ცხოველთა დამცველი თამაზ ელიზბარაშვილი, რომელიც გუშინ, პირველ სექტემბერს დააკავეს, შიმშილობას აცხადებს.
„დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში,დიღომში“, – ნათქვამია თამაზ ელიზბარაშვილის Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თამაზ ელიზბარაშვილის მანქანა და სახლი ორი მუხლის საფუძველზე გაჩხრიკეს – მუქარის (სისხლის სამართლის 151-ე მუხლი) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების (სისხლის სამართლის 236-ე მუხლი).
სახლის გაჩხრეკისას თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, დააკავეს.
თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მას „იმედის“ თანამშრომლებმა უჩივლეს, რომლებთანაც სიტყვიერი დაპირისპირება 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში მოუვიდა. ელიზბარაშვილის თქმით, მას „იმედის“ თანამშრომლები აქეთ დაესხნენ თავს და დაემუქრნენ პოლიტიკური პოზიციების გამო.
„ერთი იარაღია [ამოღებული], რომელიც კანონიერად აქვს გაფორმებული თამაზ ელიზბარაშვილს, თავის ვაზნებით. ერთი იარაღი თავის ვაზნებით ამოიღეს. […] [იარაღს] არ ატარებდა, სახლში ედო, საუკუნეა ხელი არ მოუკიდია“, – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი მედიასთან.
ელიზბარაშვილის ადვოკატმა, ია სირანაშვილმა განაცხადა, რომ სახლის ჩხრეკისას მასზე სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს და წიხლები ჩაარტყეს.
პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.
