“ტელეპათი ხომ არა ვარ, არა?” – იკითხა სასამართლო სხდომაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულმა ვეფხია კასრაძემ მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რა გზით ჰქონდა კომუნიკაცია “ძალადობრივი ჯგუფის” სხვა წევრებთან.
თითქმის 4 თვეა, რაც კასრაძესა და კიდევ 18 ადამიანს პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ან მასში მონაწილეობას ედავებიან. ბრალდებულთა უმეტესობამ ერთმანეთი დაკავების შემდეგ, ციხეში და სასამართლო პროცესებზე გაიცნო. ისინი უარყოფენ არათუ შეთანხმებას, არამედ ნებისმიერ სახის კომუნიკაციას ერთმანეთთან.
ამის მიუხედავად, პროკურატურა მე-4 თვეა ამტკიცებს, რომ აქციებზე მათი მოქმედება იყო ორგანიზებული, ძალადობრივი და სამართალდამცველების წინააღმდეგ მიმართული.

ვეფხია კასრაძე 6 მარტის სხდმაზე
რა ხდება?
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში დააკავეს 19 ადამიანი, რომელთაც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად.
მათგან სამს – ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს ბრალდება წაუყენეს ამ მუხლის პირველი ნაწილით – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა, ანდა მათზე თავდასხმა.
ხოლო 16 დაკავებულს – ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, გიორგი გორგაძეს, ინსაფ ალიევს, ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ირაკლი ქერაშვილს, ჯანო არჩაიას, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, სერგი კუხარჩუკსა, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერიშვილსა და ვალერი თეთრაშვილს- ამ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილეობა.
ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, მონაწილეობაში ბრალდებულებს კი – 4-დან 6 წლამდე.
19 დაკავებულის საქმე ორადაა გაყოფილი – 8 და 11-პირიან საქმეებად. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს.
დაკავებიდან რამდენიმე დღეში შეფარდებული ე.წ. წინასწარი პატიმრობა ამ დრომდე 2-ჯერ გადაისინჯა. თუმცა აღკვეთის ღონისძიების ფორმა არც ერთხელ არ შეცვლილა. 8-პირიანი საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა, 11-პირიან საქმის ფარგლებში კი ჯერ კიდევ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობენ.

11-პირიან საქმის ბრალდებულები 10 იანვრის სხდომაზე
რა წერია დაკავებულთა ბრალის დადგენილებაში
ცხრამეტივე დაკავებულის ბრალის დადგენილება თითქმის იდენტურია. შეცვლილია მხოლოდ სახელები და მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილი კონკრეტული მოქმედება.
ბრალის დადგენილების ძირითადი ნაწილი ეთმობა აქციების მიმდინარეობის ზოგად ხასიათს, რომელიც პროკურატურის შეფასებით იყო “ძალადობრივი” და ამ “ძალადობას ჰქონდა სისტემური ხასიათი”.
ტექსტში ვკითხულობთ, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით გამოხატავდნენ როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ აგრესიას და მათ სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ. მათ შორის, ქვებს, რკინის ნაჭრებს, პიროტექნიკას, აალებად ნივთებს და ა.შ. აქვეა აღნიშნული, რომ აქციის მონაწილეთა მოქმედების შედეგად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტი – პარლამენტის შენობა, ასევე მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და კერძო პირთა ქონება.
ჩამოშალეთ: ბრალის დადგენილების ტექსტი
“საქართველოს პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, მიტინგზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა დაიწყო ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება, რამაც მიიღო სისტემური ხასიათი.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით განლაგებული სამართალდამცველების მიმართ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, უწყვეტად გამოხატავდნენ რა ფიზიკურ და სიტყვიერ აგრესიას, ფიზიკურ და მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ, აგრეთვე, იარაღად სხვადასხვა საგნების, კერძოდ, ქვების, რკინის ნაჭრების, სხვა მძიმე საგნების, აგრეთვე პიროტექნიკური ნაკეთობების, ადვილად აალებადი ნივთიერებებისა და ცეცხლგამჩენი მოწყობილობების გამოყენებით, რასაც ისროდნენ მათი მიმართულებით. წინააღმდეგობას უწევდნენ და თავს ესხმოდნენ მათ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ სამართალდამცველებისა და იმავე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე, მიზანმიმართულად არბევდნენ, აზიანებდნენ და ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, რომელთა ნაწილს იყენებდნენ გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად, რათა გაეგრძელებინათ წინააღმდეგობის გაწევა სამართალდამცველებისთვის და ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენისთვის.
მათი მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტი – საქართველოს პარლამენტის შენობა, რომლის მიმართულებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწყვეტად ისროდნენ ქვებს, სხვა მძიმე საგნებს, საღებავებს, ადვილად აალებად ნივთიერებებსა და ცეცხლგამჩენ მოწყობილობებს, აგრეთვე, პიროტექნიკურ ნაკეთობებს და სხვა ისეთ საგნებსა და მოწყობილობებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულიყო ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად. ასევე დაზიანდა და განადგურდა მიმდინარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა და მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება”.

დაკავებულთა ბრალის დადგენილება
დადგენილებაში არ არის აღწერილი, ბრალდებულთაგან თითოეული კონკრეტულად რას აკეთებდა, ან ვისი მითითებით. ასევე, არ არის ნახსენები, ინდივიდუალურად რომელი მათგანის მოქმედებამ დააზიანა კონკრეტული პოლიციელი, პარლამენტის შენობა, ან სხვა რაიმე ინფრასტრუქტურა.
უფრო მეტიც, დაზარალებულად ცნობილი ათობით პოლიციელიდან ვერც ერთი ვერ უთითებს რომელიმე ბრალდებულზე. პოლიციელთა გამოკითხვის ოქმებიც ზოგადი ხასიათისაა და აღწერს ზოგად სიტუაციას, ასევე მათთვის მიყენებულ ზიანს. თუმცა ვერც ერთი მათგანი ასახელებს კონკრეტულ ადამიანს, ვისი ქმედების შედეგადაც დაზიანდა თავად, მისი რომელიმე კოლეგა ან ინფრასტრუქტურა.
მარტივად რომ ვთქვათ, გვყავს დაზარალებული პოლიციელები და მოქალაქეები, რომლებიც, პროკურატურის მტკიცებით, პოლიციელების მიმართულებით ნივთებს ისროდნენ. თუმცა უწყებას არ აქვს მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ დაკავებულთა ქმედებებმა დააზიანა ესა თუ ის პოლიციელი.
“ნეტგაზეთ” ესაუბრა დამოუკიდებელ იურისტს, სისხლის სამართლის სპეციალისტს, თაკო გეგელიას. მისი ვარაუდით, შესაძლოა, პროკურატურამ სწორედ იმიტომ გადაწყვიტა გამოძიების ჯგუფური ძალადობის მუხლით დაწყება, რომ ვერ ადასტურებს დაკავებულთა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას.
გეგელია განმარტავს, რომ სისხლის სამართალში, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის დროს, არსებობს თანაშერაცხვის პრინციპი. ეს გულისხმობს იმას, რომ ჯგუფის ყველა წევრი პასუხისმგებელია შედეგზე, იმის მიუხედავად, თუ რა წვლილი შეიტანა მან განზრახვის განხორციელებაში.
მაგალითად, თუ მე ვმოქმედებ ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად და პოლიციელებს ვესროდი ქვებს, იმის მიუხედავად, მოხვდა თუ არა ჩემ მიერ ნასროლი ქვა რომელიმე პოლიციელს, ვითვლები ამ ჯგუფის წევრად.
თუმცა ორგანიზებული ჯგუფის არსებობა და მისი წევრობა არანაკლებ რთული დასამტკიცებელია. საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გეგელია ასკვნის, რომ პროკურატურას არც ჯგუფურობის მტკიცებულება აქვს.
“შეძლება პროკურატურა ცდილობს, თავიდან აიცილოს იმის მტკიცების ვალდებულება, ვისი გასროლილი ქვა ვის მოხვდა [რადგან ამის მტკიცებულებები, როგორც ჩანს, არ არსებობს], მაგრამ მაშინ ჯგუფის წევრებს შორის კავშირი უნდა დაამტკიცო.
ეს ბრალდებაც კომიკურია. რაც ზედაპირზე ჩანს ესენი არიან ცალკეული, დამოუკიდებელი, გაბრაზებული ინდივიდები, რომლებიც სხვადასხვანაირად გამოხატავდნენ თავიანთ ბრაზს. თუ იმის მტკიცებულება აქვთ, რომ ეს გასცდა გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს, გამოვიდოდა პროკურორი და იტყოდა.
ვიცით, რომ გამოხატვის თავისუფლება განუსაზღვრელი არ არის. ის შეიძლება შეიზღუდოს, თუ არსებობს შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი – როცა არის ისეთი აგრესია, რომელიც იმწუთიერად შეიძლება გადაიზარდოს ძალადობაში. ასეთ რამეს ვერ ედავებიან. რომ ყოფილიყო ამის საფუძველი, მაგისთვის ცალკე მუხლი არსებობს. ვიღაცას თავის ფეისბუქ-პოსტში რაღაც რომ განუცხადებია, ეს საშუალო გონიერების დამკვირვებელს ვერ დაარწმუნებს იმაში, რომ ამით შეიკრა ორგანიზებული ჯგუფი და ვინც კი ცხარე გულზე იყო, ყველა ამ ორგანიზებული ჯგუფის წევრი გახდა ავტომატურად. ასე არ მუშაობს სისხლის სამართალი. მას აქვს ძალიან მკაცრი საზღვრები და ეს საზღვრები ყოველთვის მოწმდება ადამიანის უფლებებთან მიმართებით”, – აცხადებს თაკო გეგელია.

თაკო გეგელია
ბრალის დადგენილებაში არც იმაზე მოიძებნება ინფორმაცია, თუ როგორ ახერხებდნენ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ერთმანეთთან კომუნიკაციას. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ “ძალადობრივი ქმედებების ასრულების მიზნით, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი, სხვა პირთან ერთად ჯგუფური ძალადობის განხორციელების, გაგრძელებისა და გაძლიერების მიზნით, აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ყველა შესაძლო ძალადობრივ მოქმედებას. კერძოდ, ამუშავებდნენ ჯგუფური ძალადობის სამოქმედო გეგმას, განსაზღვრავდნენ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის სავარაუდო ადგილებს, დროსა და ხერხებს, ჯგუფის წევრებს უნაწილებდნენ კონკრეტულ როლებს. მოუწოდებდნენ ძალადობრივი მოქმედების გაგრძელების აუცილებლობისკენ, აორგანიზებდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირთა თავმოყრას კონკრეტულ ლოკაციებზე და უზრუნველყოფდნენ მათი მოქმედების მართვას”.
თუმცა ბრალში არ არის დაკონკრეტებული, როდის და როგორ ჰქონდათ კომუნიკაცია ჯგუფის წევრებს და ორგანიზატორებს ერთმანეთთან. დადგენილებიდან გაუგებარია ისიც, როგორ ახერხებდნენ ორგანიზატორები ჯგუფის წევრებისთვის როლების განაწილებას, ან მათ თავმოყრას კონკრეტულ ადგილას, როგორ მიუთითებდნენ, რა უნდა გაკეთებინათ და როდის. ამ კითხვებზე პასუხებს ვერც პროკურორები სცემენ.
ჩამოშალეთ: დიალოგი ადვოკატსა და პროკურორს შორის 6 მარტის სხდომაზე
ადვოკატი კახა კოჟორიძე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ედება ვეფხიას ბრალი. რომელ ადამიანთან ჰქონდა ვეფხია კასრაძეს კომუნიკაცია, რომ დაეორგანიზებინა ჯგუფური ძალადობა?
პროკურორი ვაჟა თოდუა: როგორც ბრალის დადგენილებაშია მითითებული, ვეფხია კასრაძე, ასევე ვასილ კაძელაშვილი და ზვიად ცეცხლაძე აორგანიზებდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს.
ადვოკატი კახა კოჟორიძე: ცეცხლაძესთან ჰქონდა კომუნიკაცია კასრაძეს?
პროკურორი ვაჟა თოდუა: მათ ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს სხვა პირებთან ერთად, რაც მითითებულია, ასევე, დადგენილებაში. ამის შემდეგ ამ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო არაერთმა პირმა. მათ შორის, წარმოდგენილმა ბრალდებულებმა.
ადვოკატი კახა კოჟორიძე: ის, რაც დანარჩენმა ბრალდებულებმა, თქვენი თქმით, გააკეთეს, ეს ვეფხია კასრაძის დაორგანიზებული იყო მათ შორის?
პროკურორი ვაჟა თოდუა: ეს მითითებული არის ჩვენ მიერ შედგენილ დოკუმენტებში – როგორც ვეფხია კასრაძის, ასევე სხვა პირების, რომლებიც აორგანიზებდა ამ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებას.
ვეფხია კასრაძე: რა მტკიცებულება არის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით, ან შევხვედრივართ ოდესმე, ან რაღაც კავშირი ყოფილა? ასე არ შეიძლება. ასე მეც შემიძლია რაღაცაში დაგდოთ ბრალი, ხომ? ამას საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს?
ადვოკატი კახა კოჟორიძე: ვუერთდები ამ კითხვას. რა საშუალებით ადგენდა კომუნიკაციას ვეფხია კასრაძე იმ ჯგუფის წევრებთან, რომელთან ერთადაც მის მიმართ არის ჯგუფური ძალადობის ბრალდება? როგორ ახდენდა კომუნიკაციას?
პროკურორი ვაჟა თოდუა: როგორც არის საქმეში წარმოდგენილი, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი გეგმავდნენ სხვადასხვა ჯგუფურ მოქმედებებს და ახორციელებდნენ.
ადვოკატი კახა კოჟორიძე: ჯგუფის დანარჩენი წევრები ვინ არიან?
პროკურორი ვაჟა თოდუა: წარმოდგენილი არიან ბრალდებულები. არა მხოლოდ ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე სხვა სისხლის სამართის საქმეზე. ეს ვიდეოკადრებშიც ჩანს.
ვეფხია კასრაძე: ჩემთან სად ჩანს? სად ჩანს? ცეცხლაძე ჩანს ჩემთან? მე მაშინ ვიტყვი, რომ თქვენ იმყოფებოდით იქ და პირიქით, თქვენ მეუბნებოდით მე, რომ მოდი, ასე გავაკეთოთ და რაღაცა დავარბიოთო. დასაჯერებელი იქნება?
პროკურორი ვაჟა თოდუა: მე არ ვჩანვარ კადრებში.
ვეფხია კასრაძე: კადრებში რომელი ჩანს? ეს ბავშვები ჩანან?
როგორ განმარტავს ჯგუფურ ძალადობას კანონმდებლობა
სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი განსაზღვრავს ჯგუფური ძალადობის სახეებს. ამ მუხლის მიხედვით, ჯგუფი შეიძლება იყოს წინასწარ შეუთანხმებელი, წინასწარ შეთანხმებული და ორგანიზებული. თითოეულ მათგანს მტკიცების სხვადასხვა სტანდარტი აქვს.
როგორც იურისტები განმარტავენ, წინასწარ შეუთანხმებელი ჯგუფის შემთხვევაში აუცილებელი სულაც არ არის, მისი წევრები ერთმანეთს იცნობდნენ. ასეთ შემთხვევაში ჯგუფი შესაძლოა შეიქმნას სპონტანურად. წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის შემთხვევაშიც არ არის აუცილებელი წევრებს შორის ხანგრძლივი ნაცნობობის არსებობა. შეთანხმება მათ შორის შესაძლოა ადგილზევე მოხდეს. თუმცა განსხვავებული სტანდარტი მოქმედებს, როცა საქმე გვაქვს ორგანიზებულ ჯგუფთან.
კანონში წერია: დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ ის განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.
225-ე მუხლი, რომელიც ბრალად აქვთ წარდგენილი დაკავებულებს, თავის თავში მოიაზრებს, რომ ჯგუფი უნდა იყოს ორგანიზებული. ეს ნიშნავს, რომ პროკურატურას აქვს მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტის პასუხისმგებლობა, ვიდრე ეს იქნებოდა სპონტანურად შექმნილი, ან თუნდაც წინასწარ შეთანხმებულ ჯგუფის მოქმედების შემთხვევაში.
უწყებამ არა მხოლოდ ორგანიზებული ჯგუფის არსებობა უნდა ამტკიცოს, არამედ დაადასტუროს, რომ ეს ჯგუფი იყო სტრუქტურულად გამართული, მონაწილეებს შორის ფუნქციები იყო განაწილებული, ისინი იღებდნენ მითითებებს ორგანიზატორებისგან და ამ მითითებების შესაბამისად მოქმედებდნენ.
ჯგუფური მოქმედების, მით უფრო ორგანიზებული ჯგუფის მტკიცებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია დრო, ადგილი და მოტივაცია:
პროკურორები მუდმივად იმეორებენ, რომ ბრალდებულები “ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილზე” მოქმედებდნენ. თუმცა ერთსა და იმავე ადგილად მოაზრებულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის და რუსთაველის გამზირის მთელი პერიმეტრი, ხოლო ერთსა და იმავე დროდ მთელი 5-დღიანი მონაკვეთი – 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით.
თუ ორგანიზებული ჯგუფის წევრები – ასეთი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში – ამხელა ტერიტორიაზე, დროის ამ შუალედში შეთანხმებულად მოქმედებდნენ, მათ შორის კოორდინაციის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს მყარი მტკიცებულებები სჭირდება.
რაც შეეხება მოტივაციას, პროკურორები ირწმუნებიან, რომ ბრალდებულთა მოტივაცია პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა იყო. თაკო გეგელია განმარტავს, რომ მოტივის დასადგენად ჯერ ქმედება უნდა დადასტურდეს.
“მოტივი საიდან ამოიცნეს? ზოგადად, მოტივის, განზრახვის და მიზნის დადგენა ხდება ქმედებებზე დაკვირვებით და თუ ქმედება არ მტკიცდება საერთოდ, მოტივს რანაირად იგებ? მე რისი მოტივი მქონდა შენ რა იცი, თუ კონკრეტულ ქმედებას არ დამიმტკიცებ?! ცარიელი ბოთლი გავისროლე თუ ამ ბოთლში რამე ესხა, რამაც დაამძიმა, მოხვდა თუ არ მოხვდა და ა.შ. პრინციპული მნიშვნელობისაა. გამოხატვის თავისუფლებას აქვს საზღვრები, მაგრამ რაც ზედაპირზე ჩანს, გამოხატვის თავისუფლებას არ სცდება. თუნდაც ცარიელი ბოთლი ვისროლო პოლიციელების მიმართულებით”, – ამბობს თაკო გეგელია.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, პროკურატურა არათუ ბრალდებულთა მოქმედების ჯგუფურობას, არამედ მათ დანაშაულებრივ შინაარსსაც ვერ ადასტურებს. თუნდაც, ინდივიდუალურად.
უწყებას აქვს ვიდეოები (დაცვის მხარის შეფასებით, ისინი არაკანონიერადაა მოპოვებული), სადაც, მათივე მტკიცებით, ჩანს, როგორ ისვრიან ბრალდებულები სხვადასხვა ნივთს. ამ ვიდეოებზე მხოლოდ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზებია დანიშნული/ჩატარებული, რითაც მხოლოდ მასში ბრალდებულთა ვინაობის შემოწმებაა შესაძლებელი. ექსპერტიზა არ ამბობს, რა ნივთები უჭირავთ ვიდეოში გამოსახულ პირებს. ვიდეოებში არ ჩანს, რა მიმართულებით ისვრიან ნივთებს, ან ხვდება თუ არა ვინმეს ისინი. ამ პირობებში გაურკვეველია, როგორ აპირებს პროკურატურა იმის დასაბუთებას, რომ ბრალდებულთა მოტივაცია მაინცდამაინც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა იყო.
ამის შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ პროკურორები აცხადებენ, რომ პასუხებს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე მივიღებთ.
ადვოკატები, ამ ვიდეოების მოპოვების გზების კანონიერების გარდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებნენ მათ ავთენტურობას. ამიტომ, ალტენრატიულ ექსპერტიზებს ატარებენ. გარდა ამისა, პროკურატურა ვერ აკონკრეტებს, წარმოდგენილი ვიდეოები კონკრეტულად რომელ დღეს, რომელ საათზეა გადაღებული.
“გადაღებულია იმ მომენტში, როცა ხორციელდებოდა ეს დანაშაულებრივი ქმედებები” – განაცხადა ერთ-ერთ სხდომაზე პროკურორმა ვაჟა თოდუამ, რასაც დარბაზში სიცილი მოჰყვა.
რას ამბობენ ადვოკატები
ბრალდებულების ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში წარდგენილი ბრალის დადასტურება შეუძლებელია. მათი თქმით, ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი სჭირდება, ამ საქმეში კი არათუ ორგანიზებული, არამედ, ზოგადად, ჯგუფურობის დამდასტურებელი არგუმენტები არ მოიძებნება.
“ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს აქვს თავისი მახასიათებლები, რომლებიც იძლევა დანაშაულის შემადგენლობას: ეს ადამიანები წინასწარ უნდა შეთანხმებულიყვნენ, გაეწერათ გეგმა, გადაენაწილებინათ როლები, ვინ რას გააკეთებდა და ა.შ.
ამ შემთხვევაში, საქმის მასალები არათუ წინასწარ შეთანხმების კრიტერიუმებს, საერთოდ ერთმანეთს რომ იცნობდნენ და კომუნიკაცია ჰქონდათ, მაგასაც ვერ ადასტურებს. ფიზიკურად, მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, რომელიც ირიბად მაინც, თუნდაც დაბალი სტანდარტით მიუთითებს ჯგუფურობას. ავტომატურად, თავშივე გამოირიცხება ორგანიზებულობა და ჯგუფურობის შემადგენლობა”, – აცხადებს თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატი, ნინო ლომინაძე.

ადვოკატები და ბრალდებულები 11 იანვარს, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომაზე
ბრალდებულებს შორის კომუნიკაციის დადასტურების აუცილებლობაზე საუბრობს ვეფხია კასრაძის ადვოკატი, არჩილ ჭავჭანიძეც. ის ამბობს, რომ თუ პროკურატურა შეთანხმებასა და საერთო მოტივაციის ვერ დაადასტურებს, ბრალი ვერ დამტკიცდება.
“ჯგუფური ძალადობის მაკვალიფიცირებელი გარემოება არის ის, რომ უნდა იყოს ერთობლივი განზრახვა. ასევე, მათ უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია დამყარებული. ზოგადად, სტანდარტი ამბობს, რომ აუცილებელი არ არის, წლები იცნობდნენ ერთმანეთს. იმ მომენტშიც შეიძლება წარმოიშვას განზრახვა, მაგრამ ეს უნდა იყოს რაღაცა კომუნიკაციით დამყარებული.
ამ საქმეში ვერანაირი მტკიცებულება პროკურატურამ ვერ წარადგინა, რომელიც დაადასტურებს რაიმე კონკრეტულ ქმედებას, მაგალითად, მოწოდებას, კომუნიკაციას, ერთმანეთთან SMS-ის მიწერას, დარეკვას. ამოღებულია ტელეფონები, დაინიშნა ექსპერტიზა და დასკვნა რომ მოვა, იქ იქნება ერთადერთი სიმართლე დადგენილი, რომ მათ ერთმანეთთან რაიმე კომუნიკაცია არ ჰქონდათ”, – აცხადებს არჩილ ჭავჭანიძე.
რევაზ კიკნაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ ბრალდებულებს შორის კომუნიკაციის დადასტურების გარეშე, თუნდა სავარაუდო დანაშაული ერთსა და იმავე ადგილას იყოს ჩადენილი, ჯგუფურობაზე საუბარი აბსურდია.
“როდესაც სხვადასხვა განზრახვით ერთ შენობაში ორი ტიპი შედის ქურდობის ჩასადენად, ჯგუფი კი არ არის, ორი სხვადასხვა მოქმედებაა. მეც მინდა, რომ მოვიპარო, იმასაც უნდა, რომ მოიპაროს. ისინი შეთანხმებული არ არიან.
მე და თქვენ დამოუკიდებლად შეგვიძლია გაგვიჩნდეს პოლიციელზე თავდასხმის მოტივაცია. ცალკე მუხლი ხომ არსებობს? თქვენ თქვენით რომ გაგიჩნდათ ეს მოტივი 28 ნოემბერს და მე რომ პირველ დეკემბერს გამიჩნდა, მე და თქვენ რომ არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს და არ გვილაპარაკია ამაზე, როგორ ვართ ჯგუფი?
კაი, ვთქვათ, რაღაცნაირად დავიგეგმეთ ასე. ორგანიზატორიც ხომ საჭიროა? საქმეში მტკიცებულება არაა წარმოდგენილი, რომ ბრალდებულები რაიმე მითითებებს იღებდნენ. მე მაქვს კითხვა, ვინ იყო ნიკოლოზ ჯავახიშვილის მოქმედების ორგანიზატორი? იქ ხომ წერია, რომ “ორგანიზატორი უნაწილებდა როლებს”, მაინტერესებს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს ვინ გაუნაწილა როლი?”, – ეს კითხვა ავსაჯანიშვილმა არაერთხელ დასვა სასამართლო სხდომაზეც, თუმცა პროკურორებისგან პასუხი ვერც ერთხელ მიიღო.

12 მარტი, წინასასამართლო სხდომა
თაკო გეგელია აცხადებს, რომ პროკურატურამ არათუ ყველა ამ კითხვაზე უნდა გასცეს ამომწურავი პასუხი, არამედ მყარი მტკიცებულებებით დაადასტუროს ბრალდების თითოეული ნიუანსი.
“შეიძლება ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა არ იცოდნენ ერმანეთის სახელების შესახებ, მაგრამ მათ იციან, რომ ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეები არიან და ფუნქციები არის გადანაწილებული. ამ საქმეში ეს არ ჩანს. უბრალოდ, იმის თქმა, რომ მე ორგანიზებულ ჯგუფის არსებობა დავამტკიცე და შენ ამის წევრი ხარ, საკმარისი არ არის. ორგანიზებული ჯგუფი სტრუქტურული ერთეულია, რომელსაც ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც სპონტანურად არ არის შექმნილი, არამედ კარგად მოფიქრებულია და ჰყავს პატარ-პატარა ჭანჭიკები, ამსრულებლები, რომელთა შორის გადანაწილებულია ფუნქციები. ეს ძალიან სერიოზული სამტკიცებელი ქმედებაა და, რა თქმა უნდა, ამისთვის ძალიან მყარი მტკიცებულებებია საჭრო. ამ საქმეში, ზედაპირზე, ეს საერთოდ არ ჩანს.
სერიოზულ ეჭვს იწვევს ის, რომ ორგანიზატორი ჰყავდა ამ მოქმედებებს. აქ უფრო ის ჩანს, რომ ადამიანები იყვნენ გაბრაზებულები და გამოხატავდნენ პროტესტს. ვიღაცამ შეიძლება მართლა ისროლა ბოთლი, ვიღაცამ შეიძლება შეიგინა პოლიციის მიმართულებით. შენ თუ ამბობ, რომ ეს ბრაზი იყო ორგანიზებული, გამოხატული ისეთ აგრესიაში, რომელიც სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ამ ადამიანებს შორის კავშირი შენვე უნდა ამტკიცო”, – აცხადებს თაკო გეგელია.
რას ამბობენ პროკურორები
“ნეტგაზეთი” ესაუბრა საქმის პროკურორებს, ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილს. ლოგიკა, რომელიც მათგან მოვისმინეთ, ასეთია: “ჯგუფი”, რომლის წევრობასაც ბრალდებულებს ედავებიან, არის ბევრად დიდი, ვიდრე დაკავებულთა ჯამური რაოდენობა. რეალურად, ყველა, ვინც იმ დღეებში სპეცრაზმს წინააღმდეგობას უწევდა და გამოძიების შეფასებით დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებდა, პროკურატურის ლოგიკით, ერთი დიდი ჯგუფია. ამ ჯგუფის სხვა მონაწილეები და ორგანიზატორები კი გამოძიებას იდენტიფიცირებული არ ჰყავს.
ამ ლოგიკით გამოდის, რომ იქ მყოფმა ყველა ადამიანმა, ვისი ქმედებაც დანაშაულებრივად შეფასდება, ჯგუფური დანაშაული ჩაიდინა, რადგან მანამდე ან მის შემდეგ სხვებიც სჩადიოდნენ შესაძლო დანაშაულს და ეს ქმნის ჯგუფურობას. ამავე ლოგიკით გამოდის, რომ რუსთაველზე იმ დროს ინდივიდუალურ ძალადობრივ დანაშაულს, ძალიანაც რომ სდომოდა, სავარაუდოდ, ვერავინ ჩაიდენდა.
პროკურორები ამტკიცებენ, რომ არ არის აუცილებელი ჯგუფის წევრები ერთმანეთს იცნობდნენ, რადგან “შეთანხმება შედგა უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების პერიოდში”.
“ერთმანეთის მოქმედებებს უყურებდნენ ბრალდებულები, სხვა პირები რომ აზიანებდნენ სახელმწიფო ქონებას, ძალადობდნენ სამართალდამცველებზე და აი, ამ ძალადობის განხორციელების დროს, ამ ძალადობას შეუერთდა არაერთი პირი. ეს არის ჯგუფური ძალადობა. ეს იყო ძალადობრივი ქმედებების განხორციელების პერიოდში შეთანხმებული ჯგუფი. როგორ გითხრათ სხვანაირად?!”, – გვიპასუხა ვაჟა თოდუამ.
“დანაშაული, ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც წინასწარ რაღაც ხელშეკრულებები უნდა დაედოთ. შეიძლება შეთანხმებით იყოს და შეიძლება შეუთანხმებლად იყოს”, – განაცხადა ვახტანგ ცალუღელაშვილმა.
პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი
თუმცა მუხლი, რომლითაც მათ ედავებიან, გულისხმობს არა შეუთანხმებელ, არამედ წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის წევრობას. ნეტგაზეთის ამ დაზუსტების შემდეგ, პროკურორმა მიგვითითა, რომ დაკავებულები უშუალოდ “დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების პერიოდში” შეუერთდნენ ჯგუფს, რომელიც უკვე არსებობდა.
“ამ შემთხვევაში, უშუალოდ ამ ბრალდებულებთან მიმართებაში, ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს ბრალდების დადგენილება შემდეგნაირად, რომ როდესაც დაორგანიზდა ძალადობრივი მოქმედებები, დაიწყო ძალადობრივი მოქმედების განხორციელება, ეს პირები შეუერთდნენ და მიიღეს მონაწილეობა ამ ძალადობრივ მოქმედებებში. კვალიფიკაციისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არ არის, [ორგანიზატორმა] წინასწარ დაურეკა თუ არა ამ ბავშვებს”, – ამბობს ვაჟა თოდუა.
გამოდის, რომ რადგან უწყება ვერ ადასტურებს კავშირს “ორგანიზატორებსა” და “მონაწილეებს” შორის, პროკურორები ამბობენ, რომ ყველა, ვინც მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, უკვე არსებულ ჯგუფს შეუერთდა “უშუალოდ ძალადობრივი ქმედების განხორციელების დროს”.
ვინ იყვნენ უკვე “არსებული ჯგუფის” წევრები? პროკურორები ამბობენ, რომ ეს ჯერ დადგენილი არ არის. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მომავალში ამ ჯგუფის სხვა წევრებიც შეიძლება დააკავონ.
პროკურორებს ვკითხეთ, თუ ვერ ადასტურებენ უკვე დაკავებული პირების კავშირს ერთმანეთთან, ისევე როგორც ამავე “ჯგუფის” ჯერ დაუდგენელ წევრებთან, რატომ განიხილავენ მათ ქცევას ამ ჯგუფის ნაწილად და არა ინდივიდუალურ მოქმედებად.
ვახტანგ ცალუღელაშვილის განმარტებით, მათმა მოქმედებამ, ჯგუფის სხვა წევრების ძალადბრივ ქმედებებთან ერთად, სამართალდამცველებს გაურთულა ადგილზე წესრიგის შენარჩუნება.
“სამართალდამცველებს ისედაც ხომ უძნელდებათ?! სად ერთი ადამიანის [მოგერიება] და სად 100 და 200 რომაა. მაგიტომაც არის ეს მუხლი ასეთი სპეციფიკური […] ძალადობა იყო ორგანიზებული. მეც რომ მივსულიყავი იმ დღეს და შევერთებოდი, მეც ჯგუფის წევრი ვიქნებოდი. ვთქვათ, მივედი, შევხედე, მომეწონა ეს მოქმედებები და შევუერთდი. მეც ჯგუფის წევრი ვარ”, – გვითხრა ცალუღელაშვილმა.

პროკურორი ვაჟა თოდუა
“ერთი ბრალდებული ისვრის პიროტექნიკას. ჩანს, რომ მის უკან 20 ადამიანი ისვრის ქვებს, პირობითად. ის 20 ადამიანი რადგან დადგენილი არ არის, ხომ არ გულისხმობს, რომ ქმედება ინდივიდუალურია?! იმ 20 პირის ქმედება, ამ ადამიანის ქმედება ერთობლიობაში ქმნიდა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს”, – ამბობს ვაჟა თოდუა.
მაგრამ როგორ შეიძლება ერთი ჯგუფის წევრად მოვიაზროთ ადამიანები, რომლებმაც სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება სხვადასხვა დღეს ჩაიდინეს?
“ბრალდებულები ჯგუფის მონაწილეები არიან მიუხედავად იმისა, რომელ დღეს განხორციელდა მათი მოქმედებები. მაგალითად, პირველ დეკემბერს ხომ განხორციელდა გარკვეული ზემოქმედება?! პირველ დეკემბერს უშუალოდ მან [დაკავებულთაგან რომელიმემ] კი არ ჩაიდინა დანაშაული, ჩაიდინა შეიძლება 20-მა სხვა ადამიანმა. კადრებში ჩანს, რომ მათთან ერთად სხვა პირებიც ახორციელებნენ დანაშაულებრივ მოქმედებებს. იმ ჯგუფის წევრებიც არიან ესენი […] მაინცდამაინც ის კი არ არის საკითხი, რომ აი, ამ კონკრეტული ბრალდებულის ჯგუფია. ჯგუფში მოიაზრება ყველა პირი, ვინც ძალადობა განახორციელა”, – განმარტავს ვაჟა თოდუა.
რა მოხდება, თუ ბრალდებულთა ჯგუფური მოქმედება ვერ დადასტურდა
ონისე ცხადაძის ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე განმარტავს, როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესი, თუ პროკურატურა ბრალდებულთა ჯგუფურ მოქმედებას ვერ დაადასტურებს.
როგორც აღვნიშნეთ, უწყება ვერ ამტკიცებს, რა ზიანი გამოიწვია ბრალდებულთა მოქმედებებმა ინდივიდუალურად. შესაბამისად, ცუცქირიძე ამბობს, რომ სასამართლოს ბრალის გადაკვალიფიცირება გაუჭირდება – “ახლოს მდგარ მუხლებსაც სჭირდება დაზარალებული”.
სწორედ ამიტომ, ცუცქირიძე ამბობს, რომ საუკეთესო შემთხვევაში, ბრალდებულთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება საერთოდ უნდა შეწყდეს.
ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა გადაწყვიტოს. თუმცა, რიგ შემთხვევებში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა ქმედებები ინდივიდუალურად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევადაც კი ვერ ჩაითვლება.
მაგალითად, საქმის მასალების მიხედვით, რამდენიმე ბრალდებულის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა გამოიხატა აქციაზე ფოიერვერკის სროლით. უწყებას არ აქვს მტკიცებულება, რომ კონკრეტული პირის მიერ მიერ ნასროლმა ფეიერვერკმა ვინმე ან რამე დააზიანა. პიროტექნიკის სროლა ადმინისტრაციული სამართალდარღვევად, “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით განხილული კანონპროექტის მიღების შემდეგ, 2025 წლიდან ითვლება. ამ საქმეზე ბრალდებულთა დაკავების მომენტისთვის კი ეს ქმედება კანონიერი იყო.
ამავე თემაზე: