ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) გამოაქვეყნა რეზოლუციის პირველადი ვერსია, რომელსაც კენჭს ხუთშაბათს, 10 აპრილს უყრიან. ამავე დღეს ასამბლეა იმსჯელებს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებაზე.
ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციას PACE-ში შეზღუდული უფლებამოსილება აქვს. ასამბლეამ მის სრულად ცნობაზე, ან პირიქით, გაუქმებაზე უნდა იმსჯელოს იმის მიხედვით, შეასრულა თუ არა “ქართულმა ოცნებამ” რეკომენდაციები – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებისთვის პირობების შექმნა.
თუმცა მანამდე, სანამ PACE ქართული დელეგაციის უფლებამოსილებაზე იმსჯელებდა, “ქართულმა ოცნებამ” წევრები ასამბლეიდან წინმსწრებად გამოიწვია. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ წევრების ჩართულობა სამუშაო პროცესში არის ვალდებულება და არა არჩევანი. ამიტომ, ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს ქართული მხარის გადაწყვეტილების გამო, საკუთარი ნებით დაეტოვებინათ სტრუქტურა.
რეზოლუციის პროექტი, რომელსაც PACE ხვალ, 10 აპრილს განიხილავს, სულ 14 პუნქტისგან შედგება. დოკუმენტში დადებითად არ არის შეფასებული არცერთი წინა რეკომენდაციის შესრულების ხარისხი – რეკომენდაციები უბრალოდ არ შესრულებულა. ამის საპირისპიროდ, დაემატა არაერთი ახალი კრიტიკა და გამოწვევა, რომელიც პარტნიორების შეფასებით ქართულ დემოკრატიას აქვს. ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიის ხარისხის ასეთი სწრაფი უკუსვლის გამო.
როგორც აღვნიშნეთ, ძალაში რჩება ჯერ კიდევ წინა რეზოლუციით განსაზღვრული მოთხოვნა, შეიქმნას პირობები დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამისთვის PACE გასცემს რეკომენდაციას, გაუქმდეს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები. ასამბლეა იმოწმებს ვენეციის კომისიის დასკვნას და აცხადებს, რომ აღნიშნული ძირს უთხრის თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპს და არ უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს. რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ დემოკრატიის ხარისხთან, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევის გამო, კითხვის ნიშინის ქვეშ დგება 2025 წელს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების სანდოობა.
ასამბლეა შეშფოთებულია პროევროპული აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაკავებებით. ასევე, შურისძიების მიზნით, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი პრიოცედურების გამოყენების შემთხვევებით. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა საეჭვო სამართლებრივი საფუძვლებითაა შეფარდებული.
PACE-ს რეზოლუცია ეხმაურება იმ ფონდების დაყადაღებასა და სისხლის სამართლის საქმის დაწყებას, რომლებიც ფინანსურად ეხმაურებოდნენ აქციებზე დაკავებულებისა და დაჯარიმების, ასევე, საჯარო სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მოქალაქეებს.
ასამბლეა კვლავ იმეორებს მოწოდებას, რომ ყველა დაკავებული მომიტინგე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. გარდა ამისა, PACE-ს რეკომენდაციაა, ისინი მოინახულონ წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, ან დასჯის ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებმა.
რეზოლუციის პროექტში საუბარია დაუსჯელობის განცდაზე, რომელსაც აჩენს სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტების მიმართ ჩადენილი სისასტიკის უგულებელყოფა.
“ამ კონტექსტში ღრმად შემაშფოთებელია ადამიანის უფლებათა დამცველი ქართული ორგანიზაციების ცნობები იმის შესახებ, რომ დაკავებული დემონსტრანტების დიდი ნაწილი ექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაკავების დროს და პატიმრობაში. ასამბლეა მოუწოდებს პასუხისმგებელ პირებს, სრულად გამოიძიოს ყველა მსგავსი შემთხვევა გამჭვირვალე და ეფექტიანი მეთოდებით”, – წერია დოკუმენტში.
აქვე ხაზგასმითაა აღნიშნული ოპოზიციონერი ლიდერის, ელენე ხოშტარიას შემთხვევა, რომელიც დაკავების შემდეგ პოლიციელებმა იძულებით გააშიშვლეს და ეს პროცესი კამერებზეც კი აღბეჭდეს.
PACE ქართულ ოცნებას აკრიტიკებს ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონების გამო და მათ გაუქმებას მოითხოვს. მათ შორისაა:
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები. PACE ამ შემთხვევაშიც იმოწმებს ვენეციის კომისიის დასკვნას და მოუწოდებს “ქართული ოცნების” პასუხისმგებელ პირებს, აღნიშნული ცვლილებები გააუქმონ. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცალკეული მუხლების, არამედ მთლიანი კოდექსის ცვლილებეის საჭიროებაზეც, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, 1983 წელსაა მიღებული;
- PACE უარყოფითად აფასებს კანონებს, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” მედიისა და არასამთავრობო ორგანზიაციების შეზღუდვის მიზნით მიიღო. განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება კანონზე, რომელიც მედიებს, მათ შორის ონლაინ-მედიებს უკრძალავს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი დაფინანსების მიღებას უცხოეთიდან. აქვეა აღნიშნული, რომ ცვლილებები მნიშვნელოვნად გაზრდის კომუნიკაციების კომისიის ბერკეტებს, ჩაერიოს მედიების შინაარსობრივ საქმიანობაში, იმ ფონზე, როცა ამ უწყების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გარდა ამისა, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, 2024 წელს საქართველომ 77-ე ადგილიდან 103-ე ადგილზე გადაინაცვლა.
- რეზოლუციის პროექტში უარყოფითადაა შეფასებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და აღნიშნულია, რომ ახალი საკანონმდებლო ბაზა დაუცველს ტოვებს სახელმწიფო მოხელეებს. გარდა ამისა, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვას იმ ცნობების შესახებ, რომლის მხიედვითაც როგორც მოქმედი, ისე ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებიც აკრიტიკებენ “ქართული ოცნებას”, დაშინებისა და შურისძიების ობიექტები არიან. რეზოლუცია გმობს სახელმწიფოს დამოკიდებულებას, რომელიც “საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელ პროფკავშირს” რეგისტრაციის შესაძლებლობას არ აძლევს.
- PACE შეშფოთებას გამოთქვამს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის მიღების გამო. ასამბლეის შეფასებით, ამ კანონს იგივე მიზნები აქვს, რაც რუსულ კანონს ჰქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამკაცრებულია მიდგომა – დაუმორჩილებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. როგორც სხვა შემთხვევებში, ასამბლეა აქაც ვენეციის კომისიის დასკვნას იმოწმებს.
- PACE შეშფოთებულია იმ ცვლილებებით, რომლებიც აუქმეს სამოქალაქო საზოგადოების სავალდებულო მონაწლეობასა და კონსულტაციებს კანონშეოქმედებით პროცესში და სახელმწიფოს ძირითადი თანამდებობის პირების, მათ შორის, ცესკოს წევრების, საპროკურორო საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნაში. ასამბლეა მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია კანონის სოციალაური მიმღებლობისთვის. განსაკუთრებით, ფაქტობრივი ერთპარტიული პარლამენტის პირობებში. რეზოლუცია მოუწოდებს პარლამენტს, გააუქმოს აღნიშული კანონმდებლობა.
გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში საუბარია “ქართული ოცნების” მიერ შექმნილ დროებითს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც შეისწავლის “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობას. ასამბლეა განსაკუთრებით ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტიის განცხადებით, აკრძალოს “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” და ნებისმიერი მასთან დაკავშირებული თუ მისი მემკვიდრე ნებისმიეირი პარტია. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა იქნება ევროპის საბჭოს დებულებებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამოქმედებამდეც კი ამ საკითხის განხილვა აღრმავებს პოლარიზაციას და ხელს უშლის კრიზისის მოგვარებას.
რეზოლუცია მოუწოდებს “ქართული ოცნების” პასუხისმგებელ პირებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და მათ შესასრულებლად ითანამშრომლონ ევროპის საბჭოს სტრუქტურებთან. თუმცა აქვეა აღნიშნული, რომ წინა რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობამ და ქართული დელეგაციიდან წევრების გაწვევამ, შესაძლოა, ფაქტობრივად გამოიწვიოს მათთვის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებაზე უარის თქმა.
ამავე თემაზე: