საზოგადოება

რატომ არ გამოდგება ხმის ფარულობაზე პაპუაშვილის მაგალითები უცხოეთიდან

5 ნოემბერი, 2024 •
რატომ არ გამოდგება ხმის ფარულობაზე პაპუაშვილის მაგალითები უცხოეთიდან

26 ოქტომბრის არჩევნებიდან ერთი კვირის განმავლობაში, ხმის ფარულობის შესახებ დისკუსიებისას მნიშვნელოვნად შეიცვალა მხარეთა არგუმენტები: თავდაპირველად განხილვის საგანი იყო ის, თუ რამდენად მასშტაბური იყო ამომრჩეველთა ხმის გამჟღავნების შემთხვევები. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ამას სისტემური სახე ჰქონდა, დისკუსია გადავიდა იმ ეტაპზე, როცა დაინტერესებული მხარეები ამ ფაქტის პრობლემურობასა და მისი მნიშვნელობის ხარისხზე საუბრობენ.

თითქოს ეს უფრო მარტივად გადასაწყვეტი საკითხია – საარჩევნო ხმის ფარულობა ქვეყნის უმაღლესი კანონით, კონსტიტუციითაა გარანტირებული. თუმცა მმართველ პარტიაში ასე არ ფიქრობენ. “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა  4 ნოემბერს მორიგი ბრიფინგი გამართა “დეზინფორმაციის მხილების” მიზნით. ბრიფინგი სწორედ ხმის ფარულობაზე საუბრით გახსნა, “რომელზეც ისტერია ატეხა ერთმა კონკრეტულმა ენჯეომ”.

ორგანიზაცია, რომელზეც პაპუაშვილი საუბრობს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა (საია), “ისტერიის ატეხვას” კი პაპუაშვილი უწოდებს მათ მოთხოვნას 2263 საარჩევნო უბნის (უბნების, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა) შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. საია-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებას არჩევნების ხელახალი დანიშვნა მოჰყვება, რადგან ელექტრონულ უბნებზე ამომრჩეველთა 90% აძლევდა ხმას. ეს კი ის რიცხვია, რომელიც არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვნად ცვლის.

სანამ საია ქვეყნის მასშტაბით ყველა რაიონულ და საქალაქო სასამართლოში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ხმის ფარულობის დარღვევა საკმარისი მიზეზია კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისთვის, პაპუაშვილმა სხვა ქვეყნების პრაქტიკა მიმოიხილა.

ბრიფინგზე მან ოთხი ქვეყნის – პოლონეთის, ბულგარეთის, ლიეტუვისა და მოლდოვის ბოლო არჩევნებზე კენჭისყრის ამსახველი რამდენიმე ფოტო წარადგინა და განაცხადა, რომ ხმის ფარულობა ამ ქვეყნებშიც ირღვევა. პაპუაშვილის არგუმენტი ეფუძნებოდა ორ ფაქტორს – საარჩევნო ყუთის გამჭვირვალობასა და მასში ბიულეტენის კონვერტის გარეშე ჩაგდებას. მან წარადგინა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ კონვერტის გარეშე გამჭვირვალე, ან ნახევრად გამჭვირვალე ყუთში ჩაგდებულ ბიულეტენებზე იდენტიფიცირებადია, რომელი საარჩევნო სუბიექტია მხარდაჭერილი.

“ეს არის პრობლემა იმის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს საკუთარ თავს და მოქმედებს უცხოური დაფინანსებით, ჩართული იყვნენ საარჩევნო კამპანიაში, მიზნად ჰქონდათ კონკრეტული საარჩევნო შედეგის დადგომა, იყვნენ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და ახლა, როცა ეს შედეგი არ დადგა, ისინი ცდილობენ, საკუთარი უცხოური დაფინანსება გამოიყენონ იმისთვის, რომ ქართველ, მოლდოველ, ბულგარელ, ლიეტუველ და პოლონელ ამომრჩევლებს წაართვან არჩევანი. ეს არის სინამდვილეში ის ბოდვა, რასაც ჩვენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან ვისმენთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თუმცა ის, რის შესახებაც პაპუაშვილი საუბრობს, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისაგან, რის შესახებც საია საქართველოში დავობს.

ყველა ჩამოთვლილ ქვეყანაში არჩევნები საარჩევნო ყუთის და ბიულეტენის გამოყენებით ტარდება ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ხოლმე საქართველოში. თუმცა არსებობს ერთი განსხვავება. იმ ქვეყნებში, რომლებიც პაპუაშვილმა დაასახელა, ამომრჩევლები ბიულეტენს ყუთში კონვერტის გარეშე აგდებენ, მაგრამ – გადაკეცილ მდგომარეობაში, რითაც ხმის ფარულობა არ ირღვევა.

ფოტოებში, რომლებიც პაპუაშვილმა წარადგინა, მოქალაქეები ან საკუთარი სურვილით, თავად აგდებენ ბიულეტენს ყუთში გაშლილ მდგომარეობაში, ან ბიულეტენები უშუალოდ საარჩევნო ყუთში ერთმანეთში შერევის შედეგადაა სრულად ან ნახევრად გაშლილი.

ეს სიტუაცია განსხვავდება საქართველოსგან, სადაც საია დავობს, რომ სისტემა მასშტაბურ დონეზე ვერ უზრუნველყოფდა ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის ფარულობას, მიუხედავად იმისა, რა სურდა იმ ამომრჩეველს, რომელიც ბიულეტენს აგდებდა ხმის დამთვლელ აპარატში.

ანუ პირობითად პოლონელ ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება, კონვერტი გადაეკეცა და ისე ჩაეგდო ყუთში, თუმცა ქართველი ამომრჩეველი, საიას თანახმად, ფარულობის ასეთ დაცვას ვერ მოახერხებდა: ბიულეტენზე მის მიერ გაფერადებული არჩევანი მეორე მხარეს ჩანდა, რისი დაფიქსირების საშუალებაც აპარატში ქაღალდის შეცურებისას ახლოს მდგარ კომისიის წევრებს ჰქონდათ.

არჩევნები პოლონეთში, ბულგარეთში, ლიეტუვასა და მოლდოვაში (ფოტოები: EPA)

საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ მათ არ უკვლევიათ კონკრეტულად ამ ქვეყნების არჩევნების პრაქტიკა, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ ფარულობის უზრუნველყოფის გარეშე არჩევნები ვერ ჩაითვლება კანონიერად და ამას, არც მეტი და არც ნაკლები, საქართველოს კონსტიტუცია ამბობს:

“საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. ეს ფარულობა არის არჩევნების მთავარი ელემენტი. ფარულობის გარეშე არჩევნები არ ტარდება. ამიტომ, თუ ფარულობა ირღვევა და მას აქვს სისტემური ხასიათი, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები კანონიერად არ ჩატარებულა […] “ამბობენ, რომ [არჩევანს] ჩარჩო-კონვერტი ფარავდა, რაც არ არის სწორი. იმიტომ, რომ რაც არ უნდა სწორად, ინსტრუქციების შესაბამისად გამოიყენო ჩარჩო-კონვერტი, თუ უკანა მხარეს ჩანს კვალი, მაინც დარღვეულია ფარულობა”, – უთხრა ქურდოვანიძემ “ნეტგაზეთს”

ელექტრონული ტექნოლოგიები ცესკომ წინა წლებშიც გამოიყენა შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებში. პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საია-ს აქამდე არ უსაუბრია ხმის ფარულობის პრობლემაზე. უფრო მეტიც, პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ თავდაპირველად საია-ს  არც 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაუსახელებია ხმის ფარულობა პრობლემად და ბიულეტენის უკან მარკერის კვალის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდათ, რაც სხვა არგუმენტი აღარ დარჩათ.

თუმცა რეალობა ორივე შემთხვევაში სხვანაირია. საია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებსა და 2022 წლის რიგგარეშე არჩევნების დროს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ კენჭისყრებზე დაკვირვების შემდეგაც წერდა, რომ მარკერის კვალი ბიულეტენის მეორე მხარესაც იკითხებაო. მეტიც, 2024 წლის არჩევნებამდეც სწერდა გამაფრთხილებელ წერილს ამ პრობლემის შესახებ ცესკოს, საიდანაც პასუხად იღებდა, რომ არჩევნების დღეს ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა ისეთი, რომელიც ფარულობას უზრუნველყოფდა.

რაც შეეხება 26 ოქტომბრის არჩევნებს, საია-ს ინფორმაციით, უშუალოდ კენჭისყრის 589 დარღვევა, ან ცუდი პრაქტიკა დააფიქსირეს. მათი ნაწილი გასაჩივრდა, ნაწილი კი შენიშვნის სახით ჩაიწერა საარჩევნო უბნის ჩანაწერთა წიგნში. დაფიქსირებული შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ ხმის ფარულობის დარღვევას ეხებოდა. ფარულობა დაირღვა ორი ძირითადი მიზეზით:

  1. ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში შეცურებისას იყო ხილვადი. ამით შესაძლებელი იყო იმის დადგენა, რომელი საარჩევნო სუბიექტის გასწვრივ გააფერადა წრე მოქალაქემ. ან, მინიმუმ იმის, მმართველ პარტიას მისცა მან ხმა (რომლის სახელიც, მისი საარჩევნო ნომრის შესაბამისად, ბიულეტენის უკიდურეს ქვედა ნაწილში ეწერა) თუ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ფარულობის დარღვევა არა მხოლოდ იმის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლეოდა, თუ ვის მისცა ხმა მოქალაქემ, არამედ იმის დადგენაც შეიძლებოდა, თუ ვის არ მისცა ხმა ამომრჩეველმა.
  2. “ქართული ოცნების” მიერ დამონტაჟებული ვიდეოკამერები ხმის დამთვლელი აპარატების გვერდით – ეს იყო არა მხოლოდ ზეწოლის მექანიზმი ამომრჩევლისთვის, რომელსაც უჩნდებოდა განცდა, რომ მიღმაც “ხედავს” მის ხმას, არამედ რეალური კონტროლის საშუალებაც.

ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი ისე უნდა ყოფილიყო ორგანიზებული, რომ არათუ არ დარღვეულიყო მოქალაქეთა ხმის ფარულობა, არამედ ამომრჩევლებს ამის შიშიც კი არ უნდა გასჩენოდათ. ცესკო ამტკიცებს, რომ ყველა შესაძლო ზომა მიიღეს ხმის ფარულობის უზრუნველსაყოფად და ამ პრინციპის დარღვევის ცალკეული შემთხვევები კი თავად ამომრჩევლის პასუხისმგებლობაა. უწყების არგუმენტაცია ეფუძნება ე.წ. ჩარჩო-კონვერტის არსებობას, რომლის დახმარებითაც ამომრჩეველს ბიულეტენი კაბინიდან გამოაქვს და მიაქვს ხმის მთვლელ აპარატამდე, სადაც კონვერტიდან ამოღების გარეშე უნდა შეაცუროს მასში. ცესკოში აცხადებენ, რომ ამ ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში ამომრჩევლის ხმის გამჟღავნება არ მოხდებოდა.

საპასუხო არგუმენტად საია ასახელებს ცესკოსვე რეკომენდაციას, რომ ბიულეტენი კონვერტში ამოტრიალებულ მდგომარეობაში უნდა მოთავსებულიყო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თუ ჩარჩო-კონვერტი უზრუნველყოფდა ბიულეტენის აპარატში ისე მოთავსების შესაძლებლობას, რომ ამომრჩევლის ხმა ხილვადი არ გამხდარიყო, მაშინ არც უნდა ყოფილიყო საჭირო დამატებითი რეკომენდაცია მისი ამოტრიალების შესახებ. მით უფრო, რომ ამ რეკომენდაციას, ფაქტობრივად, აზრი ეკარგება, როცა მარკერის კვალი მის მეორე მხარესაც ცხადად იკითხება.

“საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ხელმძღვანელობენ ცესკოს დადგენილებით დამტკიცებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციით. ინსტრუქციის მიხედვით, კომისიის შესაბამისი წევრები ამომრჩევლებს განუმარტავდნენ ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსების წესს – “საარჩევნო ბიულეტენი, სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით, აპარატში მოათავსეთ იმგვარად, რომ ბიულეტენის მხარე, რომელზეც განთავსებულია საცდელი წრე, მოექცეს ქვემოთ. ჩარჩო-კონვერტი დაიკავეთ მსუბუქად, რათა აპარატმა მარტივად მიიღოს საარჩევნო ბიულეტენი” […]

შესაბამისად, ყველა ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში უნდა მოხვედრილიყო ამოტრიალებული ფორმით. ამ წესის არსებობა ადასტურებს, რომ მხოლოდ ჩარჩო-კონვერტი ვერ უზრუნველყოფდა ხმის ფარულობას, ვინაიდან აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას (ე.წ შეცურებისას), ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანი ხდებოდა ხილული”, – წერია საია-ს სარჩელში, რომლითაც მან თბილისის 10 საოლქო კომისიის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

ცესკო-ში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ ეს რეკომენდაცია მხოლოდ იმ შემთხვევებისთვის იყო გათვლილი, თუ ხმის მთვლელი აპარატი რაიმე მიზეზით ბიულეტენს არ მიიღებდა და მას უკან, მოქალაქეს დაუბრუნებდა. თუმცა. როგორც აღვნიშნეთ, ეს რეკომენდაცია ნებისმიერ შემთხვევაში უსარგებლოა, რადგან ბიულეტენის ორივე მხარეს თითქმის თანაბრად იყო შესაძლებელი ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირება.

ხმის ფარულობის მნიშვნელობაზე საუბრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 2022 წლის გადაწყვეტილებაში, რომელშიც ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი უნგრეთის ხმის მიცემის სისტემა დისკრიმინაციულადაა შეფასებული, ხმის ფარულობა ასეა განმარტებული:

„სასამართლო მიიჩნევს, რომ ხმის მიცემის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ფარული კენჭისყრა, რაც ამომრჩეველს საშუალებას მისცემს, თავისუფლად და ეფექტურად მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს სინდისის შესაბამისად და სხვების მხრიდან ზედმეტი გავლენის, დაშინების ან მიუღებლობის გარეშე.

ის ასევე ემსახურება უფრო ფართო საზოგადოებრივ ინტერესს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. პრაქტიკული თვალსაზრისით, საკითხი, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა მოცემულ არჩევნებზე, არ უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის. ხმის მიცემის სისტემამ უნდა დაარწმუნოს ამომრჩევლები, რომ ისინი არ იქნებიან იძულებული, პირდაპირ ან ირიბად გაამჟღავნონ, ვის მისცეს ხმა”.

ამგვარად, ცხადია, რომ ხმის ფარულობა, როგორც დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, გარანტირებულია როგორც ქვეყნის კონსტიტუციით, ისე დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებისა და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკითაც.

ამ ეტაპზე, საია მე-2 ინსტანციის სასამართლოებისთვის ემზადება. ორგანიზაცია აპირებს, როგორც ქუთაისის, ისე თბილისის სააპელაციო სასამართლოებში  გაასაჩივროს რაიონული და საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილება.

ნინოწმინდის სასამართლოს გარდა, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ექსპერიმენტი ჩაატარა და შემდეგ დაეთანხმა საიას, რომ ხმის დამთვლელი აპარატები ნამდვილად ვერ უზრუნველყოფდა ხმის ფარულობას, აბსოლუტურად ყველა სხვა სასამართლომ უარი უთხრა ორგანიზაციას შედეგების გაბათილების სარჩელებზე.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც საია-ში ამბობენ, ფარულობის დარღვევის ფაქტებს ყველა საოლქო კომისია აღიარებს, შედეგების გაბათილებისთვის საკმარის არგუმენტად არ მიაჩნიათ.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი