„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. „FARA-ს“ საქმეში მესამე მხარის პოზიცია წარადგინა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მოსაზრება არა მხოლოდ ზემოაღნიშნული კანონის ანალიზს მოიცავს, არამედ დამატებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე საკანონმდებლო კონტექსტსაც განიხილავს.
საიას ცნობით, კომისარი მიიჩნევს, რომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიღება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების ნაწილს წარმოადგენს და უარყოფით გავლენას ახდენს მედია საშუალებებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, რომლებიც ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე მუშაობენ.
მისი შეფასებით, კანონის დებულებები ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციით დადგენილ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს (ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლები), ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს (მე-14 მუხლი).
ამასთანავე, კომისრის პოზიციით, კანონი შეიცავს ბუნდოვან ფორმულირებებს და „პოლიტიკურ საქმიანობას“ ზედმეტად ფართოდ განმარტავს, რაც შლის ზღვარს ლეგიტიმურ საერთაშორისო თანამშრომლობასა და ფარულ უცხოურ ჩარევას შორის და ართულებს იმის გაგებას, თუ ვისზე ვრცელდება კანონი.
„კომისარი აღნიშნავს, რომ კანონი ქმნის ადმინისტრაციული კონტროლის რეჟიმს, რომელიც თავისი სიმკაცრით რუსულ „უცხოეთის აგენტების“ კანონებს უთანაბრდება და წესების ნებისმიერი განზრახ დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, საიას ცნობით, კომისარი აღნიშნავს, რომ ტერმინ „აგენტის“ გამოყენებას საზოგადოებრივ აღქმაში ნეგატიური შინაარსი აქვს და ამ კანონის მიღება სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაციას იწვევს.
კომისარი ასევე მიუთითებს, რომ კანონი მიზანმიმართულად ეხება კონკრეტულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, რის გამოც ამგვარ განსხვავებული მოპყრობას გაუმართლებლად მიიჩნევს.
„ამ მიგნებებზე დაყრდნობით, კომისარი ვარაუდობს, რომ სასამართლომ შესაძლოა კანონის მიღება იმ ფართო შეზღუდვების ნაწილად მიიჩნიოს, რომელთა მიზანიც მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციების დაშინება და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციაა“, – წერს საია.
ორგანიზაციის განცხადებით, კომისარი ამ კანონს იზოლირებულად არ განიხილავს და მას სხვა რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთობლიობაში აფასებს. კერძოდ, საიას ცნობით, მოსაზრებაში ის საუბრობს:
  • რუსულ კანონზე;
  • ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წლის 1 აპრილს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა 14 სხვადასხვა კანონში და გააუქმა სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობა საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
  • ამავე დღეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით „უცხოურ ძალებს“ აეკრძალათ აუდიო-ვიზუალური მაუწყებლების პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსება ან მათგან მომსახურების შესყიდვა, ხოლო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გაეზარდა უფლებამოსილება, გასცეს გაფრთხილებები, დააკისროს ჯარიმები და შეაჩეროს ან გააუქმოს ლიცენზიები.
  • კომისარი აღნიშნავს, რომ ცვლილებები ეტაპობრივად შევიდა „გრანტების შესახებ“ კანონშიც.
  • კომისარი აღნიშნავს, რომ პარალელურად, ცვლილებები შეეხო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონსაც;
  • ასევე ცვლილება შევიდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში;
  •  „ამასთანავე, გამართული პროტესტებთან დაკავშირებით პარლამენტმა მოკლე ვადებში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სახალხო დამცველთან კონსულტაციების გარეშე, მიიღო რამდენიმე კანონი, რომლებმაც მკაცრად შეზღუდეს შეკრების თავისუფლება“.

საიას ცნობით, „კომისარი მიიჩნევს, რომ ჯანსაღი დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლისა და ფუნქციონირების ეფექტიანი ხელშეწყობა“.

„მათი გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები დაცული უნდა იყოს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს მხარდაჭერისა და შენარჩუნების ვალდებულება, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ საქმიანობა, უმაღლეს დონეზე კიდევ ერთხელ დადასტურდა 2023 წლის მაისის რეიკიავიკის დეკლარაციაშიც. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. ამიტომ კომისარი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორისთვის თავისუფალი და უსაფრთხო სამუშაო გარემო“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.