„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა 13 აგვისტოს დღის 12 საათიდან შიმშილობა დაიწყეს.
ამის შესახებ გაფიცულებმა ნეტგაზეთს ჯერ კიდევ 2 აგვისტოს უთხრეს, რომ შიმშილობას არ გამორიცხავდნენ. 8 აგვისტოს კი დააანონსეს კიდეც დღევანდელ დღეს შიმშილობის დაწყება.
„რამდენჯერმე შევცვალეთ პროტესტის ფორმა. ბოლოს იყო სოლიდარობის ჯაჭვი – თავიდან წარმატებულად მუშაობდა, მაგრამ შემდგომ გაუფიცავი და გაფიცული დასაქმებულის დაპირისპირება მოახერხა რაღაც დონეზე. აქედან გამომდინარე, ვცვლით ფორმას და ვაანონსებთ შიმშილობას. ადგილი იქნება მექანიზაციის ქუჩაზე, ევოლუშენთან. დროის შესახებ წინასწარ გაცნობებთ“, – განაცხადა მაშინ ერთ-ერთმა გაფიცულმა.
როგორც აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“ აცხადებს, თანამშრომლების გაფიცვაც და შიმშილობა უვადოა.
შიმშილობას სამმა გაფიცულმა თანამშრომელმა მიმართა, თამარ ანსიანმა, მახარე პატაშურმა და ლუკა ნადირაძემ.
პროფკავშირში ამბობენ, რომ შიმშილობის დაანონსების პარალელურად, კომპანიამ არაიდენტიფიცირებადი პირების მობილიზება მოახდინა და ისინი გაფიცულების მიმართ აგრესიული და პროვოკაციული ქცევით გამოირჩევიან.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია კომპანიის ძალადობრივ და პროვოკაციულ ქმედებებზე და არ დაუშვან 18-25 წლის დასაქმებულების შიმშილობა.
სრულ პასუხისმგებლობას მომავალში განვითარებულ მოვლენებზე ვაკისრებთ „ევოლუშენ ჯორჯიას“ ადმინისტრაციას, რომელიც ცდილობს დაშინებით, მუქარით, პროვოკაციებით, ტყუილით, შანტაჟითა და დაპირისპირების მცდელობით დასაქმებულთა დაშინებას, ცემას, და ასევე – ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია, დაიცვას ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები კომპანიისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს შეურაცხყოფს, ემუქრება და გაუსაძლის შრომის სტანდარტებს უწესებს“, — წერდა პროფკავშირი შიმშილობის დაწყების წინა ღამეს.
შიმშილობის დაანონსებიდან მეორე დღეს, 9 აგვისტოს, „ევოლუშენ ჯორჯიამ“ განცხადება გაავრცელა და პროფკავშირს არამართლზომიერ ქმედებებში დასდო ბრალი, რასაც, კომპანიის თქმით, კომპანიის შეფერხება, ბიზნესპარტნიორების დაზარალება მოჰყვა. შედეგად კი „ევოლუშენმა“ დააანონსა 1000 ადამიანის შემცირება და საოპერაციო საქმიანობის ნაწილის სხვა ქვეყნებში გადატანა.
საქართველოს შრომის კოდექსის 49-ე მუხლი (მასობრივი დათხოვნა) მიუთითებს, რომ მასობრივია დათხოვნა, რომელიც, „ევოლუშენის“ შემთხვევაში შეეხება დასაქმებულთა არანაკლებ 10 პროცენტს, იმ ორგანიზაციაში, რომელშიც დასაქმებულთა რაოდენობა 100-ზე მეტია. ამასთან, ორგანიზაცია ვალდებულია მოლაპარაკებები აწარმოოს დასაქმებულთა გაერთიანებასთან, დასაქმებულებთან; დათხოვნამდე 45 კალენდარული დღით ადრე შეტყობინება გაუგზავნოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
როგორც პროფკავშირ „ლაბორს“ სამინისტროდან წერილობით დაუდასტურეს, კომპანიას თანამშრომელთა დათხოვნის შესახებ მინისტრისთვის არ მიუმართავს.
„შიმშილობას იწყებენ გაფიცული ახალგაზრდები სწორედ იმიტომ, რომ კომპანია უარს ამბობს მოლაპარაკებებზე. ეს არის დასაქმებულების მიმართ უკიდურესად არაცივილური, არაჰუმანური დამოკიდებულება. პროფკავშირი ისევ და ისევ მოუწოდებს დამსაქმებელს მოლაპარაკებებისკენ“, — აცხადებს „ლაბორი“.
„ევოლუშენ ჯორჯია“ არის აზარტული თამაშების დისტანციური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. მხოლოდ საქართველოში კომპანიას 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს. თანამშრომელთა ნაწილმა დააფუძნა პროფესიული კავშირი „ევო-კავშირი“.
12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. პროფკავშირის ინფორმაციით, გაფიცულია ათასობით თანამშრომელი. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია. მათ პირველ რიგში, ანაზღაურების ზრდა სურთ. გარდა ამისა, გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, დისკრიმინაციისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულებებისგან თავისუფალ გარემოს.
ამ უკანასკნელზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინები, სავარაუდოდ, “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტის საერთო ჩატიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან.
ნახეთ ასევე:
მუშაობა წაქცევამდე და სახიფათო სიბინძურე — რას ჰყვებიან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები