საზოგადოება

ვენეციის კომისიამ ანტიკორუფციულ ბიუროზე შეფასება გამოაქვეყნა

19 დეკემბერი, 2023 • 1087
ვენეციის კომისიამ ანტიკორუფციულ ბიუროზე შეფასება გამოაქვეყნა

დღეს, 19 დეკემბერს, ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ მიღებული კანონის შეფასება. ამის გაკეთება კომისიას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 22 სექტემბერს სთხოვა.

შეფასებაში კომისია ხაზს უსვამს, რომ მსგავსი უწყებებისთვის ფუნდამენტურ საჭიროებას წარმოადგენს „დამოუკიდებლობა სტრუქტურული და ოპერაციული ავტონომიის ადეკვატური დონით და ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომლის მიზანიცაა პოლიტიკური ან სხვა გავლენის პრევენცია“. ამ საჭიროებასთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს:

„კანონის ახალი მუხლების სხვადასხვა პოზიტიურ ელემენტს, კონკრეტულად კი ბიუროს, როგორც ცალკე სტრუქტურის, დაარსებას ფინანსური დამოუკიდებლობის მაღალი დონით“.

ამავე დროს, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ „ამჟამინდელი ინსტიტუციური ჩარჩო არ უზრუნველყოფს ბიუროს სათანადო დამოუკიდებლობას, ხოლო მისი უფლებამოსილება პოლიტიკური პარტიების ფინანსებისა და უმაღლესი დონის ოფიციალური პირების დეკლარაციებისა და ქონების მონიტორინგში ითხოვს დამატებით დაცვით მექანიზმებს [უწყებისთვის]“.

გარდა ამისა, კომისიაში „პრობლემურად“ მიიჩნევენ იმას, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა/მოხსნა „დიდწილად პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაშია“.

უწყების დამოუკიდებლობის ზრდისთვისა და მისი პოლიტიკურად ნეიტრალურად აღქმისთვის კომისია გამოდის შემდეგი რეკომენდაციებით:

  • ბიუროს ხელმძღვანელი დაინიშნოს სხვადასხვა პარტიის მხარდაჭერით, საპარლამენტო კვალიფიციური უმრავლესობით ან სხვა მსგავსი მექანიზმით, მაგალითად, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური ფრაქციების უმრავლესობის მხარდაჭერით;
  • ბიუროს ხელმძღვანელის დროზე ადრე გადაყენების გადაწყვეტილების მიღება შეეძლოს არა პრემიერ-მინისტრს, არამედ პარლამენტს;
  • კანონში ცვლილების შეტანას და გადაყენების მიზეზის – „ვალდებულებების შეუსრულებლობის“ შეზღუდვა, რათა ამ დებულებამ მოიცვას მხოლოდ მოვალეობის შესრულების ფიზიკური თუ მენტალური უნარიანობის არქონა; ასევე, ხელმძღვანელის მიერ დანაშაულის ჩადენის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და თანამდებობასთან შეუსაბამობის მუხლების კონკრეტიზაცია-ახსნა;

აგრეთვე, დასკვნაში არის სხვა რეკომენდაციებიც:

  • პარლამენტმა განიხილოს ბიუროს ხელმძღვანელისთვის და მისი მოადგილეებისთვის ფუნქციური იმუნიტეტის მინიჭება;
  • გაზარდოს პროფესიონალური კვალიფიკაციის მოთხოვნები ბიუროს ხელმძღვანელისთვის;
  • ახსნას ოფიციალურ პირთა ნარკოტიკულ საშუალებებზე აუცილებელი ტესტირების პუნქტები და ხელმძღვანელის შემოწმების საკანონმდებლო აუცილებლობა, ან/და სრულიად ამოიღოს ეს პუნქტი კანონიდან;
  • მიიღოს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბიურო ატარებს დეკლარაციების შინაარსობრივ გადამოწმებას და ამხელს „აუხსნელი წარმოშობის ქონების“ ქონის შემთხვევებს და ინტერესთა პოტენციურ კონფლიქტებს;
  • უფრო ნათლად განმარტოს უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს როლი, უზრუნველყოს, რომ საბჭოსა და ბიუროს ფუნქციები ერთმანეთს არ ემთხვევა, რომ ბიურო არაა ანგარიშვალდებული საბჭოს წინაშე და განიხილოს ბიუროს მიერ საკუთარი მრჩეველთა საბჭოს დაარსების იდეა.

ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის ბოლოს შეიქმნა და მას პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული პირი ხელმძღვანელობს. შედარებისთვის, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტი ამტკიცებს.

ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებში შედის ქონებრივი დეკლარაციების შევსების მონიტორინგი და ასევე პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის შემოწმება.

ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება და მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გადაჭრა ევროკომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციაა. თუმცა ანტიკორუფციულ ბიუროს  საგამოძიებო უფლებამოსილება არ აქვს და  კორუფციული დანაშაულის გამოძიების ფუნქცია კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის ქვეშ რჩება.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭების გარეშე ანტიკორუფციული ბიურო ვერ შეძლებს მაღალი დონის კორუფციასთან ეფექტურ ბრძოლას, რასაც ევროკომისია ითხოვს.

მათივე შეფასებით, პრობლემურია ასევე ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესი, რადგან პრემიერ-მინისტრის მიერ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციის რეალურ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელი წინაპირობაა მისი ეფექტიანი მუშაობისთვის და ასევე წარმოადგენს ევროკომისიის მოთხოვნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი