ახალი ამბები

ცესკომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა უცხოეთში საარჩევნო უბნების დამატებაზე

26 სექტემბერი, 2024 •
ცესკომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა უცხოეთში საარჩევნო უბნების დამატებაზე

ცესკომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატების შესახებ.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების საკითხი ცესკოს სხდომაზე დღეს, 26 სექტემბერს, განიხილეს. ცესკოში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ დააყენა მოთხოვნა, რომ ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა უბნების გახსნა მოითხოვეს, დაუყოვნებლივ გაიხსნას, რადგან მისი განცხადებით, ყველა მოთხოვნა აკმაყოფილებს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნას.

უცხოეთის იმ ქალაქებს შორის, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვდა, არის: ბოსტონი, ლოძი, ტორონტო, ანტვერპენი,მაიამი, შტუტგარტი, ვალენსია, ჰამბურგი, ნეაპოლი და სხვები.

ცესკოს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ცესკომ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 60 საარჩევნო უბნის გახსნა გადაწყვიტა.


ქართველი ემიგრანტები გასული წლიდან მოყოლებული ითხოვდნენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაეხსნათ უცხოეთის იმ ქალაქებში,  სადაც აქამდე არ ყოფილა. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებდნენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიდნენ, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობდა.

Როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნება ანუ ძირითადად ამა თუ იმ ქვეყნის დედაქალაქში.

ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დედაქალაქებისაგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი