„ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის, ანრი ოხანაშვილის მოადგილე, ერეკლე ღვინიანიძე გადადგა.
ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ერეკლე ღვინიაძის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ 10 თებერვალს დაკმაყოფილდა.
ერეკლე ღვინიანიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა. მანამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იყო.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თავად ერეკლე ღვინიანიძემ. მისი თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ თითქოს, თანამდებობა ანრი ოხანაშვილთან გარკვეულ საკითხებზე არსებული უთანხმოების გამო დატოვა.
როგორც ღვინიანიძე ამბობს, გადაწყვეტილება პირადი მიზეზებიდან გამომდინარე მიიღო და „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება.
„ნებისმიერი საუბარი სხვა მოტივაციაზე სრულიად უადგილოა და ემსახურება ცილისმწამებლურ მიზანს. მრავალ წარმატებას ვუსურვებ ბატონ ანრი ოხანაშვილს იუსტიციის სამინისტროს გუნდთან ერთად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმიანობაში.
მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გუნდს წარმატებული თანამშრომლობისთვის რომლის შედეგადაც მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება გახდა შესაძლებელი.
ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს გამარჯვებისთვის ჩვენ კიდევ ბევრ ქმედით და წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ“, – დაწერა ღვინიანიძემ Facebook-ზე.