ემიგრანტების არაერთგზის მიმართვისა და იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ადგილზე აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობა, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბანი არ იხსნება.
ცესკოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთში ერთადერთი საარჩევნო უბანი პარიზში გაიხსნება.
საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ცესკო ქმნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, „არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის“. თუმცა არსებული პრაქტიკით, საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარი მოქალაქეების რეგისტრაციის მისამართად განისაზღვრება არა მათი რეალური საცხოვრებლის, არამედ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი. შესაბამისად, საარჩევნო უბნებიც მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და საკონსულოებში, მეტწილად დედაქალაქებში იქმნება. ეს არჩევნებში მონაწილეობას ურთულებს ათობით ათას ემიგრანტს, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დედაქალაქებისგან შორს ცხოვრობენ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.
რაც შეეხება სტრასბურგს, საქართველოს სახელმწიფოს აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საუბარია ევროპის საბჭოსთან მუდმივ წარმომადგენლობაზე, რომლის ოფისიც ჟ. ჰერმანის ქუჩაზე მდებარეობს. ხვალ იქ ქართველი ემიგრანტების მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართება.
„გავმართავთ მდუმარე აქციას, რათა მშვიდად და მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და მოვითხოვოთ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნა. გაგზავნილია მოთხოვნა კანონით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით — 50-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან. დოკუმენტები ვადების დაცვითაა გადაგზავნილი. ჩვენი მოთხოვნაა, კანონის შესაბამისად მოხდეს რეაგირება და სტრასბურგში გაიხსნას საარჩევნო უბანი. არავის აქვს უფლება, წაგვართვას კონსტიტუციურად მონიჭებული უფლება“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ მარი კაიშაურმა, საფრანგეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა.
ის ამბობს, რომ მხოლოდ თვითონ სტრასბურგში მცხოვრებ 100-ზე ადამიანს დაეხმარა საარჩევნო აღრიცხვაზე დადგომაში.
„100-ზე მეტი ადამიანი დადგა საკონსულო აღრიცხვაზე. რას ნიშნავს არგუმენტი, რომ აქ არ არის საკონსულო? მეილი მომწერეს, რომ რეგისტრაციის წინასწარ გასავლელად მივსულიყავი საკონსულოში. აბა, სად მეპატიჟებიან, თუ არ არსებობს მისამართი? საუბარია ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლობაზე, ეს ტერიტორია ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს“, — აცხადებს კაიშაური.
კაიშაურის ინფორმაციით, საფრანგეთის ელზასის რეგიონში [რომლის ცენტრია სტრასბურგი] საქართველოს მოქალაქეები ძირითადად სამკურნალოდ არიან ჩასულები. მათ არც ფინანსური და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობთ ხელს, რომ ასობით კილომეტრი გაიარონ ხმის მისაცემად პარიზში ჩასასვლელად.
„ეს არ არის იტალია ან საბერძნეთი, აქ სამუშაოდ ხალხი ვერ ჩამოდის, სამკურნალოდ ჩამოდიან. ერთადერთი ფურცელი აქვთ — კვირაში ერთხელ საკვების ვაუჩერი. ამ საკვების ვაუჩერით ჩავლენ პარიზში?! თუ მკურნალობის მსგავსად, მგზავრობაც საფრანგეთმა დაუფინანსოს?! ტრანსპორტირების თანხას რომ თავი დავანებოთ, სასუნთქი აპარატით როგორ იმგზავროს ადამიანმა?! იმ ადამიანებისთვისაც ვითხოვდით სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნას, ვინც წესიერად ვერ გადაადგილდება. მისატან ყუთს ხომ არ ვითხოვდით. მაგრამ არ უნდათ [საქართველოს ხელისუფლებას] საარჩევნო უბნების გახსნა იმიტომ, რომ ემიგრანტები ოპოზიციურად არიან განწყობილნი“ — ამბობს მარი კაიშაური.
ის მიმართავს თანამემამულეებს, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების პარიზში ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში არჩევნების დღეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საარჩევნო უბნები იხსნება მხოლოდ იქ, სადაც მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვა ხორციელდება.
„ვენის კონვენციის მიხედვით, საკონსულო ფუნქციების განხორციელება შეუძლია მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რისთვისაც მათ განესაზღვრებათ საკონსულო ოლქი. ვინაიდან საფრანგეთში არის ერთი საკონსულო ოლქი, რომელშიც ასევე შედის სტრასბურგიც, საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეები დგებიან საელჩოში (პარიზში), მათ შორის სტრასბურგში მცხოვრებნიც“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით პასუხში, რომელიც „ნეტგაზეთმა“ მიიღო.
26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატების შესახებ. უცხოეთის იმ ქალაქებს შორის, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვდა, არის: სტრასბურგი, ბოსტონი, ლოძი, ტორონტო, ანტვერპენი, მაიამი, შტუტგარტი, ვალენსია, ჰამბურგი, ნეაპოლი და სხვები.
ცესკოს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ცესკომ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 60 საარჩევნო უბნის გახსნა გადაწყვიტა.
ამ თემაზე:
ცესკომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა უცხოეთში საარჩევნო უბნების დამატებაზე
როგორ შეიძლება დაიკარგოს ემიგრანტების ხმა 2024-ის არჩევნებზე
მდინარაძის თქმით, ყველა 50 მოქალაქისთვის უბნის გახსნა „ფიზიკურად შეუძლებელია“