საზოგადოება

პრეზიდენტი ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

28 ნოემბერი, 2024 •
პრეზიდენტი ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს საზოგადოებას, პოლიციას, ჯარს, ოპოზიციას და დიპლომატიურ კორპუსს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების დაწყება 2028 წლამდე, წერტილი დაესვა საკონსტიტუციო გადატრიალებას და ევროპიდან რუსეთისკენ მსვლელობას, რომელიც ბოლო პერიოდია მიმდინარეობს.

„დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ყველა ეჭვი გაიფანტა. დღეს გამოაცხადა ამ არარსებულმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ არა მშვიდობა, არამედ ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულს და საკუთარ მომავალს, ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის მომავალს, იმიტომ, რომ ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახლმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკდიებლობა, არც მომავალი, გარდა რუსეთისა“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დღეს დაიბარა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და უთხრა, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები.

„არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი. ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს, რომ ნათელია, ის მაინც არის მტკიცებულება, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა თავისი კმაყოფილება და დაუფასა მორჩილება. ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა დღეს სასახლეში მიიწვია ოპოზიციური პარტიები და მიმართა მათ:

„ახლა დროს არ არის მე ჩემი აზრი მაქვს, ჩემი სურვილი მაქვს. დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით. მე ვიქნები თქვენთან ერთად იმდენად, რამდენადაც იქნებიან ერთიანი და კოორდინებული გადაწყვეტილებას მიიღებენ. არავინ სთხოვს მათ, რომ ერთი პარტია გახდეს. მაგრამ დღეს გვჭირდება გონივრული გადაწყვეტილებები, კოორდინებულად მიღებული. ეს არის წინააღდმეგობის მოძრაობა. მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი და საქართველოს წარმომადგენელი ამ ქვეყნის და ერთადერთი, ვისაც უფლება აქვს დაელაპარაკოს და ბოლომდე ვიდგები აქ, საზოგადოებასთან ერთად“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან მიმართა საჯარო მოხელეებს:

„დრო არის, რომ თქვენი გადაწყვეტილება მიიღოთ და იფიქროთ, რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს, რა რეპუტაციას უტოვებთ? რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ, როცა თქვენს შედეგში იცხოვრებენ. ვიცი, რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ღირსება, ქვეყანა, სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია“, — თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე დიპლომატებსა და საქართველოს ელჩებს მიმართა: „დღეს რაღას აკეთებთ, ვის ან რას ემსახურებით, სად ხართ? წარმოგიდგენიათ, რა აბსურდში ცხოვრობთ? არ გიჭირთ იქ ცხოვრება? რომელ ქვეყანას გინდათ ემსახუროთ, რუსეთს? ხვალ აქ რუსეთი იქნება, ხმა თუ არ ამოვიღეთ“.

„მინდა მივმართო ნამდვილ პოლიციას — თქვენს სახელმწიფოს გარეშე არაფერი არა ხართ და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოეში არის, რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები, არა რუსები, არა მოღალეტეები. მინდა მივმართო ქართულ ჯარს, იმ ჯარს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად გული სტკივა, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის და გულის სტკივა, რომ ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს, რომლიდანაც ძლივს გამოვედით. ამ შემობაში ყველა ჩვენი ეროვნული გმირის პორტრეტია და ვერავინ მოხსნის, როგორც ვერავინ წაგვმართმევს დამოუკიდებლობას“, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მან საზოგადოებას პროტესტისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ბოლომდე ხალხის გვერდით იდგება.

„მოგმართავთ ყველას, ვინც ტელევიზორთან ხართ, ვინც გამოსული ხართ – არ დაკარგოთ იმედი, არავინ გაბედოს და არ ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი. არშეგუება, არდანებება და წინააღმდეგობა და მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე ისევე, როგორც თქვენ იქნებით ერთგული ბოლომდე”, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი