საზოგადოება

“ოცნების” კიდევ ერთი გადაწყვეტილება რუსული “შპარგალკიდან”

11 სექტემბერი, 2024 •
“ოცნების” კიდევ ერთი გადაწყვეტილება რუსული “შპარგალკიდან”

საგრანტო პროგრამის ანალოგი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის “ოცნება” დაჰპირდა ამომრჩევლებს 2025 წლისთვის, პუტინმა 2017 წელს შექმნა და მას სამოქალაქო სექტორის განვითარების საგრანტო ფონდი ჰქვია. რუსეთის პრეზიდენტმა ეს ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდველი კანონის მიღების შემდეგ დააარსა. ასეთივე, რუსული კანონის მიღების შემდეგ დაანონსა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო საგრანტო პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

ვის დააფინანსებს “ოცნება” სინამდვილეში? 

ირაკლი კობახიძემ 9 სექტემბერს თქვა, რომ  დაიქირავებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, “რომლებიც ჩაუღრმავდებიან ნებისმიერ პრობლემას, მათ შორის, ხელისუფლების სტრუქტურებში”. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მისი, როგორც მთავრობის მეთაურის, ინტერესიცაა.

კობახიძის ინფორმაციით, “ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, ანუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან” დაფინანსდებიან ის ორგანიზაციებიც, რომლებიც რუსული კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ბაზაში “უცხოური ინტერესების გავლენის გამტარებად” დარეგისტრირდებიან. რაც შეეხებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსულ კანონს არ ემორჩილებიან – კობახიძის თქმით, ისინი სამთავრობო ფონდით არ უნდა დაინტერესდნენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ  2025 წლიდან ქვეყანაში უნდა არსებობდეს მთავრობის დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ოფიციალურად უცხოეთის ინტერესების გავლენის გამტარის სტატუსი ექნებათ. 

პოლიტიკის ანალიტიკოსების შეფასებით, “ქართულ ოცნების” მიზანია რეალური სამოქალაქო სექტორის ჩანაცვლება მათ მიერ კონტროლირებული ფსევდოსამოქალაქო ორგანიზაციებით. ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა მას შემდეგ, რაც კრემლმა არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის საბაბით მათი საქმიანობის შემზღუდავი რეპრესიული კანონი მიიღო.

ოპოზიცია ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვის მცდელობად აფასებს. გარდა ამისა,  აცხადებენ, რომ ხელისუფლებას სურს ე.წ. გონგოების, ანუ მთავრობის მიერ კონტროლირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა და მათი სახელისუფლებო პარტიის სამსახურში ჩაყენება.

ე.წ. გონგოები და “რუსული შპარგალკა”

მთავრობისგან მართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს (Government-organized non-governmental organization), ანუ გონგოებს უწოდებენ ხელისუფლების ინტერესების გამტარ ორგანიზაციებს. ისინი პოზიციონირებენ როგორც დამოუკიდებელი მოთამაშეები, ქმნიან იმიტაციას, რომ ახმიანებენ სამოქალაქო საზოგადოების ხმას, სინამდვილეში კი სახელისუფლებო პარტიის პოლიტიკური დაკვეთას ასრულებენ.

ასეთი ორგანიზაციებს ძირითადად ავტორიტარული ხელისუფლებები მართავენ, რათა ქვეყანაში დემოკრატიულობის იმიტაცია შექმნან, რეალურად კი ყველაფერი თავად აკონტროლონ.

ამის პრაქტიკა არსებობს რუსეთშიც. კრემლი რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბევრი წელია აფინანსებს. თუმცა 2012 წელს, გამჭვირვალობის საბაბით რეპრესიული კანონის მიღების შემდეგ, რამაც ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის დახურვა, ან ქვეყნიდან გასვლა გამოიწვია, ამ ყველაფერმა მეტად ორგანიზებული სახე მიიღო.

2017 წელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნა ე.წ. სამოქალაქო სექტორის განვითარების საგრანტო ფონდი. ფონდი წელიწადში 2-ჯერ ატარებს კონკურსს და გამარჯვებულ ორგანიზაციებს ურიცხავს თანხებს სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად.

2025 წელს დასაფინანსებელი პროექტების კონკურსი უკვე გამოცხადებულია. ერთ-ერთი განაცხადი ფონდმა “რუსეთის სამხედრო ოჯახების კავშირისგან” მიიღო. ორგანიზაცია კრემლისგან ფულს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის”, ანუ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მონაწილეთათვის აღჭურვილობის – შემნიღბავი ბადეების დასამზადებლად ითხოვს. პროექტი სოციალური საკითხების კატეგორიაში გადის. მართალია, ეს პროექტი ჯერ არ დაფინანსებულა, მაგრამ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციაში შექმნილ ფონდს უკრაინაში ომის წამახალისებელი სხვა არაერთი პროექტი დაუფინანსებია. 

ამის საპირისპიროდ ფონდმა შეამცირა იმ ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებმაც ხელი მოაწერეს უკრაინაში ომის საწინააღმდეგო განცხადებას. მათ შორისაა “ვერას ჰოსპისი”, რომელიც პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ადამიანებს ეხმარება. გამოცემა “მედუზის” ინფორმაციით, ორგანიზაციამ საპრეზიდენტო ფონდის დაფინანსება 6-ჯერ მოიპოვა, რითაც მძიმე დაავადებების მქონე პაციენტთათვის ცხელი ხაზი შექმნა, ასევე გადაამზადა სამედიცინო პეროსნალი. მას შემდეგ, რაც ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა რამდენიმე ადამიანმა ომის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, საპრეზიდენტო ფონდს ორგანიზაცია აღარ დაუფინანსებია.

იმგვარი “სოცილაური საკითხების” გარდა, რაც უკრაინაში ომისთვის საჭირო აღჭურვილობის შექმნაა, ფონდის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ აფინანსებენ პროექტებს რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების, ოჯახების ხელშეწყობის შესახებ. პოლიტიკის ანალიტიკოსი, ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ ამით რუსეთში ალტერნატიული სამოქალაქო სექტორის შექმნა უნდოდათ.

“საკმაოდ დიდი გრანტები გაიცემა იქ. შეიქმნა მთელი წყება ორგანიზაციების, რომლებიც ფინანსდება. მათ შორის არიან ბლოგერები, რომლებიც ახლა მხარს უჭერენ უკრაინაში ომს. მათ შორის არის ორგანიზაციები, რომლებიც ვითომ ადამიანის უფლებების იცავენ. პოლიტიკა ჰქონდათ, რომ პარალელური სამოქალაქო სექტორი შეექმნათ, მაგრამ მათი გავლენა საზოგადოებაზე ნულის ტოლია.

ეს არ ესმის ჩვენს მთავრობას. თუმცა იგივე გზით მიდიან. თითქოს “შპარგალკა” უდევთ – რაც გააკეთეს რუსებმა, ზუსტად იმავეს აკეთებენ. კობახიძის ახლანდელი გამოსვლები რომ ნახოთ და შეადაროთ რუსი ჩინოვნიკების განცხადებებს, როცა იქ ეს პროცესები იწყებოდა, ერთი ერთშია დასაბუთებები”, – ამბობს მელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, ვარაუდი, რომ მსგავსი ფონდი საქართველოშიც შეიქმნებოდა, ჯერ კიდევ შარშან გაუჩნდა – მაშინ, როცა “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველად დააინიციირა.

რატომ არის “ოცნების” ინიციატივა რუსული პრაქტიკის გაგრძელება

ირაკლი კობახიძემ არასამთავრობოების დასაფინანსებელი საგრანტო პროგრამის წარდგენისას თქვა, რომ “ეს ნორმალური პრაქტიკაა”.

მართლაც, სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო სექტორისა თუ მედიის დაფინანსება, თავისთავად, პრობლემა არ არის. ოღონდ, ეს პრაქტიკა რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო იყოს, გარკვეულ დათქმებს უნდა ეფუძნებოდეს: ქვეყანაში დემოკრატიის მაჩვენებელი უნდა იყოს მაღალი, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობა უნდა იყოს თავისუფალი და უსაფრთხო, გრანტების განაწილების სისტემა ობიექტური, მიმღები ორგანიზაცია კი პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი.

მარტივად რომ ვთქვათ, არ უნდა იყოს რისკი იმისა, რომ სახელმწიფოსგან მიღებულ ფულს პარტიული ინტერესი მოჰყვება.

ამავე თემაზე: რატომ [არ] მოჰყვება ივანიშვილის ქველმოქმედებას “ინტერესი”?

პოლიტოლოგი გია ნოდია გამორიცხავს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კულტურისა და მმართველობის პირობებში მთავრობისგან დაფინანსებული ორგანიზაცია პარტიული გავლენებისგან თავისუფალი იყოს.

გია ნოდია

გია ნოდია

“ცხადია, ასეთი დაფინანსება გულისხმობს ზოგადი ღირებულებების თანხვედრას: მაგალითად, დონორიც და გრანტის ამღებიც შეთანხმებული უნდა იყოს, რომ დემოკრატია კარგია, ადამიანის უფლებები კარგია და ა.შ. მაგრამ ეს არ ნიშნავს ვინმეს პოლიტიკური ინტერესების გატარებას. ზოგადი პრინციპის დონეზე, თუ ეს ლოგიკა მუშაობს ამერიკის ან გერმანიის მთავრობის მიმართ, ის შეიძლება მუშაობდეს საქართველოს მთავრობის შემთხვევაშიც. მაგრამ რეალურად ეს ასე ვერ იქნება.

რუსეთის ან ჩვენი მთავრობები, რომლებიც “უცხო ქვეყნის აგენტის” კანონებს იღებენ იმ ფორმით, რითაც იღებენ (არ აურიოთ ამერიკულ Fara-სთან, რომელსაც რუსული კანონი მხოლოდ გარეგნულად ჰგავს), ამოდიან ვარაუდიდან, რომ თუ რომელიმე ქვეყნის ბიუჯეტიდან წამოსულ ფულს იღებ, ესე იგი ამ ქვეყნის დავალებას ვასრულებ. სხვაგვარად ვერ წარმოუდგენიათ. რაკი მათ ასე სწამთ, ესე იგი მოლოდინი ექნებათ, რომ ქართული არასამთავრობოები, რომლებიც მათგან ფულს აიღებენ, მათ მიმართ პოლიტიკურად ლოიალურები იქნებიან და მათ დავალებებს შეასრულებენ”, – წერს ნოდია სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სახელმწიფოსგან მიღებული ფულით ისეთი საქმის კეთება, რომელიც აპრიორი ხელისუფლების ინტერესების გატარებას არ გულისხმობს, მხოლოდ ისეთ ქვეყანაშია შესაძლებელი, “სადაც გამჯდარია პლურალისტური დემოკრატიული კულტურა, სადაც იციან განსხვავება სახელმწიფოსა და მთავრობას შორის”.

ირაკლი მელაშვილიც კონტექსტსა და  არსებულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მიზანი მისგან დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურებაა.

“მე დავუშვებდი იმას, რომ მთავრობა ამას კეთილი ზრახვებით აკეთებს, თუკი ეს ფონდი იმუშავებდა სხვა, მისგან დამოუკიდებელი დონორების პარალელურად. როდესაც შენ ებრძვი დაფინანსების ყველა სხვა მექანიზმს, სხვისგან დაფინანსებულ ყველა სუბიექტს აგენტს ეძახი, ბუნებრივია, ჩნდება ძალიან დიდი ეჭვი, რომ გინდა არსებობდეს მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებიც შენზე იქნება დამოკიდებული. ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ გინდა, შენგან დამოუკიდებელი ორგანიზაციები ჩაძირო.

აქედან ვაკეთებ მე ამ დასკვნას, თორემ ევროპაშიც და მთელ მსოფლიოშიც, უამრავ ქვეყანაში არის სახელმწიფო გრანტების სისტემა, რომელიც უამრავ სფეროში მოქმედებს. მათ შორის სამოქალაქო აქტივიზმის სფეროშიც, და ჩვეულებრივი ამბავია, რომ ორგანიზაციები მიდიან და იღებენ ამ გრანტებს”, – ამბობს მელაშვილი “ნეტგაზეთთან”.

ირაკლი მელაშვილი

გარდა ქვეყნის პოლიტიკური კულტურისა და დემოკრატიულობის ხარისხისა, ყურადსაღებია, რა ტიპის პროექტები შეიძლება დაუფინანსოს მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციას. როცა საუბარია სერვისების გამცემ ან კვლევით ორგანიზაციაზე, შესაძლოა გაცემული გრანტის პოლიტიკურად მოტივირებულობის რისკი ნაკლები იყოს. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაცია მუშაობს საარჩევნო, ან კორუფციის საკითხებზე?

სწორედ კორუფცია მოიყვანა მაგალითად პრემიერ-მინისტრმა ამ პროგრამის წარდგენისას. კობახიძე ამტკიცებს, რომ მისი პრემიერობის პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის შესამცირებლად, თუმცა საბოლოოდ აღმოსაფხვრელად არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვს.

“მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, იმისათვის დავაფინანსებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დამეხმაროს სამთავრობო სტრუქტურებში, სახელისუფლებო სტრუქტურებში კორუფციის შემცირებაში და აღმოფხვრაში”, – განაცხადა კობახიძემ.

2022 წელს შექმნილ ანტიკორუფციული ბიუროს დეკლარირებული მისია, სახელმწიფოს ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრასთან ერთად, ცალკეულ თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგია. თუმცა უწყება მუდმივად იმსახურებს კრიტიკას იმის გამო, რომ სათანადო ყურადღებას არ აქცევს მაღალი თანამდებობის პირთა შესაძლო კორუფციულ საქმიანობას. მაგალითად, ბიუროს არაფერი უთქვამს 2023 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებაზე.

გარდა ამისა, მას არ აქვს გამოძიების უფლებამოსილება, რაც, სფეროს ანალიტიკოსების შეფასებით, ვერ უზრუნველყოფს მისი მუშაობის ეფექტიანობას. გასულ წელს ვენეციის კომისიამ ბიუროს მუშაობა შეაფასა, სადაც აღნიშნულია, რომ “ამჟამინდელი ინსტიტუციური ჩარჩო არ უზრუნველყოფს ბიუროს სათანადო დამოუკიდებლობას”.

პრობლემურად ფასდება ისიც, რომ ბიუროს ხელმძღვანელს პირდაპირ პრემიერ-მინისტრი ნიშნავს. შედარებისთვის – აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტი ამტკიცებს. ამჟამად ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანიშნული რაჟდენ კურპაშვილი. მისი მრჩეველი “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენი ვასილ ბაბლუანია.

ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული ანტიკორუფციული სუბიექტები შიდაპარტიული დაპირისპირებებისას გამოყენებული მექანიზმი შეიძლება გახდეს.

“ანტიკორუფციული ორგანიზაციები, ამ შემთხვევაში, გახდება ხელისუფლებაში მყოფი იმ ადამიანების მოშორების ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც პირველ პირს არ მოსწონს. ვთქვათ, ანტიკორუფციული გამოძიება ვიღაცა მინისტრზე, რომლის მოშორებაც უნდათ. ასეთები ხდებოდა საქართველოში, სიახლე არა არის, მაგრამ ახლა ამას მიეცემა სისტემური ხასიათი”, – ამბობს მელაშვილი.

რაში სჭირდება “ოცნებას” არასამთავრობოების დაფინანსება

ირაკლი მელაშვილი განხილავს რამდენიმე მიზეზს, რის გამოც “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონის მიღების შემდეგ საქმიანობა კვლავ რუსული პრაქტიკით გააგრძელა:

ე.წ. გონგოების შექმნა-დაფინანსებისა და ამით ალტერნატიული, მთავრობის მიერ კონტროლირებული სამოქალაქო სექტორის შექმნის სურვილზე უკვე ვისაუბრეთ. დასაშვებია ისიც, რომ “ქართული ოცნება” შეეცდება რიგი ორგანიზაციების გადაბირებას – “გაიზრდება იმ ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც იძულებული გახდებიან ლოიალობა შეინარჩუნონ მთავრობის მიმართ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იქნება მათთვის ერთადერთი შანსი, მიიღონ დაფინანსება და გააგრძელონ მუშაობა”.

რატომ დააანონსა კობახიძემ არასამთავრობოების დაფინანსება წინასაარჩევნო პერიოდში?

მელაშვილი ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას” ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის კიდევ ერთი არგუმენტის შექმნა სურს:

“მთავრობას გათვლა აქვს იმაზე, რომ ოპოზიცია ამ ინიციატივას დაარტყამს და იტყვის, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, რომ ეს არადემოკრატიულია, მოსყიდვაა. მთავრობის პოზიცია იქნება ასეთი – ხომ ხედავთ, ეს ხალხი ამდენი ხანი გეუბნებოდათ, რომ ამ კანონის მიღებით მთავრობა ფულს გაკარგვინებთ, აღარ გექნებათ უზრუნველყოფილი მუშაობის საშუალება. აი, ჩვენ გაძლევთ ამ ფულს, ოპოზიცია კი წინააღმდეგია, რომ თქვენ ეს ფული მიიღოთ და მუშაობა განაგრძოთ. ეს ტრიუკი ძირითადად გათვლილი იქნება რეგიონებში მომუშავე პატარა ორგანიზაციებზე”.

მელაშვილის თქმით, ცალკეული ამოცანები, რის მიღწევასაც შეეცდება “ოცნება” ამ ინიციატივით, საბოლოო ჯამში, ერთ მიზანში ერთიანდება – “არ არსებობდეს ქვეყანაში დაფინანსება, რომელსაც ისინი ვერ გააკონტროლებენ”.

“არანაირი მორალი, ლოგიკა და ასეთი რაღაცები მათ არ აინტერესებთ. ერთადერთი ლოგიკა არის – ქვეყანაში მაქსიმალურად შეამცირონ და თუ შესაძლებლობა ექნებათ, საერთოდ შეწყვიტონ ნებისმიერი მათგან უკონტროლო ფულის არსებობა. შესაბამისად, არ დაუშვან ქვეყანაში მათი კონტროლის გარეშე არსებული ორგანიზაციების არსებობა.

გადაიხდიან 100 მილიონსაც, 200 მილიონსაც, 300 მილიონსაც, რომ “გონგო” ენჯეოები გაამრავლონ, შექმნან ფსევდოსამოქალაქო ორგანიზაციების სიმრავლე. ამით ეცდებიან შექმნან ის ილუზია, რომ სამოქალაქო სექტორი კი არ მომკვდარა, პირიქით, ჩვენ ვავითარებთ სამოქალაქო სექტორს. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება მათი კონტროლის ქვეშ. ეცდებიან ჩაანაცვლონ რეალურად დამოუკიდებელი მოთამაშეები, აი, ამ ბაზარზე”, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მომდევნო ორი თვის გამავლობაში მომზადდება პროგრამისთვის საჭირო ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები, პირველი პროექტები და 2025 წლიდან დაფინანსდება. მას არ დაუკონკრეტებია, რა თანხის გამოყოფა იგეგმება პროგრამისთვის. მოგვიანებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ დასაწყისისთვის საუბარია 200-მილიონიან ბიუჯეტზე, რომელიც საჭიროების შესაბამისად გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი