამ რაც არის, ვამბობ იმას.

მესმის, რომ არ არის კომფორტულ მდგომარეობაში [მოწმე], მაგრამ მე ვიმეორებ [მის ნათქვამს], ვციტირებ. მე აბსოლუტურად არაფერს არ ვაბრალებ. რაც მახსოვს იმის მიხედვით ვცდილობ, რომ წარვმართო დიალოგი”, – ასე მიმართა კაციამ მოსამართლეს მისი დარბაზიდან გაძევების ინიციატივის გახმიანების შემდეგ.

თამარ მჭედლიშვილმა პროკურორის ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ კაციამ გააგრძელა კითხვების დასმა იმავე ეპიზოდთან დაკავშირებით:

ბრალდებული ნიკა კაცია: “არ ჩამიდოთ-მეთქი, რომ ვიხვეწებოდი, არ გახსოვთ ეგ?”

პოლიციელი ლაშა ხარხელაური: “მსგავსი ფაქტი არ ყოფილა”.

ბრალდებული ნიკა კაცია: “არ მცემოთ-მეთქი და არავინ არ გცემსო, ახლა სხვა დროაო, არ იყო ასე?”

პოლიციელი ლაშა ხარხელაური: “არ მახსოვს მსგავსი ფაქტი”.

ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაზე კაცია პოლიციელისგან პასუხების მიღებას ცდილობდა, ეხება საქმეში ე.წ. ნეიტრალური მტკიცებულების არსებობას. კაციასა და მისი ადვოკატს აქამდეც არაერთხელ დაუსვამთ კითხვა, რატომ არ სცადეს პოლიციელებმა ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას. მაგალითად, რატომ არ გადაიღეს კაციას პირადი ჩხრეკა ტელეფონით, ან რატომ არ უზრუნველყვეს, რომ ამ პროცესს ვინმე ნეიტრალური მოწმე დასწრებოდა. მაგალითად, ქუჩაში  უბრალოდ გამვლელი. მით უფრო, რომ როგორც თავად ლაშა ხარხელაურმა თქვა, კაცია დასახლებულ უბანში დააკავეს.

ბრალდებული ნიკა კაცია: “თუ გახსოვთ, რომ მოვითხოვე ადვოკატის თანხლება, ნეიტრალური მოწმის თანხლება – სამართლებრივ დეტალებში მერე გავერკვიე, ნეიტრალური მოწმე რომ ჰქვია – ვინმე დაესწროს-მეთქი, დამარეკინეთ-მეთქი, რატომ არ დამარეკინეთ?

პოლიციელი ლაშა ხარხელაური: “არ მახსოვს მსგავსი ფაქტი”

[…]

ბრალდებული ნიკა კაცია: მე ვითხოვდი ჩემი დაცვის უფლებას და საკმაოდ ხმამაღლა ვითხოვდი. კერძოდ თქვენგან, გახსოვთ თუ არა ფრაზა – “კონსტიტუცია არა … [ხელის აქნევის მოძრაობას აკეთებს], სად არი ეგრე?!” გახსოვთ ეგ ფრაზა?

პოლიციელი ლაშა ხარხელაური: “არ ყოფილა [მსგავსი რამე]”

ბრალდებული ნიკა კაცია: “ყოფილა”

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი: ” შემდეგი შეკითხვა”

ბრალდებული ნიკა კაცია: “ბევრჯერ გავიმეორე ეს ფრაზა. პოლიციის შენობამდე ბევრჯერ მოვითხოვე ეს და თქვენ ბოლომდე ცდილობდით მე დაგერწმუნებინეთ იმაში, რომ კანონში მსგავსი რამ არ წერია. არ გახსოვთ ეს? ჩხრეკასთან დაკავშირებით ვითხოვდი, რომ ვინმე დასწრებოდა ჩხრეკას და ვიმეორებდი, კანონში ასეა-მეთქი და ბატონი ლაშა დამცინოდა, კანონი არა ის მომინდომეო [ხელის აქნევის მოძრაობას აკეთებს]. თვითონ იქვე არღვევდა კანონს კანონდამცველი. ვეკითხები ამას – ახსოვს თუ არა ეს მონაკვეთი.

პოლიციელი ლაშა ხარხელაური: “მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. არანაირად.”

პოლიციელი ლაშა ხარხელაური (ფოტო: მინდია გაბაძე)

ბრალდების მხარის მთავარ არგუმენტი, რის გამოც პოლიციელებმა “ვერ შეძლეს” საგამოძიებო მოქმედების გადაღება, ან მასზე ნეიტრალური მოწმის დასწრება, არის ის, რომ მათი მტკიცებით, კაცია წინააღმდეგობას უწევდა. როგორც ხარხელაურმა თქვა, ორი პოლიციელი მას აკავებდა, ერთი – “შესაბამის დოკუმენტაციას ავსებდა”, ამიტომ ტელეფონის ამოღება და პროცესის გადაღება ვერ შეძლეს. რაც შეეხება ნეიტრალური მოწმის დასწრებას, ხარხელაურის მონაყოლიდან გაუგებარი დარჩა, სცადეს თუ არა ამის უზრუნველყოფა.

ბრალდებული ნიკა კაცია: “რომ მოუყვეთ სასამართლოს, როგორია წინააღმდეგობა, რომელსაც გიწევთ 62 კილოგრამი ადამიანი თუნდაც ორ ადამიანს, რომლებიც ბევრად უფრო ჯანზე ხართ, ვიდრე მე.

[…] პოლიციელი ლაშა ხარხელაური: “ჯერ, დავიწყებ იმით, რომ ვიყავით სამნი. ხელებით გვიწევდი წინააღმდეგობას, რომ არ ჩაგტარებოდა პირადი ჩხრეკა. ძიძგილაობას ეძახის ზოგი, ზოგი რას ეძახის. ხელებით გვიშორებდი.

[…] ბრალდებული ნიკა კაცია: იმ აბრასთან, რომელსაც აწერია ქუჩის სახელი და ნომერი, იყო კარი. იმ კარზე რატომ არ სცადეთ, რო დაგეკაკუნებინათ და თუნდაც, გეკითხათ, იქ ვინმე ცხოვრობდა თუ არა.

პოლიციელი ლაშა ხარხელაური: “ჩვენ ვცადეთ, რომ გვენახა ნეიტრალური ადამიანი, მაგრამ იქ ვერავინ ვერ ვნახეთ”

ბრალდებული ნიკა კაცია: “როგორ სცადეთ?

პოლიციელი ლაშა ხარხელაური: “ჩვეულებრივად. დეტალი არ მახსოვს”.

ბრალდებული ნიკა კაცია: “როგორ არ გახსოვთ? თუ სცადეთ, რაში გამოიხატა მცდელობა?”

პოლიციელი ლაშა ხარხელაური: “რომელი ადამიანი გადავიდა ჩვენ სამიდან, ეგ არ მახოსვს”

ბრალდებული ნიკა კაცია: “მიაკაკუნეთ იმ კარზე და არ გამოვიდა არავინ დასახლებულ პუნქტში?”

პოლიციელი ლაშა ხარხელაური: “შეიძლება მიაკაკუნა კიდეც”

ბრალდებული ნიკა კაცია: შესაძლოაო, ამბობთ?”

პოლიციელი ლაშა ხარხელაური: “გისმენთ, შემდეგი კითხვა”

ბრალდებული ნიკა კაცია: “გეკითხებით, როგორ გააკეთეს ეს?”

პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე: “პროტესტს ვაცხადებ”

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი: “მიღებულია, განრიდებულია კითხვა, იმიტომ, რომ გაგცათ პასუხი.

ბრალდებული ნიკა კაცია: “რა გამცა? არ მეუბნება, სცადეს თუ არა. ვერ მივიღე პასუხი.”

ლაშა ხარხელაურმა ვერც სხვა დეტალები გაიხსენა. მაგალითად, მას არ ახსოვდა იმ მანქანის ფერი, სერია და ნომერი, რომლითაც კაცია განყოფილებაში წაიყვანეს. ასევე, არ ახსოვს, ითხოვდა თუ არა ბრალდებული ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დარეკვას. მან უარყო, რომ მისი თანამშრომლები კაციას შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე უარყო, რომ დაკავებულს ჰპირდებოდნენ, რომ გაუშვებდნენ, თუ ჩხრეკის ოქმს ხელს მოაწერდა. ხარხელაურმა უარყო ისიც, რომ კაციას დაკავების დროს ის მთვრალი იყო.

ბრალდებული ნიკა კაცია: “რატომ იყავით მთვრალი იმ დღეს, როცა მე მაკავებდით?”

პოლიციელი ლაშა ხარხელაური: “მე ვიყავი მთვრალი? არა, რა მთვრალი [იცინის]”.

ბრალდებული ნიკა კაცია: რატომ ჩაწიეთ მაშინ ფანჯარა მანქანაში, იმისთვის, რომ გაგენეიტრალებინათ ჰაერი, სუნი? თქვენ და გვერდით ვინც იყო, ისიც. გეტყვით იმასაც, რით იყავით მთვრალი”

პოლიციელი ლაშა ხარხელაური: “კი ბატონო, მითხარით”

ბრალდებული ნიკა კაცია: “კონიაკით”.

პოლიციელი ლაშა ხარხელაური: “არ არსებობს”.

ნიკა კაციამ თქვა, რომ პოლიციის მანქანაში წელს ზემოთ გააშიშვლეს, რა დროსაც პოლიციელი მირზა ჯაფარიძე ხელთათმანებით “ხელებს უფათურებდა” იღლიაში და პირის ღრუში. ამ მდგომარეობაში გადაიყვანეს მანქანიდან და გადაუღეს ფოტოები, რომლებიც გაუგზავნეს ვიღაცას. კაციას თქმით, პოლიციის განყოფილებამდე გზაში გაჩერდნენ და, როგორც ვარაუდობს, პოლიციელები ელოდებოდნენ დირექტივის მიღებას ზემდგომებისგან. მისივე თქმით, პოლიციელებს მისთვის გასაგებად არ განუმარტავთ “რა ხდებოდა მის თავს”.

სხდომის მიმდინარეობისას კაციამ არაერთხელ მოუწოდა ბადრაგებს, ნუ დადგებოდნენ ისე, რომ მედიას მის გადაღებაში ხელი შეშლოდა. მან მოსამართლესაც სთხოვა, უზრუნველეყო მედიის უფლება, გადაეღო სხდომის მიმდინარეობა “მიზანმიმართული ხელშეშლის” გარეშე.

ეს პრაქტიკა პროევროპული აქციების განმავლობაში დაკავებული სხვა ბრალდებულების სხდომებზეც შეინიშნება – ხშირად, ბადრაგები მიზანმიმართულად დგებიან ისე, რომ ვერც მედიამ და ვერც დარბაზში მყოფმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ბრალდებულის დანახვა ვერ შეძლონ.

თუმცა, მედიას ხელი მხოლოდ სხდომის მიმდინარეობის გადაღებისას არ შეშლია. დასრულების შემდეგ, დარბაზიდან გამოსული ხარხელაურისთვის კითხვების დასმა უნდოდათ ჟურნალისტებს, თუმცა პოლიციელის თანმხლებმა პირებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს. მათ შორის იყო “პუბლიკის” ფოტორეპორტიორი, მინდია გაბაძეც. მასალაში გამოყენებული ფოტოები სწორედ მინდია გაბაძის გადაღებულია.

ეს არ არის ერთადერთი საქმე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვებაზე არ უზრუნია. ჩხრეკის ამსახველი ვიდეო და ნეიტრალური მოწმე არ არსებობს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პროევროპული აქციების მონაწილეთა სხვა საქმეებშიც – თედო აბრამოვი, ანტონ ჩეჩინი [ამ შემთხვევაში პროკურატურა ნეიტრალურ მოწმედ ასახელებს თარჯიმანს, თუმცა დაცვის მხარე მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს], თუ გიორგი ახობაძე.

ამ უკანასკნელის პროკურორმა, შმაგი გობეჯიშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას “დამსწრის” არსებობა სავალდებულო არ არის. იმავეს ამბობს პროკურორი ნუგზარ ჭიტაძეც, რომელიც კაციას გარდა იმავე ბრალდებით დაკავებული კიდევ ორი პირის – თედო აბრამოვისა და ანტონ ჩეჩინის საქმეებზეც მუშაობს. თუმცა, ერთია ვალდებულება და მეორეა მოტივაცია, წარდგენილი ბრალი – მით უფრო ისეთი, რომელიც 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს – მყარი მტკიცებულებებით დაასაბუთო.

როგორც ჩანს, ნარკოდანაშაულების გამოძიებისას სამართალდამცველი უწყებებისთვის ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა პრიორიტეტი არ არის. მაშინ, როცა “გზის გადაკეტვის” საფუძვლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ქვითრის ჩასაბარებლად მოქალაქეებთან 3-4 ან მეტი პოლიციელი მიდის ხოლმე, რომელთაგან ერთი აუცილებლად იღებს ვიდეოს იმის დასადასტურებლად, რომ მოქალაქემ ქვითარი ნამდვილად ჩაიბარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი