საზოგადოება

“დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები” – რაზე შეთანხმდნენ ერმაკი და რუბიო საუდის არაბეთში

11 მარტი, 2025 •
“დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები” – რაზე შეთანხმდნენ ერმაკი და რუბიო საუდის არაბეთში

უკრაინისა და აშშ-ის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში, ქალა ჯიდაში დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრი ერმაკსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის საუბარი 7-საათიზე მეტხანს გაგრძელდა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, უკრაინა დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აქვე ნათქვამია, რომ აშშ იღებს ვალდებულებას, განიხილოს ეს წინადადება რუსეთის მხარესთან. უკრაინის პირობაა, რომ შეთანხმება უნდა იყოს ორმხრივი.

სანაცვლოდ, აშშ გააგრძელებს სადაზვერვო ინფორმაციის უკრაინისთვის გაზიარებას და აღადგენს სამხედრო დახმარებას.

“ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა უმაღლესი შეფასება მისცეს უკრაინელი ხალხის გამბედაობას საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის და შეთანხმდნენ, რომ ახლა დროა, დაიწყოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესი.  უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა გულწრფელი მადლიერება უკრაინელი ხალხის სახელით პრეზიდენტ ტრამპის, აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ მნიშვნელოვანი პროგრესისთვის მშვიდობის მიღწევს გზაზე […]

დელეგაციებმა, ასევე, განიხილეს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჰუმანიტარული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით, აღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის დროს. მათ შორის, სამხედრო ტყვეების გაცვლაზე, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებასა და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებაზე”, – ვკითხულობთ უკრაინული მხარის განცხადებაში.

შემდეგი ნაბიჯი იქნება იმ ჯგუფების ფორმირება, რომლებმაც უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები. უკრაინის დელეგაცია აღნიშნავს, რომ მათთვის მნიშნელოვანია პროცესში ევროპელი პარტნიორების ჩართულობა.

მხარეებს ხელი არ მოუწერიათ ე.წ. მინერალების შესახებ შეთანხმებაზე, თუმცა საკითხი დღის წესრიგში კვლავ რჩება. ორივე მხარე იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში ამაზეც შეთანხმდებიან.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი