პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები თანმდევ კანონპროექტებთან ერთად მესამე მოსმენით განიხილა და მხარი 78 ხმით დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
კანონპროექტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა თავის უფლებამოსილებათა ფარგლებში, რისთვისაც:
- შეიმუშავებს წინადადებებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით და წარუდგენს მათ საქართველოს პარლამენტს;
- შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით კოორდინაციას უწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას;
- ზედამხედველობას უწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულებას და მათი შესრულების მიზნით შეიმუშავებს სათანადო წინადადებებს და გასცემს სათანადო რეკომენდაციებს;
- იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას, ამ სფეროსთან დაკავშირებით საქართველოს და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მათ სამართალსა და სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს;
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის, სათანადო საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას;
- წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებში შემავალი საკითხების შესახებ, ხოლო თავისი ინიციატივით ან ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საბჭოს მოთხოვნით ანტიკორუფციულ უწყებათაშორის საბჭოს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშებს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებებში შემავალი საკითხების თაობაზე.
საკანონმდებლო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის დროს ანტიკორუფციულ ბიუროს დამატებით ერთ-ერთ ფუნქციად განესაზღვრება პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგისა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება.
შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან და საჯარო სამსახურის ბიუროდან ეს ფუნქციები გადაცემა ანტიკორუფციულ ბიუროს.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უფლებამოსილების 6 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ კანდიდატთაგან, რომლებსაც კონკურსის წესით შეარჩევს სახელმწიფო უწყებების (მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის) და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა არ პასუხობს ევროკომისიის რეკომენდაციას.
მათი განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან მე-4 ქვეყანას სთხოვს: „გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც გააერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების მკაცრად განხილვის მიზნით; აღიჭურვოს ახალი, „სპეციალური საგამოძიებო სამსახური“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური“ მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და უზრუნველყოფილ იქნას მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა“.
ანტიკორუფციული ბიუროს კანონპროექტი არ პასუხობს EU-ს რეკომენდაციას — TI